„აფხაზეთში რუსეთთან ხელშეკრულების პროექტის განხილვა დასასრულს უახლოვდება: ორ-სამ დღეში სოხუმი მოსკოვს ტექსტის საკუთარ ვარიანტს შესთავაზებს,
რომელშიც, როგორც ამბობენ, არ იქნება პუნქტი რუსებისათვის აფხაზეთის მოქალაქეoბის გამარტივებული სახით მიღების თაობაზე“, - ნათქვამია რუსული გამოცემა “ნეზავისიმაია გაზეტა“-ს სტატიაში (ავტორი - იური როქსი).
სტატიის მიმოხილვას საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გტავაზობთ:
ზოგიერთი არაოფიციალური ვერსიით, თითქოსდა დოკუმენტის აფხაზური ვარიანტი უკვე მოსკოვში გაიგზავნა, თუმცა, როგორც სოხუმელი პოლიტოლოგი ინალ ხაშიგი ამბობს, ჯერ-ჯერობით ხელშეკრულების სოხუმური პროექტი საბოლოოდ მზად არ არის: „საქმე იმაშია, რომ აფხაზურ ვერსიას ორი ინსტიტუტი ამზადებდა - პარლამენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია. ბუნებრივია, სანამ ტექსტი მოსკოვში გაიგზავნება, ორივე უნდა შეჯერდეს“, - აუხსნა ინალ ხაშიგმა „ნეზავისამია გაზეტას“.
რუსეთი სახელმწიფო სათათბიროში შემუშავებული მეგობრობისა და მოკავშირეობის ხელშეკრულების პროექტის განხილვა აფხაზეთში ისეთი ემოციური გამოვიდა, რომ სიტუაციის დასამშვიდებლად პრეზიდენტი რაულ ხაჯინბა ჩაერია - მან საზოგადოებას ნაჩქარევი დასკვნების გაკეთებისაგან თავშეკავება ურჩია და სთხოვა, რომ რუსეთის მიერ შეთავაზებულ პროექტს ულტიმატუმად ნუ მიიღებენ. პრეზიდენტმა თანამემამულეებს განუცხადა, რომ რუსეთი აფხაზეთის მტერი კი არ არის, პირიქით - მეგობარია და რომ ახალ ხელშეკრულება აფხაზეთის სუვერენიტეტს არავითარ ზიანს არ მიაყენებს.
თავის მხრივ, ნაწილობრივ აღიარებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ ადგილობრივ ტელეეთერში გამოსვლისას აღნიშნა, რომ შესაძლოა აფხაზეთს არც კი დასჭირვებოდა ამ ხელშეკრულების დადება, საქართველო რომ მშვიდობის მსურველი ყოფილიყო: „რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმების დადების აუცილებლობას სწორედ საქართველოს აგრესიული პოლიტიკა განაპირობებს“, - პირდაპირ განაცხადა მინისტრმა, - „ჩვენ რუსეთთან ერთად უნდა ვიყოთ, რადგან საქართველო აფხაზეთს ემუქრება. თბილისი ნატოსაკენ მიიწევს, მასში გაწევრიანება სურს, ეს კი ჩვენთვის საფრთხის მომტანია. რთული ვითარებაა უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთშიც...“.
აფხაზეთ-რუსეთის ახალი ხელშეკრულების შესახებ თბილისიც ყურადღებას იჩენს: ჩატარდა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა, გაკეთდა განცხადებები და საქართველო ამ საკითხში დასავლეთის დახმარებას ელოდება. თავდაცვის მინისტრის ევროპული ვოიაჟის პროგრამაში აფხაზეთის პრობლემატიკის განხილვაც შედის. გარდა ამისა, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუს კოლეგასთან შეხვედრაზეც თანახმაა. განზე არ დარჩენილა საქართველოს ყოფილი მმართველი პარტიაც, რომელიც, ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ამ საკითხში წაუგებელ თამაშს ეწევა - 15 ნოემბერს მათ აფხაზეთის შესახებ საპროტესტო აქციის ჩატარება აქვთ დაგეგმილი. ალაპარაკდა ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც...
„თუმცა, აშკარაა, რომ საქართველოს პოზიცია რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულებაზე გავლენას ვერ მოახდენს: თბილისს, პრინციპში, სიტუაციის შესაცვლელად არავითარი პრაქტიკული ბერკეტი არ აქვს“, - ნათქვამია სტატიაში.