ფილადელფიის (აშშ) საგარეო პოლიტიკის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის
შავიზღვისპირეთისა და ევრაზიის საკითხთა ანალიტიკოსი მაიკლ ჩეჩირე, გამოცემა „Foreign Policy“ -ში, საქართველოს შესახებ ანალიტიკურ მასალას აქვეყნებს, რომლის შემოკლებულ ვერსიას საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ:
უკრაინა რუსეთის ერთადერთი მიზანი არაა. მოსკოვის გამაფრთხილებელი სიგნალები შესაძლოა ყველაზე მეტად საქართველოსკენაა მიმართული, რომელიც დასავლეთის ერთგული ევროატლანტიკური კურსის მქონე პარტნიორია. საქართველოს პროდასავლური პოლიტიკური ნება დიდხანს იყო ქვეყნის საგარეო პოლიტიკის სავიზიტო ბარათი. რუსეთის სამხედრო ავანტიურიზმის მოწინააღმდეგე საქართველომ სწრაფად მოძებნა მოსკოვის რეგიონული დომინანტობიდან გაქცევის გზა, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მისწრაფებით და მოიპოვა რეპუტაცია, როგორც ენთუზიაზმით სავსე და სანდო დასავლელმა პარტნიორმა. დასავლეთის სიმშვიდე, რუსეთის მხრიდან ტერიტორიული აგრესიის პირობებში, ეფექტის მოხდენას ახლა იწყებს.
მაშინ როდესაც საქართველო ათწლეულების განმავლობაში რუსეთის მხრიდან ზეწოლას განიცდიდა, როდესაც რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული და ეთნიკური წმენდის შედეგად 300 ათასი ადამიანი იძულებით დევნილად და ლტოლვილად იქცა, საქართველოში გარკვეულ ჯგუფებს ებადებათ კითხვა - შეინარჩუნონ თუ არა ასეთ სიტუაციაში დასავლეთთან კავშირები და ღირს თუ არა ამის გაკეთება მომავალშიც. ფაქტია, რომ რაც დრო გადის, ამ საკითხზე სულ უფრო მეტი ქართველი ფიქრობს.
არსებობენ რუსული მიმართულების მქონე ჯგუფები, რომლებიც მოსახლეობის ცნობიერებაზე გავლენას ახდენენ. ისინი აქციებს მართავენ თბილისის ქუჩებში, აწყობენ კარგად დაფინანსებულ მიტინგებს არჩევნების წინ... ფაქტები აჩვენებენ, რომ რუსეთის გავლენა საქართველოში შესამჩნევად მატულობს და ძლიერდება.
მაგრამ ვაშინგტონში გამართული მრგვალი მაგიდების და ჩატარებული დისკუსიების დროს დასავლელ ჩინოვნიკებს არ სჯერათ რუსული პროპაგანდის შესაძლებლობა, ცდილობენ შეამცირონ იმ პრორუსული პოლიტიკის რისკები, რომელიც საქართველოში ფესვებს იდგამს. ამ თვითკმაყოფილების მიზეზი ისაა, რომ შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებული საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისა და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტების მიერ ჩატარებული რეგულარული გამოკითხვები სტაბილურად აჩვენებდა, რომ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას მოსახლეობის 60-70% მხარს უჭერს. შესაბამისად, მთავრობის პროდასავლური პოლიტიკაც ამით იყო გამართლებული.
ამრიგად, თითქოსდა საქართველოს მოსახლეობის ფართო ნაწილი მხარს უჭერს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, მაგრამ რამდენად ღრმაა ეს მხარდაჭერა? ისინი, ვინც რიგით ქართველებთან მეტი დრო აქვთ გატარებული, ამბობენ, რომ რეალობა სულ სხვანაირია. მაგალითად, ქართულ „საპნის ოპერაში" - სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" არის ერთ-ერთი ასეთი სცენა: ქორწილის დროს გამოაცხადებენ, რომ საქართველომ მიიღო „MAP"-ი („ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა"). ამას დარბაზში მყოფები ოვაციებით ხვდებიან, ერთმანეთს ულოცავენ, თუმცა ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც ასევე ზეიმობს და ტაშს უკრავს, მოულოდნლად მეორე მოქეიფეს მიუბრუნდება და ეკითხება: რა არის „map"-ი?
ეს სცენა საკმაოდ კარგად გამოხატავს ქართველთა ცნობიერებაში შექმნილ ვითარებას, რომელიც მკაცრ სიმართლეს გვაჩვენებს: ქართული საზოგადოებისათვის დასავლური „ნავთსაყუდელისადმი" მხარდაჭერას უფრო მეტად ემოციური ხასიათი აქვს და ის კარგად გაცნობიერებული არ არის. ჩატარებული გამოკითხვების ციფრები ყველაფერს არ გვეუბნება. თუ ჩვენ მათში უფრო ღრმად ჩავხედავთ, საგანაგაშო სურათს დავინახავთ.
გასული წლის აგვისტოში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით, დასავლეთთან ინტეგრირების საკითხი ქართველებისათვის უკეთეს შემთხვევაში მესამეხარისხოვანი აღმოჩნდა. პირველ რიგში რესპოდენტებს დასაქმების პრობლემა (63%) და სიღარიბე (32%) აწუხებდათ. ყველაზე შემაშფოთებელია , რომ მოსკოვის ინიციატივით შექმნილ ევროკავშირის „ალტერნატივაში" - ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებას მხარს თანდათან უფრო მეტი ადამიანი უჭერს: მოსახლეობის 20%. ეს მაჩვენებელი 2013 წლის მონაცემებთან შედარებით 2014 წლის შუა პერიოდამდე 11-დან 16 პროცენტამდე გაიზარდა.
ვინ არიან ის ქართველები, რომლებსაც, ალბათ, თავიანთი ქვეყნის სუვერენიტეტის დათმობა შეუძლიათ იმ ქვეყნის სასარგებლოდ, რომელიც ფოლადის ხელებითაა ჩაჭიდებული საქართველოს ტერიტორიებს და სხვა მეზობელ ქვეყნებს დაუსჯელად ართმევს მიწებს?
ამ კითხვების ნაწილზე პასუხი შეიძლება ვიპოვოთ არასამთავრობო სეგმენტში ისეთი პრორუსული ორგანიზაციების მომრავლებაში, რომლებსაც ერთი შეხედვით უსაფრთხო სახელები ჰქვიათ - „ევრაზიული ინსტიტუტი", „ევრაზიული არჩევანი" და „დედამიწა ჩვენი სახლია". ამ ორგანიზაციების წარმომადგენლებიდან ბევრი მოსკოვში დადის, სადაც, სავარაუდოდ, კრემლისაგან დაფინანსებას იღებენ. მათ მხარს უჭერენ ნოსტალგიით შეპყრობილი საბჭოური წყობის აპოლოგეტები და რუსეთის ეკლესია. ლოზუნგები „ევრაზიანიზმი" და „მართლმადიდებლური ცივილიზაცია" - ეს კრემლიდან მომდინარე პუტინიზმის გამოვლენაა.
2013-14 წლებში „ევრაზიანისტებმა" პროტესტი გამოხატეს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიმართ, რომელშიც კრძალავს დისკრიმინაციას სექსუალური ორიენტაციის გამო. ამ კანონს აპროტესტებდნენ არამარტო პრორუსული განწყობის მქონე აქტივისტები, არამედ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის კლერიკალებიც (სამღვდელოების წარმომადგენელები). ისინი თბილისის ცენტრში სექსუალურ უმცირესობათა წინააღმდეგ მებრძოლთა წინა ხაზზე იყვნენ. გარდა ამისა, ეკლესიის წარმომადგნელები ამართლებდნენ ქართველ მუსლიმანთა წინააღმდეგ თავდასხმებს და პროტესტს. ეკლესიის ლიდერები დასავლეთს „რუსეთზე უარესს" უწოდებდნენ და ზოგჯერ 2008 წლის რუსეთის შემოჭრას დასავლეთთან ინტეგრაციის წინააღმდეგ ინტერვენციად აფასებდნენ. მსგავსი ენა საქართველოს ევრაზიული არასამთავრობო ორგანიზაციების გამოძახილია.
პრორუსული ორგანიზაციების მზარდი პროფილი და მართლმადიდებელი ეკლესიის ანტიდასავლური პოზიცია სრულიად უთავსდება პრორუსული ტრიადის მესამე საყრდენის - ანტიდასავლური პოლიტიკური პარტიების გამოცოცხლებას.
2012 წელს მთავრობის ცვლილების შემდეგ საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების მიღმა მყოფი პრორუსულად განწყობილი პოლიტიკოსების რიცხვი გაიზარდა და ისინი სულ უფრო მეტად სიცოცხლისუნარიან პოლიტიკურ ძალებად იქცნენ. ერთ დროს დასავლეთის მხარდამჭერმა, ახლა პრორუსული პოლიტიკის აგიტატორმა ნინო ბურჯანაძემ შექმნა პოლიტიკური კოალიცია, რომლის მიზანს ევროატლანტიკური კონსენსუსისგან საქართველოს გაყვანა წარმოადგენდა. საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 2013 და 2014 წლებში, ბურჯანაძემ შეძლო ამომრჩეველთა 10 პროცენტის მხარდაჭერის მოპოვება. პოპულისტურმა პარტია „პატრიოტთა ალიანსმა" კი 2014 წლის ივნისის არჩევნებში 5 პროცენტი მოიპოვა. თუ ეს რიცხვები შენარჩუნდა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად შეიძლება სრულიად განსხვავებული კურსის გამტარებელი მთავრობა ჩამოყალიბდეს: პრორუსულ დეპუტატთა 15%-ის პარლამენტში გაყვანა სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ კოალიციური მთავრობის შესაქმნელად მოლაპარაკება დაიწყოს, ამის შედეგად კი საგარეო პოლიტიკისადმი ერთიანი მიდგომა დაირღვეს.
საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ალასანიას რუსეთის საკითხი აღელვებს. „არის ძალიან ბევრი აქტიური პრორუსული ჯგუფები, ასევე ათასობით ადამიანი გამოდის დასავლეთთან ინტეგრაციის წინააღმდეგ", - ამის შესახებ ახლახანს თავად ალასანიამ მითხრა. იგი წუხს, რომ საქართველოს ახლანდელი მთავრობა რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს.
ირაკლი ალასანიას პარტია „თავისუფალმა დემოკრატებმა", რომელიც ახლა საპარლამენტო ოპოზიციაშია, მმართველი „ქართული ოცნების" კოალიციის რიგები შეამცირა. „ქართულმა ოცნებამ", რომელიც თანდათან კარგავს პოპულარობას ერთ დროს იმედიანად განწყობილ ამომრჩეველში, მოახერხა, გეოპოლიტიკურ პრაგმატიზმსა და ევროატლანტიკურ ენთუზიაზმს შორის დანის წვერი გაეტარებინა. თუ ასე გაგრძელდა, 2016 წლის პარლამენტი იქნება მნიშვნელოვნად განსხვავებული დღევანდელი პარლამენტისგან. როგორც ჩანს, პროდასავლური ოპოზიციის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" 51 ადგილი ნახევრით ან მეტად შემცირდება. მის ადგილს კი დაიკავებენ ღიად ანტიდასავლური დეპუტატები ბურჯანაძის კოალიციიდან და „პატრიოტთა ალიანსიდან". თუ ეს ასე მოხდება, „ქართული ოცნება" პარლამენტში კვლავ ყველაზე მეტი რაოდენობით იქნება წარმოდგენილი, მაგრამ საკანონმდებლო ორგანოში ანტიდასავლური ჯგუფების შესვლით „ოცნების" პროდასავლური პოლიტიკის გაზავება მოხდება, უფრო მეტიც - შეიძლება უარიც კი განაცხადონ დასავლურ კურსზე, „პოლიტიკური აუცილებლობის გამო".
ეს ტენდენციები ღრმა შეშფოთებას გამოიწვევს. საქართველოც კი, რომელიც ცდილობდა, დასავლეთსა და მოსკოვს შორის ორიენტაცია გაეცალკევებინა, რუსეთის დომინანტობის მორევში ჩაეშვება, როგორც ეს მოხდა აზერბაიჯანის, სომხეთისა და ყაზახეთის შემთხვევაში. ეს კი კავკასიის რეგიონზე რუსეთის გეოსტრატეგიულ მეთაურობას, ტრანსევრაზიულ ენერგეტიკასა და სავაჭრო ბრუნვაზე რუსეთის მონოპოლიას გამოიწვევს.
თუმცა, ასეთ პირობებშიც კი არის იმის შესაძლებლობა, რომ დასავლეთმა ქართველ ლიბერალებს „მაშველი რგოლი" გადაუგდოს.
რასაკვირველია, ამ თვალსაზრისით მისასალმებელია როგორც გასული წლის ივნისში ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერა, აგრეთვე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებაც, რაც სამომავლოდ უდიდეს პოტენციალს წარმოადგენს. გარდა ამისა, საქართველოს მოქალაქეებისთვის ნამდვილი ჯილდო იქნება ევროკავშირში თავისუფალი მიმოსვლის პერსპექტივა. თუ უვიზო რეჟიმი მიმდინარე წელსვე დაწესდება, ეს იქნება დასავლეთის მიერ საქართველოსადმი გამოხატული ნდობის დადასტურება. ნატოში პირდაპირი გაწევრიანების სანაცვლოდ დასავლეთს შეუძლია საკმაოდ ძლიერი ჟესტები გააკეთოს საქართველოს მისამართით - ისეთი ჟესტის, როგორიცაა, მაგალითად, აშშ-ის მთავარი მოკავშირის სტატუსის მინიჭება (ნატოს წევრობის გარეშე). ეს იქნებოდა შედარებით უმტკივნეულო მოდერნიზაცია, ამით შენარჩუნდებოდა სტატუს-ქვო, აღიარებული იქნებოდა საქართველოს ერთგულება და მის მიერ შეტანილი წვლილი ევროატლანტიკურ სივრცეში.
ასე რომ, ნათელია - საქართველოს პროდასავლური კონსესუსისკენ მიმავალი დღეები იწურება, რუსეთის გავლენა გამოცოცხლებულია მისი პერიფერიების გასწვრივ - აღმოსავლეთ ევროპიდან კავკასიასა და ცენტრალურ აზიამდე, საქართველო კი, როგორც ჯილდო, მის დიდი ხნის სურვილს წარმოადგენს. მოსკოვი ცდილობს, რომ საქართველო ყველანაირი ხერხის გამოყენებით დაიბრუნოს.