ამერიკული გამოცემა „Politico Magazine“ -ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, რომლის ავტორიც საქართველოს
ყოფილი პრეზიდენტია, განხილული და გაანალიზებულია უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, ნაჩვენებია რუსეთის პრეზიდენტის მოქმედების ანტიუკრაინული ხასიათი. ექს-პრეზიდენტი დასავლეთს მოუწოდებს, რომ უფრო მეტად გააქტიურდეს და წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის აგრესიულ-ექსპანსიურ ზრახვებს.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ სტატიის შემცირებულ ვერსიას გთავაზობთ:
გასულ კვირას უკრაინაში კვლავ ახალი ძალით განახლდა სამხედრო მოქმედებები, რომლის მიზანი ნათელია - რუსეთის პრეზიდენტს სურს დონბასიდან ყირიმისაკენ თავისუფალი დერეფანი შექმნას. როცა ყირიმი ხელში ჩაიგდო, ვლადიმერ პუტინმა ჩათვალა, რომ უკრაინა ძალიან სუსტია და კიევი, რუსეთის არმიას წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა. დასავლელმა ზოგიერთმა იდიოტმაც ჩათვალა, რომ ყირიმი მართლაც რუსეთს ეკუთვნოდა და შესაბამისად, საკუთარი ინტერესებს მოუფრთხილდნენ, კრემლთან ურთიერთობის საკითხში. გასაკვირი არაა, რომ პუტინმაც დრო იხელთა, ჯარი შეიყვანა დონბასში და წარმატებებს მიაღწია. მოგვიანებით უკრაინის არმიამ წინააღმდეგობის გაწევა დაიწყო და დასავლეთი იძულებული იყო პოზიცია შეეცვალა. დიდი როლი შეასრულა მალაიზისს „ბოინგის“ ჩამოგდებამ და მასთან დაკავშირებულმა ადამიანთა მსხვერპლმა. დასავლეთმა რუსეთს სანქციები დაუწესა, რომლის კბენა რუსეთმა უკვე იგრძნო. ამჯერად მან კარგად ვერ გათვალა, რომ რუსულ ბიზნეს-ლობისტებს დასავლეთში წინააღმდეგობას გაუწევდნენ. რუსეთი გააძევეს „დიდი შვიდეულიდანაც“.
მაგრამ შემდეგ, დასავლეთის ყურადღება „ისლამური სახელმწიფოს“ საფრთხეზე იქნა გადატანილი, ამას მოჰყვა მასობრივი მსხვერპლის გამომწვევი ტერორისტული აქტი პარიზში... ამ ყველაფერმა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი დაჩრდილა. ნატოს გენმდივანმა იან სტოლტენბერგმა რუსეთს „ანტიტერორისტული მოკავშირეც“ კი უწოდა და ამ დროს არც გახსენებია ჩამოგდებული თვითმფრინავის მგზავრთა მსხვერპლი. ვლადიმერ პუტინმა კარგად იცის, როგორ გამოიყენოს გლობალური ტერორისტული საფრთხეები თავისი ინტერესებისათვის. გავიხსენოთ 2001 წლის სექტემბრის ტერაქტი - ვლადიმერ პუტინმა პირველმა შესთავაზა ჯორჯ ბუშს მხარდაჭერა და ამით ჩეჩნეთში დაწყებული სამხედრო მოქმედებების დასავლური სავარაუდო წინააღმდეგობა გაანეიტრალა. ამით მან „თავის რეგიონში“ მოქმედების სრული თავისუფლება მიიღო, რომელიც 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული აგრესიით დაგვირგვინდა. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში შემოჭრილი არმიის მაშინდელი სარდალი დღეს, როგორც ამბობენ, აღმოსავლეთ უკრაინელ სეპარატისტებს ეხმარება.
რუსეთის მიზნები ნათელია: მას სურს უკრაინის არმიას დიდი დარტყმა მიაყენოს და ამით მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვიოს საკუთარი ხელისუფლებისადმი. პუტინს ბევრი რამის გაკეთება შეუძლია კიევში სახელმწიფო გადატრიალების მოსამზადებლად: შეუძლია შექმნას ენერგეტიკული ნედლეულის დეფიციტი, შეუძლია დაასუსტოს უკრაინის ეკონომიკა, რომელსაც ისედაც დიდი ტვირთი ადევს მიმდინარე ომის გამო, შეუძლია ეკონომიკური რეფორმების გატარებისა და კორუფციის წინააღმდეგ მიმართული ბრძოლის დაყოვნება, რაც უკრაინას კრახამდე მიიყვანს.
რა კონტრზომები უნდა მიიღოს დასავლეთმა ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად?
