რაჭას და ევროპას ბევრი საერთო რომ აქვს, ეს ქართული კინოდანაც ვიცით, თუმცა, ევროპაში კი არა, ალბათ საქართველოშიც ცოტას თუ სმენია, რომ ევროპის ქალაქებსა და სოფლებში რაჭული შობა–ახალი წელი დგება.
ევროპული საშობაო ნაძვის ხე სინამდვილეში კავკასიური სოჭია, რომლის თესლსაც რაჭაში, თლუღში აგროვებენ, პლანტაციებს კი დანიასა და გერმანიაში აშენებენ.
რაჭველების მიერ მოგროვებული სოჭის თესლი ძირითადად დანიაში იგზავნება. ეს ქვეყანა კი წელიწადში მილიონობით საშობაო ნაძვის ხეს მთელს ევროპაში ყიდის. ათწლეულების განმავლობაში ნაძვის ხეების ინდუსტრია დანიის ეროვნულ ბიზნესად იქცა, ამ ბიზნესის სერიოზულ საფუძველს კი, საქართველოდან, კერძოდ რაჭიდან გაგზავნილი კავკასიური სოჭის თესლი წარმოადგენს.
ხის ჯიში, რომლითაც დასავლეთ ევროპაოჯახები შობა-ახალ წელს ხვდებიან, ნორდმანის სოჭის სახელითაცაა ცნობილი. მას განსაკუთრებული ფერი და ფორმა აქვს და სხვა სახეობებისგან განსხვავებით, მისგან „ნაძვის ხის“ მიღება სულ რამდენიმე წელიწადში შეიძლება.
გერმანიის სახელმწიფო ტელევიზიამ, კავკასიური სოჭისა და რაჭველების საქმიანობაზე, სპეციალური ფილმიც მოამზადა.
გიორგი აბრამიშვილი