რუსული ტელეკომპანია «ТВ Дождь»-ი, საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ამონარიდს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ინტერვიუდან, რომელიც მან რუსეთის ტელეკომპანია „დოჟდ“-ის კორესპონდენტს კიევში, გუშინ, 10 თებერვალს მისცა:
ტიხონ ძიადკო; ჟურნალისტი: ჩვენ ამ ინტერვიუს კიევში ვიღებთ, ეს შემთხვევითი არაა. თქვენ უკრაინის დედაქალაქში ბოლო ხანს საკმაოდ დიდ დროს ატარებთ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, პარლამენტში, მთავრობაში, სამოქალაქო საზოგადოებაში ბევრს საუბრობენ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში თქვენი მონაწილეობის შესახებ, რომ თქვენ შესაძლოა ანტიკორუფციული ბიუროს უხელმძღვანელოთ. ეს მოხდება თუ არ მოხდება?
მიხეილ სააკაშვილი: „ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორის თანამდებობასთან დაკავშირებით ამჟამად მე საბოლოო პასუხი ჯერ არ მაქვს, თუმცა ფაქტია, რომ უკრაინაში საკმაოდ ბევრი ჩვენი [ქართველი] მინისტრი და თანამდებობის პირები არიან დაკავებული რეფორმების გატარებით. მაგალითად, უკრაინის პოლიციის რეფორმას ჩვენი შს მინისტრის ყოფილი მოადგილე ეკა ზღულაძე ხელმძღვანელობს, რომელიც ამ საკითხის გადაწყვეტას ძალიან ენერგიულად შეუდგა და მას უკრაინის საზოგადოებამაც მხარი დაუჭირა. იუსიტიის ორგანოების რეფორმით ჩვენი სპეციალისტების დიდი ჯგუფია დაკავებული, ისინი ელექტრონული ტენდერების სისტემას შექმნიან, რათა ყველა ტენდერი და აუქციონი გამჭვირვალე პროცედურებით ჩატარდეს“ - განაცხადა სააკაშვილმა.
საქართველოს ექს-პრეზიდენტის თქმით, ამჟამად უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მისი გუნდიდან დაახლოებით 100 კაცი მუშაობს. ამიტომაც დადგა საკითხი, რომ ანტიკორუფციული ღონისძიებების გასატარებლადაც შეიძლება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი იქნას მიწვეული.
„ჩვენ ამ ორი დღის განმავლობაში კიდევ გვექნება კონსულტაციები, რადგან ანტიკორუფციული სამსახური - ეს კონკრეტული საქმეა. მას მთელი მთავრობა და მთელი საზოგადოება უნდა ებრძოლოს“, - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.
„და სხვათა შორის, ბიზნესიც, - დაამატა ექს-პრეზიდენტმა, - დღის წესრიგის თემა ერთია: როგორ ვებრძოლოთ ერთად კორუფციას. უკრაინელი ბიზნესმენები დიდ დაინტერესებას იჩენენ. უკრაინა საოცარი ქვეყანაა, მას ოცდახუთი წელია ძარცვავენ, ის კი ამ ყველაფერს მაინც უძლებს“-აღნიშნა სააკაშვილმა.