უპირველეს ყოვლისა, ჰილარი კლინტონის, ჯონ მაკკეინისა და სხვა მეგობრების რჩევაა გასათვალისწინებელი: დასავლეთმა უკრაინას იარაღი უნდა მისცეს და სამხედრო დახმარება უნდა გაუწიოს. თუ უკრაინელებს თანამედროვე იარაღი ექნებათ, ისინი თავისუფლების დაცვას თვითონვე შეძლებენ. თუ უკრაინელები სამხედრო დახმარებას მიიღებენ, ფრონტებზე ვითარება სწრაფად შეიცვლება და რუსები უპირატესობას დაკარგავენ. დასავლეთს უკრაინაში თავისი ჯარისკაცების შეყვანა არ დასჭირდება - უკრაინელებს ვოლონტერებიც დაეხმარებიან: ასობით მოხალისე იბრძვის კიევის მხარეზე სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის ქართველებიც, რომლებმაც სამხედრო მომზადება აშშ-ში გაიარეს. კარგი იქნება, თუ დასავლეთი ამ საერთაშორისო მოხალისეთა არმიას მოამზადებს სამხედრო წრთვნების თვალსაზრისით.
უკრაინას ეკონომიკური დახმარებაც ესაჭიროება. ვლადიმერ პუტინმა კარგად იცის, რომ სანქციები ხელს უწყობს რუსეთის ეკონომიკურ კრახს, მაგრამ იგი იმედოვნებს, რომ მანამდე უკრაინას მოუღებს ბოლოს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთი უკრაინას რეფორმების რეალიზებასა და კორუფციასთან ბრძოლაში მხარი დაუჭიროს. პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უკვე მიიწვია სამუშაოდ კიევში პოლიციის რეფორმის ავტორები საქართველოდან იმ მიზნით, რომ საქართველოს მსგავსი გარდაქმნები უკრაინის სამართლადამცველ ორგანოებში განხორციელდეს. კარგია, რომ აშშ ფინანსურად ეხმარება ამ რეფორმების გატარებას, მაგრამ აუცილებელია ამ მხარდაჭერის გაფართოება. აუცილებელია, რომ ფინანსური დახმარება ანტიკორუფციული ბიუროს მუშაობაზეც გავრცელდეს, რათა უზრუნველყოფილი იყოს მისი წარმატებული მუშაობა, რათა ჩვეულებრივმა უკრაინელებმა დემოკრატიული გარდაქმნების შედეგები სწრაფად დაინახონ.
ნავთობის ფასის დაწევის გამო დასავლეთს შეუძლია რუსეთისაგან ამ ნედლეულის ყიდვა შეწყვიტოს და კაპიტალი იმ სფეროში დააბანდოს, რომელიც რუსული გაზის მიწოდებაზე ევროპის დამოკიდებულებას შეასუსტებს. ამ ამოცანის გადაწყვეტა შეიძლება ამერიკული ფიქლების გაზის ფართო იმპორტით ევროპაში. გარდა ამისა, დასავლეთმა უნდა მოძებნოს ცენტრალური აზიის გაზის იმპორტის ახალი მარშრუტები და ეფექტურად გამოიყენოს კავკასიასა და თურქეთში უკვე არსებული მილსადენების სტრუქტურა.
და ბოლოს, უნდა შეწყდეს ყოველგვარი ლაპარაკი რუსეთისადმი სანქციების მოხსნაზე. უკრაინაში რუსული ექსპანსიის შეწყვეტის მიზნით სანქციები კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს. ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ზომა, რომლის მიღება დასავლეთს შეუძლია, ესაა ვლადიმერ პუტინის პირადი ფინანსების მოძიება და მისი დაბლოკვა. ვლადიმერ პუტინის დეპოზიტები - ესაა მსოფლიო ისტორიაში ყველაზე მეტი „შავი ფული“, რომელიც დასავლეთში მოკავშირეების ყიდვისთვისაა გამიზნული. ასე რომ, პუტინის პირადი აქტივების დაბლოკვა ხელს შეუწყობს დასავლეთის დედაქალაქებში რუსული ლობირების განეიტრალებას და ბრძოლის პეიზაჟის შეცვლას.
რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი მოქმედების გაჭიანურება, ყოველი ზედმეტი თვე დასავლეთს ძვირად დაუჯდება. თუ რუსეთი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, მაშინ ბალტიისპირეთის სახელმწიფოები (ლიტვა, ლატვია, ესტონეთი), მათი ნატოში წევრობის მიუხედავად, რუსეთის მხრიდან მოწყვლადი გახდებიან. ალიანსი საკუთარ თავს ძვირადღირებულ მეხუთე მუხლზე უფრო უკეთესად დაიცავს, თუ უკრაინას დაეხმარება და რუსებს მტრული მოქმედების მადას დაუკარგავს.
ასეთია სტატიის შინაარსი, რომლის ავტორია მიხეილ სააკაშვილი - „საქართველოს პრეზიდენტი 2004-213 წლებში, ლიდერთა ახალი საერთაშორისო ინსტიტუტის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე“.