ყატარის ტელეკომპანია „ალ-ჯაზირას“ ვებ-გვერდზე სომხეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის ვარდან ოსკანიანის სტატია გამოქვეყნდა,
რომელშიც იგი სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების - საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ურთერთდამოკიდებულებას აანალიზებს.
საინფორმაციო სააგენტო “ნიუსპრესი“ მასალას მცირედი შემოკლებით გთავაზობთ:
ძნელია წარმოიდგინო მსოფლიოს სხვა რეგიონი, სადაც სამი მეზობელი ქვეყანა, რომლებსაც თანაცხოვრების სულ მცირე 70-წლიანი ისტორია აქვთ, პოლიტიკური განვითარების ისეთ სრულიად განსხვავებულ გზას აირჩევდნენ, როგორიც დღეს საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს აქვთ. ამ სახელმწიფოებს ერთმანეთისაგან ჰყოფს არა რელიგია, ეთნიკური კუთვნილება, კულტურა, ან ისტორია და ტრადიცია, არამედ პოლიტიკური ხედვა, სხვადასხვა პერსპექტივა, ამბიციები და მისწრაფებები.
თითოეული რესპუბლიკის ოფიციალური საგარეოპოლიტიკური ურთიერთობის ხასიათის მიუხედავად, მოსკოვი კავკასიას მაინც დიდ ჩრდილში ფარავს: რაც არ უნდა გადაწყვიტოს რომელიმე რესპუბლიკამ, მათ ყოველთვის უნდა ახსოვდეთ „რუსეთის ფაქტორი“, რომელიც გარდაუვლად ახდენს გავლენას სამივე ქვეყნის ორიენტირებსა თუ პრიორიტეტებზე.
ამ სამ სახელმწიფოთაგან, რუსეთთან თითოეულს სხვადასხვა დონის ურთიერთობა აქვთ, მაგრამ სომხეთს ყველაზე მაღალი დონის დამოკიდებულება გააჩნია: რუსეთი სომხეთისთვის ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია, ყველაზე მსხვილი ინვესტორი, ბირთვული საწვავის და ბუნებრივი გაზის ერთადერთი მიმწოდებელი. სამივე რესპუბლიკას რუსეთში მრავალრიცხოვანი დიასპორა ჰყავს, რომლებიც ყოველდღიურად სახლებში მილიარდობით დოლარის ფულად სახსრებს გზავნიან, რაც უკიდურესად აუცილებელია მოსახლეობის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. მაგრამ საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი რუსეთზე ყველაზე მეტად გეოპოლიტიკური თვალსაზრისით არიან დამოკიდებულნი: ეთნიკურ კონფლიქტებში, რომლებიც ამ სახელმწიფოებს აწუხებთ, რუსეთი ან მთავარი მოთამაშეა (აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში), ან მთავარი არბიტრი (მთიან ყარაბაღში).
რუსეთი დღეს სერიოზულ გეოპოლიტიკურ და გეოეკონომიკურ პრობლემებს აწყდება, მოსკოვი დასავლეთთან პირდაპირ კონფრონტაციაში იმყოფება, რადგან მას დასავლეთისგან განსხვავებული მსოფლიო წესრიგის თავისებური ხედვა აქვს უკრაინის, სირიის და სხვა პრობლემების მიმართ. რუსეთი უკვე გრძნობს დასავლეთის მიერ გამოცხადებული სანქციების ნეგატიურ შედეგს: ეცემა ვალუტის კურსი, კლებულობს ნავთობის ფასი, ხდება კაპიტალის გადინება... ის, რაც ხდება ნავთობის ფასთან დაკავშირებით, ძალიან ჰგავს საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდის სიტუაციას: საჭირო გახდა 1980-იანი წლების შუა ხანებში ნავთობის იმ დონემდე გაიაფება, რომ ორი წლის შემდეგ საბჭოთა კავშირი მუხლებზე დაეცა, ბოლოს კი დაიშალა.
შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ დასავლეთის მიერ გამოცხადებული სანქციები რუსეთის მოსახლეობის უკმაყოფილებას გამოიწვევს, კრემლი უკან დაიხევს და დასავლურ მოთხოვნებს დაეთანხმება, მეზობლებზე ზეწოლას შეწყვეტს... მაგრამ ვლადიმერ პუტინს შეუძლია იოლად გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან და ყველაზე სუსტების კონსოლიდაცია მოახდინოს. და თუ რუსეთი საბოლოოდ მართლაც დასუსტდება, რა თქმა უნდა, ეს დიდ ეკონომიკურ და პოლიტიკურ გავლენას მოახდენს ისედაც დაყოფილ კავკასიაზე და სამ რესპუბლიკაში ახალ რყევებსა და უბედურებებს გამოიწვევს, - ნათქვამია სტატიაში.