პარტია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი
ვალერი შოშიაშვილი, რეგიონში არსებული ნეპოტიზმისა და ნაციონალურ-ოცნებური კოჰაბიტაციის შესახებ საუბრობს.
მისი თქმით, რეგიონში კვლავ ადგილი გვაქვს უსამართლობასთან და კლანურ მმართველობასთან. საკადრო პოლიტიკა კვლავ ნაცნობ - მეგობრებით და სანათესაოების მიხედვით მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ტეტსირებები ტარდება, პროფესიონალი კადრი კვლავ უსამსახუროდ რჩება, რაც უმუშევრობის სტატისტიკას უფრო ზრდის.
ვალერი შოშიაშვილის განცხადებით, საჯარო სამსახურები 2012 წლიდან დღემდე ნეპოტიზმით კომპლექტდება, ეს პრობლემა კი განსაკუთრებით რეგიონებშია.
„მე მინდა კონკრეტული ფაქტები მოგიყვანოთ, თუ როგორ დალაგდა კადრები 2012 წლიდან დღემდე თელავში, ახმეტაში, და ლაგოდეხში. თუმცა ანალოგიური მდგომარეობაა დედოფლისწყაროში, საგარეჯოში და გურჯაანშიც“, - აცხადებს ვალერი შოშიაშვილი.
ნეპოტიზმი თელავში -ნაცნობების გრძელი ჯაჭვი
შოშიაშვილის ინფორმაციით, თელავის ვიცე - მერის მოადგილემ ლევან ლილუაშვილმა, თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ, იმისთვის, რომ საკრებულოს ფინანსები ეკონტროლებინა, საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარედ საკუთარი ძმა დაანიშნინა.
მისივე განცხადებით, ყველაზე საგანგაშო მდგომარეობა გამგეობაშია, სადაც სანათესაო კადრებით ძირითადად ისეთი სამსახურებია დაკომპლეტებული სადაც მეტი თანხა იხარჯება.
„თელავის საკრებულოს აპარატის უფროსმა საკუთარი შვილი შპს „დასუფთავებაში“ დაასაქმა. მოგვიანებით ამავე სამსახურში, გამგებელმა ალიკა შათირიშვილმა თავისი შვილი სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშნა. გამგებლის კლასელია ასევე გოჩა ყუშიტაშვილი, რომელიც გამგეობაში სოციალური განყოფილების უფროსია. გამგებლის, ალიკა შათირიშვილის მდივანი ლია დათიშვილი კი მისივე მეზობელია, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ საატესტაციო კონკურსზე ქულები ვერ მოაგროვა, კვლავ განაგრძობს დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობას. შათირიშვილის მეგობარია მისი მოადგილე ზურაბ სიმონიშვილი, რომელიც სამშენებლო კომპანია შპს ბილდინგის დირექტორი იყო და წინასაარჩევნოდ შათირიშვილის კამპანიას აფინანსებდა. თანამდებობის დაკავების შემდეგ კი მან კომპანია ძმის სახელზე გადააფორმა და უმეტესი ინფრასტრუტქურული სამუშაოების წარმოება თელავის მუნიციპალიტეტში, სწორედ სვიმონიშვილების ხელში აღმოჩნდა“, - აღწერს ნეპოტიზმის ჯაჭვს ვალერი შოშიაშვილი.
შოშიაშვილის განცხადებით, თელავის გამგეობა და მერია შპს ბილდინგთან ხელშეკრულებას პირდაპირი, გამარტივებული წესით დებს.
მისივე თქმით, კომპანია ამ წუთებში სამუშაოებს ყარაჯალის საბავშვო ბაღში ახორცილებს, ცოტა ხნის წინ კი სამუშაოები ამავე სოფლის სკოლაშიც დაასრულა, რომლის მენეჯერიც ზურაბ სიმონიშვილის მამაა.
შოშიაშვილის ინფორმაციითვე, შპს „ბილდინგს“ ორი წლის განმავლობაში 50 ტენდერი აქვს მოგებული.
ნეპოტიზმი ახმეტაში - ბრალდებულები თანამდებობებზე
თვითმმართველობის არჩევნების დროს ახმეტაში ამომრჩევლების მოსყიდვაში მხილებული მამუკა ხოლეგაშვილი საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა. ხოლო გამგებლის ცოლის ძმა გიორგი ლაგაზაური, - გამგებლის თანაშემწედ.
ეს ადამიანები რომ თანამდებობაზე კვლავ დარჩენილიყვნენ, საატესტაციო კონკურსში მონაწილეობა სამჯერ მიაღებინეს.
„პარლამენატრმა ზურაბ ზვიადაურმა ისეთი ადამიანი დაასაქმა ბიუროში, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქრთამის აღების ფაქტზე იყო დაკავებული. საუბარია დავით ფოცხვერაშვილზე.
ახმეტის კულტურის სახლი კი ქართული ოცნების წევრების თავშესაფარ ადგილად იქცა“-აცხადებს შოშიაშვილი.
ნეპოტიზმი გურჯაანში - კოჰაბიტაცია გრძელდება
ვალერი შოშიაშვილის ინფორმაციით, გურჯაანის გამგებლის მოადგილის დიმიტრი კალატოზიშვილის მეუღლე ნანა რამაზაშვილი, ჯერ საკრებულოს იურიდიული განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა, შემდეგ კი განყოფილების უფროსად.
გამგებლის კიდევ ერთი მოადგილედ ალექსანდრე ყვირალაშვილი დაინიშნა. მისი მამა გიორგი ყვირალაშვილი გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი სპეციალისტია.
იმის გამო, რომ ქართული ოცნების პარტიის წევრები ააიპიებში დასაქმებულიყვნენ, მათი გადანაწილება ხელოვნურად, სხვადასხვა თანამდებობებზე ხდება.
წინასწარი მონაცემებით რამოდენიმე ასეული ათასი ლარი გაუმართლებლად ქართული ოცნების აქტივისტების ჯიბეებში მიემართება.
ვალერი შოშიაშვილის განცხადებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კოჰაბიტაცია არ დასრულებულა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და „ქართული ოცნების“ მიერ დასაქმებული ადამიანები ერთმანეთთან კვლავ შეთანხმებულად მუშაობენ.
მისი თქმით, ამის ნათელი მაგალითი თორნიკე წინწალაშვილია, რომელიც დააწინაურეს და გამგეობის შიდააუდიტის სამსახურის უფროსად დანიშნეს. მისი რძალი, ძმის ცოლი თინათინ ბიწაძე კი, საკრებულოს აპარატის უფროსად დაინიშნა.
ნეპოტიზმი ლაგოდეხში - ჯამბურიას ცოლის დაქალები
შოშიაშვილის განცხადებითვე, ლაგოდეხშიც სხვა რეგიონების მსგავსი ვითარებაა, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ გამგებელმა კახა ჯამბურიამ ნათესავების ნაცვლად ააიპიებში მეუღლის დაქალები დაასაქმა.
„ანუ შეგვიძლია არა ფილმს, არამედ უკვე ლაგოდერხის გამგეობაში ჩემი ცოლის დაქალებს რეალურად ვუყუროთ“, - განაცხადა ვალერი შოშიაშვილმა.
ის ხელისუფლებას მოუწოდებს გონიერებას მოუხმონ, რათა იგივე შედეგი არ მიიღონ, რაც ნაციონალურნმა მოძრაობამ 2012 წელს.
ზვიად მეზვრიშვილი