რუსული გამოცემა «Вестник Кавказа», „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერ ნინო ბურჯანაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს.
მასალის რეზიუმეს საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ:
ქართველი პოლიტიკოსები თავიანთი მოქმედებით მოსახლეობის თვალში ევროინტეგრაციის კურსის დისკრედიტირებას ახდენენ, - განაცხადა „ვესტნიკ კავკაზას“ კორესპონდენტთან საუბარში პარტია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ. მისი თქმით, „წინა ხელისუფლებამ ჩვენს ქვეყანაში გარკვეული ტენდენციის, მიმართულების ჩამოყალიბება შეძლო: „შენ აუცილებლად უნდა იყო ნატოში გაწევრიანებისა და პროდასავლური პოლიტიკის მომხრე და იმავდროულად რუსეთიც უნდა გძულდეს“. ამ ტრენდს აქტიურად უჭერს მხარს დასავლეთი - ის წრეები, რომლებიც პირდაპირ, ღიად, აფინანსებენ საქართველოს პროდასავლურ ძალებს“, - მიიჩნევს ნინო ბურჯანაძე.
ამასთან, როგორც საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერი მიიჩნევს, „სწორედ ეს ძალები იწვევენ ყველაზე მეტად ქართული საზოგადოების ფრუსტრაციას, იმედგაცრუებას დასავლური ფასეულობებისადმი... ხალხი ყველაფერს ხედავს და ყველაფერს ამჩნევს... დღეს ჩვენი პოლიტიკოსები ერთმანეთს ეჯიბრებიან დასავლეთისაგან მხარდაჭერის, მათ შორის დაფინანსების მიღებაში. მმართველი კოალიცია და საპარლამენტო ოპოზიცია მხოლოდ იმით არიან დაკავებული, თუ რომლის ხელში იქნება „პროდასავლური დროშა“. ისინი მუდმივად ერთსა და იმავეზე ლაპარაკობენ - დასავლური კურსის გაგრძელებაზე და ნატოში გაწევრიანების აუცილებლობაზე, რადგან სხვა არაფრის წარმოდგენა არ შეუძლიათ“.
„ჩემი აზრით, საქართველოს, ჩვენს ურთიერთობას დასავლეთთან ყველაზე ძალიან სწორედ ასეთი მიდგომები ვნებს. დღეს ხალხი უკვე ამბობს: „დასავლეთმა მოგვატყუა, იმედი გაგვიცრუა და გაგვყიდა“, - თვლის ქართველი პოლიტიკოსი.
ნინო ბურჯანაძე ამას იმით ხსნის, რომ „ჩვენმა პოლიტიკოსებმა ადამიანებს სრულიად გადაჭარბებული მოლოდინი გაუჩინეს, რომ დღეს თუ არა ხვალ მაინც გავწევრიანდებით ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, რომ ევროკავშირი უვიზო რეჟიმს მოგვცემს და რომ ჩვენი მოქალაქეები თავისუფლად, ვიზის გარეშე ივლიან შენგენის ზონაში... არადა, თავიდანვე სრულიად ნათლად ჩანდა, რომ ეს ყველაფერი სრული სიცრუე იყო! ჩვენი პოლიტიკოსები ხალხს ასე პირდებოდნენ, უმტკიცებდნენ და როცა ადამიანებს საფრანგეთის პრეზიდენტისა და სხვა დასავლელი ლიდერების განცხადებები ესმით, ისინი, რასაკვირველია, აღშფოთებას გამოხატავენ“, - აღნიშნავს ნინო ბურჯანაძე.
„ქართველი პოლიტიკოსები, თავიანთი პოზიციების შესანარჩუნებლად, მოსახლეობას ატყუებენ, რითაც ხალხის წინაშე საკუთარ თავზე ძალიან დიდ პასუხისმგებლობას იღებენ, მათ შორის იმის პასუხისმგებლობასაც, რომ დასავლური ფასეულობები ქართველების თვალში მიმზიდველობას კარგავს“, - აცხადებს პარტია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი.