logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
როგორ ფინანსდებოდა მარიკა ვერულაშვილის საარჩევნო კამპანია ბიზნესისთვის წართმეული ფულით
როგორ ფინანსდებოდა მარიკა ვერულაშვილის საარჩევნო კამპანია ბიზნესისთვის წართმეული ფულით
11:04 03.12.2014
იყო თუ არა ჩართული „საქართველოს ბანკი“ ბიზნესების ჩამორთმევის სქემაში და რა ფორმით

რა ფაქტებს უმხელს „ნიუსპრესს“ ბიზნესმენი ვალერი შოშიაშვილი, რომლის ბიზნესიც წინა ხელისუფლებას ემსხვერპლა და რომელიც სამართლიანობის აღდგენას დღემდე ამაოდ ელის....

აუდიტის დასკვნის მიხედვით 8 121 ლარად შეფასებული ქონება, რომელიც აუქციონზე ვერ გაიყიდა, ოთხი თვის შემდეგ 700 ათას ლარად შეაძენინეს; ტვირთის ჩამოსატანად, დამატებითი სესხი 30 ათასი დოლარი სჭირდებოდა, თუმცა „საქართველოს ბანკმა“ უარი უთხრა, ერთ თვეში კი, პროკურორ ბექა ბასილაიას „ხათრით“ 700 ათასი ლარის ოდენობით კრედიტი დაუმტკიცა; თბილისიდან გაუსვლელად ყვარელში აუქციონში მარტომ მიიღო მონაწილეობა, აუქციონში მონაწილეობისთვის განკუთვნილი თანხა „საქართველოს ბანკიდან“ 5 საათზე გადარიცხა, თუმცა 1 საათზე უკვე გამარჯვებული იყო; მისი საკუთარი ფირმა დავით კირკიტაძის ძმამ ირაკლი კირკიტაძემ „დააფუძნა“ - ეს რეალური ისტორია, რომლის უცვლელი რეჟისორი „ნაცმოძრაობა“ და მისი რეჟიმია, ბიზნესმენ ვალერი შოშიაშვილს გადახდა თავს.

ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ სამართლიანობის აღდგენის იმედი ჩაესახა, თუმცა 2012 წლის 25 ოქტომბრის, ანუ მას შემდეგ, რაც პროკურატურაში საჩივარი შეიტანა, საქმე ადგილიდან არ დაძრულა. როგორც საუბრისას აღნიშნა, გაჩერებას არ აპირებს და შესაძლოა უკიდურეს ზომებსაც მიმართოს. რა გადახდა თავს და რას აპირებს ვალერი შოშიაშვილი, ამის შესახებ თავად გვიამბობს:

- ვიდრე უშუალოდ ჩემი საქმის დეტალებზე ვისაუბრებ, მინდა მოკლედ გიამბოთ, რა ვითარებაში მიწევდა ცხოვრება „ნაციონალების“ პერიოდში. ყველაფერი 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან დაიწყო. სწორედ მაშინ დამიბარეს პირველად ფინანსურ პოლიციაში და მითხრეს „ნაციონალური მოძრაობის“ ანგარიშზე გარკვეული ოდენობის თანხა უნდა ჩარიცხოო. საბოლოოდ, თანხის გადარიცხვა მათი სატელიტი, ე.წ. ოპოზიციური პარტიის ანგარიშზეც მომიწია. კერძოდ, ვინმე ნიკუშა ივანიშვილისთვის, რომელიც რომელიღაც რაიონის მაჟორიტარად იყრიდა კენჭს.

-რომელ პარტიას წარმოადგენდა?

-დღემდე არ ვიცი. დამავალეს, რომ „რუსთავი-2“-ზე სარეკლამო დრო მეყიდა და ასეც მოვიქეცი. როცა თანხის შემომწირველების სტატისტიკა ქვეყნდებოდა, „ნაცმოძრაობის“ დამფინანსებელთა შორის, ტოპ-ხუთეულში ყოველთვის წამყვანი პოზიციები მეკავა. სამწუხაროდ, სხვა გამოსავალი არ მქონდა. ოჯახს საკმაოდ წარმატებული ბიზნესი გვქონდა, დაახლოებით 200 ადამიანი დასაქმებული მყავდა. 2008 წლამდე ბიზნესს ძალიან კარგად და პირნათლად ვმართავდი. ჩემი ფირმა ერთ-ერთი იყო, რომელსაც ბიუჯეტში საკმაოდ სოლიდური თანხა შეჰქონდა. ჯამში, 2010 წლის ჩათვლით (არჩევნების პერიოდში), ძალიან დიდი ზარალი მომადგა. 2012 წელს კი მოვლენები ასე განვითარდა: 2012 წლის აპრილში ჩაჩავას კლინიკაში გამოკვლევაზე ვიყავი, როდესაც მობილურზე პროკურორმა ბექა ბასილაიამ დამირეკა და პროკურატურაში დამიბარა. როცა მივედი მითხრა, რომ ჩემი ოჯახის საკუთრებაში არსებული ყველა ფირმის დოკუმენტების შემოწმება უნდოდა. სამი დღის ვადა მომცა. ერთი მიკროავტობუსი დავტვირთე დოკუმენტებით და მივუტანე. მომდევნო კვირას რევიზიის მიზნით, დოკუმენტების შემოსავლების სამსახურში გადატანა მომთხოვა. მასთან რომ მივედი დოკუმენტები ხელუხლებლად ელაგა იქ, სადაც დავტოვე. მიკროავტობუსი კვლავ დავტვირთე და დოკუმენტები აუდიტის სამსახურის უფროსს გადავეცი. ეს პიროვნება, შემდგომ, „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეში ფიგურირებდა. მოგვიანებით, მამუკა ლაშხმა ჩემს ელექტრონულ პროგრამებზე წვდომა მომთხოვა, რაც დავაკმაყოფილე. აქვე, რამდენიმე საყურადღებო დეტალზე გავამახვილებ ყურადღებას: ბექა ბასილაიას დოკუმენტები რომ ავუტანე, მის ოთახში დაახლოებით 8 საათი დავყავი. დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ იგი ვიღაცისგან ჩემი დაკავების ბრძანებას ელოდებოდა, მაგრამ მერე სხვა სქემა შეიმუშავეს. ამის შემდეგ, პროკურატურაში, მამაჩემთან ერთად დამიბარა. მისვლისას პირველად შევხვდით საქმის პროკურორს ზაზა მალუძეს. დღეს იგი შსს-ში ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელია. მალუძის კაბინეტში ბასილაია შემოვიდა და გვითხრა, რომ ჩემი ოჯახის მთელი ქონება, მათ შორის, ჩემი დისა და მისი მეუღლის სახელზე არსებული ქონებაც, კონკრეტულ პიროვნებაზე უნდა გადამეფორმებინა. ავუხსენი, რომ ეს შეუძლებელი იყო, რადგან სესხის უზრუნველსაყოფად მთელი ქონება „საქართველოს ბანკში“ იპოთეკით იყო დატვირთული. მომდევნო შეხვედრისას მითხრეს, რომ ერთი მილიონი უნდა გადამეხადა, თუ რა ფორმით, თავად შემატყობინებდნენ. 17 მაისს, დილის 10 საათზე ბასილაიასგან შეტყობინება მივიღე - დღეს, 1-ელ საათზე ყვარლის მუნიციპალიტეტში აუქციონი იმართება, იყიდება სოფელ გრემის კულტურის სახლი, რომლის საწყისი ფასი 100 ათასი ლარია, ბიჯი - 5 ათასი ლარი, ხოლო თავიდან შესატანი თანხა - 30 ათასი ლარიო. მითითებული იყო საკონტაქტო პირიც - ლიანა პეტრუსაშვილი. მაშინვე ბასილაიასთან წავედი და ვუთხარი რომ ამ ეტაპზე 30 ათასი ლარი არ მქონდა. აუქციონი დღეს დაინიშნა, დღესვე უნდა გახვიდე და 700 ათას ლარად იყიდოო, ასე მიპასუხა. აღნიშნული თანხა ვისესხე და 5 საათზე „საქართველოს ბანკიდან“ გადავრიცხე. საკონტაქტო პირს ყვარელში შევხვდი, მომილოცა, აუქციონი უკვე ჩარატდა და თქვენ გაიმარჯვეთო. რა ვიყიდე ის მაინც მაჩვენეთ, გასაღები მომეცით-მეთქი, ვითხოვე. გასაღები არ სჭირდებაო. შენობა რომ ვნახე ლამის გულის შეტევა დამემართა. ბუნებრივია, გრემის კულტურის სახლის საყიდელი თანხა არ მქონდა. ბასილაიამ მითხრა მაგაზე არ ინერვიულო „საქართველოს ბანკში“ სესხს დაგიმატებო. გამიკვირდა, რადგან აპრილში დამატებითი სესხი 30 ათასი დოლარი მჭირდებოდა, მაგრამ მითხრეს ლიმიტი ამოწურული გაქვთ და სესხს ვერ დაგიმატებთო. მიუხედავად ამისა, 2012 წლის 2 ივნისს, ბასილაიას თხოვნის საფუძველზე, 700 ათასი ლარის ოდენობის კრედიტი დამიმტკიცდა, თანხა გრემის კულტურის სახლში გადაირიცხა. შეთანხმების მიხედვით 300 ათასი ლარი ხელზე უნდა მიმეცა.

