ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია BBC, ინტერნეტგვერდზე სვანეთის შესახებ სტატიას და ფოტორეპორტაჟს ავრცელებს.
BBC-ის სამოგზაურო რუბრიკის ჟურნალისტები - ოდრი სკოტი და დენიელ ნოლი სვანეთში მოგზაურობას აღწერენ.
ჟურნალისტი ოდრი სკოტი საქართველოს მაღალ მთებში ცხოვრებას ასე აღწერს:
„სვანეთი კავკასიის მთებში მდებარე ლეგენდარული და ბევრისთვის უცნობი კუთხეა, რომელიც უმაღლესი მწვერვალების სამშობლოა, ათასწლოვანი თავდაცვითი კოშკებით და ძლიერი მოსახლეობით, იმ ადამიანებით, რომლებიც ტრადიციებს, ცხოვრების სტილს და ენას ინარჩუნებენ. მრავალი საუკუნეა სვანები საქართველოს შორეულ ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში ცხოვრობენ.
3 დღის განმავლობაში, ზემო სვანეთის რეგიონში, 65 კილომეტრი ფეხით გავიარეთ, ჟაბეშიდან (მესტიასთან ახლოს მდებარე სოფელი) უშგულამდე. უშგული ევროპაში ყველაზე მაღალი დასახლებული ადგილია. უღელტეხილებზე ლაშქრობისას ფიზიკური დაბრკოლების წინაშე აღმოვჩნდით.
ამ ბილიკმა წარმოუდგენლი სურათი დაგვიხატა. დავინახეთ, თუ რა გამოწვევები აქვთ ადგილობრივებს, რა პრობლემები აქვს სოფლებს და როგორ იცავენ ოქროს შუალედს თანამედროვე სამყაროსა და ტრადიციებს შორის“- წერს სკოტი.
სკოტის კოლეგა დენიელ ლონი კი მესტიის მთებისკენ მიმავალ დაკლაკნილ გზებზე ჯიპით გადაადგილებაზე მოგვითხრობს.
„მესტიაში მოსახვედრად მთავარი გზა ზუგდიდან ადის. თბილისიდან სამეგრელოს ამ ქალაქამდე მატარებლით და ავტობუსით შეიძლება მოხვედრა. ზუგდიდიდან სვანეთის მიმართულებით მინიავტობუსი და ჯიპი მოძრაობს, მგზავრები ადგილობრივები და მოგზაურები არიან. დაკლაკნილი გზა მთებზე ადის, გარშემო სახიფათო კლდეებია. გზასთან მდებარე სალოცავები მოგზაურს ახსენებს, თუ რამდენად ძვირფასია მთაში ცხოვრება. მესტია-ზუგდიდის 130 კილომეტრიანი გზის დაფარვას 6 საათი სჭირდებოდა, ეს პერიოდი გზისპირა რესტორანში გაჩერებას და ადგილობრივი ხორციანი კერძის კუბდარის დაგემოვნებასაც მოიცავდა, თუმცა ბოლო პერიოდში გზა შეკეთდა და მგზავრობაც 3 სააათამდე შემცირდა“- წერს ნოლი.
ოდრი სკოტი სოფელ ადიშის ყოფამ მოხიბლა, სადაც ის ტურისტებისთვის და არა მხოლოდ მათთვის მოწყობილ სასტუმროებზე მოგვითხრობს:
„სვანეთში ბილიკების უმრავლესობა სამოგზაურო მარშრუტებში ნაჩვენები არ არის, მხოლოდ რამდენიმე ბილიკია მონიშნული. საკმაოდ ადვილია სოფლებს შორის დაიკარგო. სვანეთის სამთო ტურიზმის ცენტრში ადგილობრივი გიდი, ავგან ნავერიანი დავიქირავეთ. რაც მთავარია, ნავერიანი კულტურის სფეროში თარჯიმნად მუშაობდა და ის დაგვეხმარა გავცნობოდით რეგიონს და ხალხს, ბევრი გავიგეთ მისი ოჯახის შესახებ. ნავერიანი ამაყი სვანია. მთელი ცხოვრება ამ მთებში გაატარა.
ჟაბეშიდან 12 კილომეტრში მდებარე სოფელ ადიშში ჩავედით, სადაც ჩვენი ლაშქრობის პირველი ღამე უნდა გაგვეთენებინა. წინაწარი გაფრთხილების გარეშე ერთ-ერთ საოჯახო სასტუმროში ვაპირებდით დარჩენას. რომ გაგვერკვია, იმყოფებოდა თუ არა სახლში მასპინძელი, ნავერიანმა შენობას ბინოკლით გახედა. სვანეთის სოფლებში მდებარე საოჯახო სასტუმროების უმრავლესობას დასაძინებელი ადგილი აქვს და სტუმრებს სახლში გაკეთებული კერძებით უმასპინძლდებიან“-წერს სკოტი.
სამოგზაურო რუბრიკის ჟურნალისტი, დენიელ ნოლი აუდიტორიას სვანური კოშკის, როგორც სვანეთის სიმბოლიკის, მნიშვნელობას უხსნის.
„სვანური კოშკი ყველაზე ცნობილი სიმბოლოა სვანეთში, კოშკი დამპყრობლებთან ბრძოლაში ადგილობრივების წინააღმდეგობასთან ასოცირდება. მე-9, მე-13 საუკუნეებში აშენებულ კოშკებს როგორც დასახლებულ პუნქტებში, ასევე მიტოვებულ სოფლებშიც იხილავთ. უძველესი კოშკი ქრისტესშობამდე 1 საუკუნეში აუგიათ. კოშკებს ადგილობრივები, ბიზანტიელი და რუსი დამპყრობლებისგან თავის დასაცავად იყენებდნენ, ასევე შიდა მტრობისას. ხშირად ბრძოლა ღირსების აღსადგენად იმართებოდა. თუ პიროვნებას, ოჯახს ან გვარს შეუარაცხყოფას მიაყენებდნენ, იძულებულები ხდებოდნენ ქალები, ბავშვები და მოხუცები კოშკის პირველ სართულზე დაემალათ. მამაკაცები კი კოშკის შემაღლებულ ადგილას ადიოდნენ და პატარა სარკმელიდან მოწინააღმდეგეს ცეცხლს უხსნიდნენ. ამ პატარა ამბით ცნობილი გახდა, თუ რამდენად ხშირად ხდებოდა სისხლის აღება. საინტერესოა, რომ სისხლის აღება ძალიან იშვიათად, მაგრამ დღემდეც შემორჩა. სვანეთში უხუცესების ფუნქციაა შუამავლობა და სისხლისღვრის აცილება.“
ოდრი სკოტი ასევე მწვერვალ შხარაზე ლაშქრობასაც აღწერს:
„ჩვენი ლაშქრობის მეორე დღეს ცა მოიწმინდა და საქართველოს უმაღლესი, 5 193 მეტრი სიმაღლის მწვერვალი შხარა გამოჩნდა. სვანეთში ამინდი არაპროგნოზირებადია, დღეში რამდენჯერმე წვიმიან ამინდს მოულოდნელად ცვლის მზიანი. მთის წვერები ჯერ კიდევ ახალი თოვლითაა დაფარული. მდელოები კი ახლახანს ამწვანდა.“
დენიელ ნოლზე დიდი შთაბეჭდილება მიტოვებულმა სოფელმა ხალდემ მოახდინა, სადაც მიტოვებულ სახლებში სხვადასხვა ნივთები ჯერ კიდევ შემორჩენილია.
„ბუნებრივი იზოლაციისა და ეკონომიკური გამოწვევების გამო სვანეთში ცხოვრება ადვილი არასდროს ყოფილა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რამდენიმე სოფელი უკაცრიელი გახდა, საბჭოთა სოფლის მეურნეობა და სხვადასხვა სუბსიდიები გაქრა. ჩვენი ლაშქრობის მეორე დღეს სოფელ იპრარში გავემართეთ. გზად ჩვენმა გიდმა სოფელ ხალდეზე გაგვატარა, სადაც ნავერიანის დედა დაიბადა. მიტოვებულ სახლებში სხვადასხვა ნივთებია შემორჩენილი, მათ შორისაა საოჯახო ფოტოები. ისეთი გრძნობა გაქვს, რომ თითქოს ადგილობრივებმა სწრაფად მიატოვეს სოფელი. ზოგიერთი სახლის ფასადზე ნახატებია გამოსახული. ვიღაც მხატვარმა ლენინის პორტრეტიც დახატა. ბედის ირონიით, 1876 წელს ხალდე რუსეთის არმიას 4 თვის განმავლობაში უწევდა წინააღმდეგობას, იმ დროს რუსეთის იმპერია რეგიონზე კონტროლს აძლიერებდა, საბოლოო ჯამში რუსებმა წინააღმდეგობა გატეხეს“- მოგვითხრობს დენიელი.
ის ადგილობრივი სვანის ოცნებაზე გვიყვება, რომელსაც სურს რეგიონში ბევრი დოლარი, ევრო და ლარი შემოვიდეს, რაც ადგილობრივებს საშუალებას მისცემს, არ დატოვონ სვანეთი.
„სვანური ენა, როგორც „ლინგვა ფრანკა“ ზეპირსიტყვიერი ტრადიციით შემორჩა. ნავერიანმა სხვადასხვა ამბები მოგვიყვა, სვანეთის წარსული და დღევანდელი გამოწვევების შესახებ. ჩვენი გიდის თქმით, ბევრი ახალგაზრდა სოფელს ტოვებს და ბედს ქალაქში ეძებს. ნავერიანის ოცნებაა, სვანეთი მოგზაურთა ცენტრი გახდეს, რეგიონში ბევრი დოლარი, ევრო და ლარი შემოვიდეს, რაც ადგილობრივებს საშუალებას მისცემს, არ დატოვონ სვანეთი“- წერს ნოლი.
ოდრი სკოტი ამბის თხრობას უშგულით ამთავრებს და ხაზს უსვამს, რომ ის ევროპაში ყველაზე მაღალი სოფელია.
„ჩვენი ლაშქრობის ბოლო წერტილი უშგულია, შხარას ძირში მდებარე ეს დასახლება 4 სოფელს აერთიანებს და ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარეობს. ამ ცნობილ სტატუსს ყველა ადგილობრივი გახსენებს. უშგული 6 თვე თოვლითაა დაფარული და აქ ჩამოსვლა ძალიან რთულია“- გვიყვება სკოტი.