გავლენიანი ბრიტანული სააგენტო „ბი-ბი-სი“, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის პრეზიდენტის
მრჩევლად დანიშვნასთან დაკავშირებით მასალას აქვეყნებს, რომლის მიმოხილვას საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ:
რეფორმების გატარების საკითხებში უკრაინის საერთაშორისო-საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარედ საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის ამბავს მის სამშობლოში ცივად შეხვდნენ - ოფიციალურმა თბილისმა უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მიერ გადადგმული ნაბიჯი ნეგატიურად შეაფასა.
ვერ ვიტყვით, რომ 2012 წლის შემოდგომის შემდეგ, როცა მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტობის ვადის გასვლის შემდეგ ქვეყანა დატოვა, ახალ ამპლუაში მისი გამოჩენა ქართველებისათვის მოულოდნელი იყო. როგორც ქართველი პოლიტოლოგები ვარაუდობენ, ოპოზიციური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისადმი“ უკრაინის მხრიდან გამოკვეთილი მხარდაჭერა კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ კიევსა და თბილისს შორის საკმაოდ დაძაბული ურთიერთობაა. ბევრის აზრით, კოალიცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, მართალია, პრორუსულს ვერ ვუწოდებთ, მაგრამ უფრო ზომიერია რუსეთის მიმართ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი და მისი ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობა“.
შერისხული პოლიტიკოსი
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, „თუ დღემდე მიხეილ სააკაშვილი შტატგარეშე კონსულტანტი იყო რეფორმების საკითხში, ახლა მან უკვე თანამდებობა და ოფიციალური სტატუსი მიიღო“. თანაც მიხეილ სააკაშვილი ისევ საქართველოს მოქალაქედ რჩება, რადგან სათათბირო ორგანოს ხელმძღვანელობისათვის უკრაინის მოქალაქეობის მიღება მისთვის სავალდებულო არ არის.
უკრაინაში სახელმწიფო თანამდებობებზე ასევე დაინიშნენ ალექსანდრე კვიტაშვილი (ჯანდაცვის მინისტრად), ეკატერინე ზღულაძე (შს მინისტრის მოადგილედ), გია გეწაძე (იუსტიციის მინისტრის მოადგილედ).
საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენელები არ მალავენ იმას, რომ ის დადებითი აღიარება, რომელსაც ოპონენტმა „ნაციონალებმა“ კიევში მიაღწიეს, „მეოცნებეებისათვის“ კარგის მომტანი არ არის. როგორც პარლამენტის წევრმა ეკა ბესელიამ განაცხადა, საქართველოსთვის ზიანის მომტანი ადამიანების თანამდებობაზე დანიშვნა თვით უკრაინასაც დააზარალებს“.
მიხეილ სააკაშვილს საქართველოში რამდენიმე ბრალდება აქვს წაყენებული: მას ადანაშაულებენ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში (2007 წლის მიტინგის დარბევაში და ტელევიზიაში სპეცრაზმით შეჭრაში, 2005 წელს პარლამენტის დეპუტატის ცემაში და მისთვის სხეულის დაზიანების მიყენებაში), სახელმწიფო სახსრების გაფლანგვასა და კორუფციაში. მიხეილ სააკაშვილი ყველა ამ ბრალდებას უარყოფს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.
თბილისი-კიევი: ურთიერთობის გაცივება
საქართველოს ხელისუფლებისაგნ განსხვავებით, ოპოზიციურ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მიაჩნია, რომ ქართული რეფორმების გამოცდილება და ექს-პრეზიდენტის დასავლური კონტაქტები უკრაინას სარგებლობას მოუტანს. „მიხეილ სააკაშვილს დიდი და მრავალწლიანი გამოცდილება აქვს მტკივნეული რეფორმების გატარების საკითხში და საერთაშორისო არენაზე. ამიტომაც მისი დანიშვნა ძალიან კარგ გადაწყვეტილებად მიმაჩნია“, - განაცხადა „ნაციონალების“ წარმომადგენელმა გიგა ბოკერიამ.
ქართველი პოლიტოლოგების აზრით, მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნა მის მიერ საქართველოში გატარებული რეფორმების საერთაშორისო აღიარებასა და დადებით შეფასებას ნიშნავს. „მე ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა საერთაშორისო დონეზე შეთანხმებული პოლიტიკის შედეგია. რეფორმების გასატარებლად უკრაინას სავალუტო ფონდმა და სხვა ფინანსურმა ორგანიზაციებმა დიდი თანხები გამოუყვეს. დასავლეთსი თვლის, რომ სააკაშვილის მიერ გატარებული რეფორმები წარმატებულია. შესაბამისად, რადგან დასავლეთს გარანტიები სჭირდება, ამიტომაც სურთ, რომ უკრაინაში ქართული მოდელის იმპორტი მოხდეს“, - ამბობს დამოუკიდებელი ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე.
ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორის კახა გოგოლაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი პეტრო პოროშენკოს იმ საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონტაქტებში დაეხმარება, რომლებთანაც მისი გუნდი თავის დროზე წარმატებით თანამშრომლობდა. იგი არ გამორიცხავს, რომ ექს-პრეზიდენტის დანიშვნა იმ წყენითაც იყოს განპირობებული, რომელიც უკრაინას საქართველოსადმი აქვს: „ვფიქრობ, რომ ჩვენმა მთავრობამ ხელიდან გაუშვა თავდაპირველი მომენტი, როცა უკრაინისთვის აქტიური მხარდაჭერის გამოხატვა შეიძლებოდა. ანუ ჩვენ რაღაც დუმილის პოლიტიკა გვქონდა მოსკოვის მოქმედების მიმართ. „ნაციონალები“ და მათი მომხრეები კი, როგორც კი „მაიდანი“ დაიწყო, პროცესებში მაშინვე აქტიურად ჩაერთნენ“, - ამბობს კახა გოგოლაშვილი.
შემრიგებლობა თუ პრაგმატიზმი?
საქართველოს მთავრობა არაერთხელ გამხდარა ოპოზიციის კრიტიკის ობიექტი იმის გამო, რომ თბილისი ხაზგასმულად ცდილობდა არ გაეღიზიანებინა მოსკოვი უკრაინის ამბებთან დაკავშირებით და გარკვეულ პასიურობას იჩენდა.
კახა გოგოლაშვილის აზრით, ცხადია, თბილისს სიფრთხილე უნდა გამოეჩინა, მაგრამ არც ზედმეტად გულგრილი დამოკიდებულება იყო აუცილებელი. „ცოტა მეტი აქტიურობა იყო საჭირო. ჩვენ თითქოსდა გვეშინია, დუმილს ვარჩევთ და ამით მოსკოვის მოქმედებას გარკვეულწილად ხელს ვუწყობთ“, - ამბობს კახა გოგოლაშვილი.
ზაალ ანჯაფარიძის თქმით, შესაძლოა საქართველოს [თავშეკავებული] დამოკიდებულება უკრაინის ამბებთან გარკვეულწილად სწორიც იყოს, რადგან თუ რუსეთი რაიმე აგრესიულ ნაბიჯებს გადმოდგამს თბილისის წინააღმდეგ და კონფლიქტი დაიწყება, მაშინ საქართველოს დასავლეთის მხრიდან რაიმე სერიოზული სამხედრო დახმარების იმედი არ უნდა ჰქონდეს. „ჯერ-ჯერობით საქართველო როგორღაც თავიდან იცილებს რუსეთის აგრესიულ ქმედებას. მე არ ვარ იმის მომხრე, რომ ჩვენ უკრაინის მხარდაჭერაში დიდი აქტიურობა გამოვიჩინოთ. საქართველომ ყველაფერი გააკეთა უკრაინის დასახმარებლად საერთაშორისო [და ჰუმანიტარულ] დონეზე და ვფიქრობ, ამ ეტაპზე ეს სრულიად საკმარისია“, - თვლის ზაალ ანჯაფარიძე.