- ბატონო ვალერი, შენობა რომელიც ბასილაიამ 700 ათას ლარად გაყიდინათ, რეალურად რა ღირებულების იყო?

- რეალურად, აუდიტის დასკვნის მიხედვით, ეს ქონება 8 121 ლარად შეფასდა. ამავე წლის იანვარში ქონება ამ ფასად აუქციონზე გაიტანეს, მაგრამ ვერ გაიყიდა.

-როგორც თქვენი საუბრიდან ჩანს, აუქციონში მონაწილეობა არ მიგიღიათ, ამ დროს თბილისში იმყოფებოდით. კიდევ რა დარღვევებით წარიმართა აუქციონი?

-აუქციონის ოქმში მითითებულია, რომ არცერთი კონკურენტი არ მყავს, მარტო ვიღებ მონაწილეობას. როგორ წარმოგიდგენიათ, ყვარელში ჩავედი, კონკურენტიც არ მყავდა და ვთქვი: იცით რა, ეს ობიექტი 100 ათასი ლარი არ ღირს, არამედ 700 ათასად უნდა ვიყიდო-მეთქი, ეს ხომ აბსურდია. გარდა ამისა, „საქართველოს ბანკში“ თანხა 5 საათზე შევიტანე, აუქციონი კი 1-ელ საათზე ჩატარდა. როგორ მოხდა ეს, როცა მაგ დროს ბილეთი ნაყიდიც არ მქონდა და შესაბამისად, არც თანხა მქონდა გადახდილი. ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარემ ზაზა ლომიძემ თბილისში ჩამომიტანა დოკუმენტაცია და ხელი მომაწერინა, რომ ქონების მფლობელი ვარ.

-არ გიცდით ეს ფაქტი მაშინვე გამოგეაშკარავებინათ?

-ამაზე კომენტარის გაკეთების და საერთოდ, ხმის ამოღების უფლებაც არ მქონდა. იმიტომ, რომ როცა ბასილაიას კაბინეტში 8 საათი გავატარე, მივხვდი ჩემს შესახებ ყველაფერი იცოდნენ, რამდენი შვილი მყავდა, სად დადიოდა მეუღლე, რას აკეთებდა დედაჩემი, მამაჩემი. სიდედრის და სიმამრის საქმიანობაზეც კი მომაწოდეს ინფორმაცია. ბასილაია მეუბნებოდა, რომ ჩემი ოჯახის წევრების ანგარიშებზე დიდი ოდენობით თანხების ბრუნვა იყო, რაც თურმე, დანაშაულად ითვლებოდა, რასაც ჩემს მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი ამყარებდა, რომელზეც ხელი თავად მომაწერინა. ორი თავი სად მქონდა, ხმა არ ამომიღია.

28 სექტემბერს, ალავერდობას ბასილაიამ დამირეკა, 300 ათასი ლარი ამომიტანეო, მაგრამ არ მივსულვარ. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 19 ოქტომბერს ბასილაიამ და მალუძემ ერთობლივად დამიბარეს. მითხრეს, 300 ათასი ლარის ნაცვლად 3 ათასი ლარი გადაიხადე, სამაგიეროდ, განრიგებას გაგიკეთებთო, რაზეც უარი ვუთხარი. მაშინ ყველაზე სწორი ნაბიჯი გადავდგი, ვუთხარი, დადგა დრო ყველაფრისთვის პასუხიაგოთ-მეთქი. ნაცრეჟიმის წინააღმდეგ პირველად ამოვიღე ხმა.

-ახალი ხელისუფლება სამართლიანობის აღდგენას გვპირდებოდა. ალბათ, თქვენც იმედი მოგეცათ, რომ წართმეულ ქონებას დაიბრუნებდით....

-დიახ. 2012 წლის 25 ოქტომბერს პროკურატურას მივმართე, ასევე, განცხადება შევიტანე შსს-შიც, რაგირება არ ყოფილა, პასუხიც არ მომსვლია. ვიფიქრე, დრო სჭირდებათ-მეთქი. ჩემი კონფერენციის მერე, მაშინდელმა მთავარმა პროკურორმა კბილაშვილმა განაცხადა, შოშიაშვილის საქმე ნათელი მაგალითია იმისა, რომ „ნაცმოძრაობა“ დამნაშავე რეჟიმი იყოო. ხადურმა კი თქვა, რომ ამ საქმეს გამოიძიებდა. აბსოლუტურად არავის არაფერი გამოუძიებია, კითხვაც კი არ დაუსვამთ.

-როგორ ფიქრობთ, რატომ არ იძვრის საქმე?

-დღეს ხელისუფლებას ისევ დამნაშავე ადამიანები, „ნაცმოძრაობის“ ნარჩენები მართავენ. ბექა ბასილაია დღეს, გიგი უგულავას და ბაჩო ახალაიას ადვოკატია. თავადვე დამნაშავე, ამ სადისტ, მწამებელ ხალხს იცავს. რატომ ვერ იჭერენ, რადგან ადვოკატია? განა ეს იმუნიტეტია? ასე აღდგება სამართლიანობა?

-რას მოხმარდა თქვენს მიერ გადარიცხული 700 ათასი ლარი?

- გადარიცხული თანხა, გარკვეული პერიოდი, ყვარლის მუნიციპალიტეტში გაუხარჯავად ედოთ, მერე, კოორდინატორებსა და აგიტატორებს, რომლებიც არჩევნებში მარიკა ვერულაშვილს ეხმარებოდნენ, ხელფასებად დაურიგდათ.

-ადრე „ნაცმოძრაობის“ რეჟიმი ბიზნესს ატერორებდა. ივანიშვილი ბიზნესმენებს მის გათავისუფლებას დაგპირდათ. რა შეგიძლიათ თქვათ დღევანდელი გადმოსახედიდან?

-შეიძლება დღევანდელი ხელისუფლება ბიზნესში პირდაპირ არ ერევა, მაგრამ როცა სამართლიანობის აღდგენა თაროზეა შემოდებული, ამას რა ქვია? თუ თანამშრომელი აღარ მყავს, შემოსავალიც აღარ მაქვს, ბანკში თანხას ვერ ვიხდი, სამართლიანობის განცდაც მომიკვდა, სხვა რა შეიძლება ამას ეწოდოს? დანაშაულის დამადასტურებელი ყველა მტკიცებულება წარდგენილი მაქვს - ბასილაიას სმს შეტყობინება, გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი, სესხი, რომელიც „საქართველოს ბანკმა“ მიზნობრივად გრემის კულტურის სახლის შესაძენად გამოყო იმ შენობისთვის, რომელიც ოთხი თვით ადრე 8 121 ლარად ვერ გაიყიდა და მერე 700 ათასად ვიყიდე. ეს ბანკის კანონს და შიდაგანაწესს ეწინააღმდეგება. ბანკმა შეიძლება ქონების ღირებულების 30-40% მოგცეს. გამოდის, ეს შენობა 2 მილიონი ღირდა და ბანკმა 700 ათასი მომცა? ეს ხომ აბსურდია. ეს არ უნდა გამოიძიონ? რას მივაწერო პროკურატურის ესეთი უსუსურობა, დაუდევრობა? ჩემს მდგომარეობაში უამრავი ადამიანია, მაგრამ სამართლიანობის აღდგენის მხოლოდ ერთი ფაქტი არსებობს „ქართუ ბანკთან“ დაკავშირებით. სხვა რა მოხდა - რომელიმე პოლიტპატიმარს ბოდიში მოუხადეს და ნასამართლეობა მოუხსნეს, თუ ვინმეს რამე ქონება დაუბრუნეს? ამის პოლიტიკური ნება არ არსებობს.

-თქვენ ახსენეთ, რომ ბანკის ქმედება შიდაგანაწესს და კანონს ეწინააღმდეგებაო. „საქართველოს ბანკის“ წინააღმდეგ თუ გაქვთ სამართლებრივი დავა?

- სამართლებრივი დავა მაქვს არა „საქართველოს ბანკის“, არამედ ყოფილი პროკურატურის მიმართ. ძირითადი დამნაშავე პროკურატურა და ყვარლის მუნიციპალიტეტია. მათ თავად უნდა მოყვნენ იმ სქემის შესახებ, რაც ჩემს წინააღმდეგ შეიმუშავეს. ამ საქმეს ასე არ დავტოვებ, უკიდურეს ზომებს მივმართავ. ერთი რამ მიკვირს, რატომ დუმან სხვა ბიზნესმენები, ისინიც ხომ ჩემს დღეში იყვნენ? მათ დუმილს ერთი ახსნა აქვს _ ისინი კარგად ხედავენ დღევანდელი ხელისუფლების უსუსურობას და „ნაციონალების“ უკან მობრუნების ეშინიათ.

-ბატონო ვალერი, რას გულისხმობთ, როცა ამბობთ უკიდურეს ზომებს მივმართავო?

-შეიძლება აქ არავის დავაკლდე, მაგრამ ვაპირებ, საქართველოს მოქალაქეობაზე უარი ვთქვა. არ მინდა იმ ქვეყნის მოქალაქე ვიყო, სადაც ადამიანს სამართლიანობის განცდა არ გაქვს და იმის იმედი, რომ ჩადენილ დანაშაულზე ვიღაც პასუხს აგებს. პროკურატურას სურვილიც არ გამოუთქვამს რომ დავეკითხე. ხადურს მინდა ვკითხო, რატომ არ გამოიძია ეს საქმე. ან მითხრან რომ დამნაშავე ვარ და მართლა უნდა მეყიდა გრემის კულტურის სახლი, ან ჩემს მიმართ განხორციელებული უკანონობა აღიარონ და თანხა დამიბრუნონ. საქმე არ იძვრის. დღემდე ვერ ვხვდები, რას ელოდებიან. ორი წელი რით ვერ გამოიძიეს ეს საქმე? ამ დროს ბექა ბასილაია ცეზარ ჩოჩელის ადვოკატის რანგში გამოდის და ამბობს, რომ მის კლიენტს უკანონოდ ართმევენ ქონებას. ეს ხომ დაცინვაა. ქვეყანაში მარაზმი, ქაოსია.

- ბოლოს მინდა გკითხოთ, თუ შეგიძლიათ გვითხრათ ვინ იყო თქვენი ფირმის დირექტორი?

- ფირმის დირექტორი და დამფუძნებელი დავით კირკიტაძის ძმა ირაკლი კირკიტაძე იყო. იგი, ჩემი ფირმის დირექტორი, 2012 წელს გახდა. მერე გადადგა. ამ ხელისუფლების ლოგიკით გამოდის, რომ თურმე, არც შოშიაშვილისთვის წაურთმევიათ არაფერი, არც არავინ უწამებიათ, მაშინ რატომ შეიცვალა ხელისუფლება თუ „ნაციონალები“ ასეთი სათნოები და კარგები იყვნენ? ქვეყანაში აბსოლუტური სტაგნაციაა. არამგონია რამე გამოსწორდეს. ადრე ის მაინც ვიცოდით, რომ გვძარცვავდა. ახლა, ვერ ხვდები რა ხდება, რაღაცის გაკეთება გინდა და ვერ ინძრევი, რადგან ელოდები, რომ ან „საქართველოს ბანკი“ წაგართმევს, ან ფინანსთა სამინისტრო. პროკურატურა კი ამ დროს უმოქმედოდ ზის და გულხელდაკრეფილი უყურებს იმას, რაც ხდება. დაზარალებულის სტატუსი მაინც მომცენ და თქვან, რომ სისხლის სამართლის საქმე ძიებაშია და სანამ არ გამოიძიებენ ჩემს ქონებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება და ხელს ვერავინ დააკარებს. რას ელოდებიან? ახლა უარესი სქემები მუშაობს, ვიდრე აქამდე იყო, უბრალოდ, ვინც ამას აკეთებს, მათი გვარ-სახელები არ ჩანს. ნაცების დროს ყველამ ვიცოდით, ვინ იდგა კონკრეტული დანაშაულის უკან.

ესაუბრა თათული ლორთქიფანიძე


p.s. საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ უახლოეს პერიოდში ჟურნალისტური მოკვლევის ჩატარებას გეგმავს ქონების ჩამორთმევის სქემაში „საქართველოს ბანკის“ შესაძლო მონაწილეობის შესახებ.
ჟურნალისტური გამოძიების მასალებს სააგენტო საზოგადოებას პერმანენტულად მიაწვდის. მანამ კი, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სააგენტო მზადყოფნას გამოთქვამს ნებისმიერი მხარის პოზიცია დააფიქსიროს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა