რუსეთ აფხაზეთის ახალი ხელშეკრულების პროქეტში ჩადებულმა დებულებებმა, რომლებიც ერთიანი საგარეო და სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ჩამოყალიბებასა
და ერთიანი სამხედრო დაჯგუფების შექმნას ითვალისწინებს, საქართველოში შოკი გამოიწვია. უკვე ჩატარდა მთავრობის სტრუქტურაში არსებული უშიშროებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომა, მიიღეს დადგენილებები, გაკეთდა განცხადებები, რომ საქართველო ამ საკითხს ევროპულ და საერთაშორისო პოლიტიკის არენაზე გაიტანს...
ამის შესახებ რუსული გამოცემა „ვერსია“ წერს, რომლის მიმოხილვასაც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ:
როგორ განვითარდება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულების გათვალისწინებით?
ალექსანდრე გუშჩინი, რუსეთის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის პოსტსაბჭოთა საზღვარგარეთის კათედრის დოცენტი: „თუ ყოფილი ავტონომიების დაბრუნების საკითხზე ვისაუბრებთ, მაშინ ამ პრობლემას ორი მხარე აქვს: შიდაპოლიტიკური და სტრატეგიული. ჩემი აზრით, სტრატეგიული თვალსაზრისით, საქართველოსა და რუსეთს შორის სიტუაცია გამწვავდება, რის მიზეზიც მნიშვნელოვანწილად რუსეთ-ამერიკის დაპირისპირება იქნება. თბილისი გრძნობს, რომ დასავლეთი, განსაკუთრებით კი ვაშინგტონი, რუსეთის მიმართ მკვეთრადაა განწყობილი და პოსტსაბჭოთა სივრცეში დარტყმებს მიაყენებს, ან, ყოველ შემთხვევაში, შეეცდება ამის გაკეთებას. ამ ფონზე საქართველოც, თავის მხრივ, ცდილობს პატრიოტიზმის აღორძინებას, რომელიც ბოლო პერიოდში მიყუჩებული იყო. თუმცა არ ვფიქრობ, რომ საქართველო ამწუთშივე დაიწყებს ძალისმიერი ნაბიჯების გადადგმას რუსეთის ან აფხაზეთის მიმართ. უბრალოდ, უახლოეს ხანებში სიტუაციის გამწვავებას უნდა ველოდოთ. შესაძლოა, ეს ვიზების საკითხსაც შეეხოს...“.
ვლადიმერ ევსეევი, დსთ-ის ინსტიტუტის კავკასიის განყოფილების გამგე: „რუსეთ-აფხაზეთის სამოკავშირეო და ინტეგრაციის ახალი ხელშეკრულების პროექტი 2008 წელს დადებული მსგავსი დოკუმენტის ლოგიკური გაგრძელებაა. მისი შემუშავება იმიტომ გახდა აუცილებელი, რომ განვლილი წლების განმავლობაში აფხაზეთში ვერა და ვერ განვითარდა ეკონომიკა და რესპუბლიკა კვლავ რუსული სუბსიდიებით ცოცხლობს. გარდა ამისა, აფხაზეთის უსაფრთხოებასაც ძირითადად რუსეთის შეიარაღებული ძალები (მე-7 სამხედრო ბაზა) უზრუნველყოფს. გასაგებია, რომ თბილისში ბევრი ამ ხელშეკრულებაზე სამომავლო ხელმოწერის შესაძლებლობას მტკივნეულად აღიქვამს. ამის ერთ-ერთ ალტერნატივად შეიძლება ჩაითვალოს აფხაზეთის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლა. ჰოდა, ამ პირობებში საქართველოს ხელისუფლებისთვის უმჯობესი იქნება მოსკოვთან ურთიერთობა კი არ გაამწვავოს, არამედ სოხუმთან ნორმალური დამოკიდებულების აღდგენის გზებზე იფიქროს - ჯერ ეკონომიკური, შემდეგ პოლიტიკური ურთიერთობების აღდგენაზე. მხოლოდ ასეთი მიდგომა შეაჩერებს აფხაზეთის ცენტრისკენულ პროცესებს, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ ძალიან დაჩქარდა. მიმაჩნია, რომ აუცილებელია თანასწორუფლებიანი დიალოგის დაწყება აფხაზეთის მოსახლეობასთან.
კონსტანტინ კალაჩევი, პოლიტიკურ ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი: „ჩემი აზრით, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში სტატუს-ქვო შენარჩუნდება. და ეს იმის მიუხედავად, რომ თბილისი დიდ უკმაყოფილებას გამოხატავს რუსეთ-აფხაზეთის ახალი ხელშეკრულების პროექტის გამო და ამ დოკუმენტს „აფხაზეთის ანექსიისაკენ გადადგმულ მორიგ ნაბიჯად“ მიიჩნევს. საქართველო გვპირდება, რომ „აგრესიულად იმოქმედებს“ და ამ კონტექტსში დასავლეთის დიპლომატიურ მხარდაჭერას იმედოვნებს. საქართველოს ყველაზე დიდ გაღიზიანებას იწვევს რუსეთ-აფხაზეთის ახალი ხელშეკრულების პროექტის ის დებულება, რომელიც ერთიანი სამხედრო დაჯგუფების შექმნას გულისხმობს „გარე აგრესიის აღსაკვეთად და აფხაზეთის საზღვრების დასაცავად“. თბილისის აზრით, საზღვრების მკაცრი გაკონტროლება გალის რაიონიდან მეგრელების განდევნის მცდელობას წარმოადგენს. მაგრამ განა შეუძლია საქართველოს რაიმე წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთი განზრახვას? არავითარი. მას ხომ რუსეთთან ეკონომიკური კავშირების შენარჩუნება სურს... ესე იგი, თბილისს ამის გადაყლაპვა მოუწევს...“.
ბესლან კობახია, აფხაზი და აბაზინი ხალხების მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტის მრჩეველი: „ამჟამად რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას მძიმე დრო უდგას, რაც დღეები გადის, სიტუაცია სულ უფრო რთულდება. აშკარაა, რომ უკვე მთავრდება ის დროებითი მყუდროება, რაც საქართველოში ხელისუფლების ცვლილებით იყო გამოწვეული. პირველად ბოლო წლების მანძილზე, თბილისში კვლავ გაისმა ისეთი რიტორიკა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმისთვის იყო დამახასიათებელი. გარდა ამისა, საყურადღებოა ისიც, რომ ბოლო დროს საქართველო-ნატოს ურთიერთობაც განვითარდა, რაც თბილისის განცხადებებს წონას აძლევს. თუმცა რუსეთზე ზეწოლის პოლიტიკა უშედეგოა. ამჟამად აფხაზეთში ხელშეკრულების პროექტის აქტიური განხილვა მიმდინარეობს და ეს სრულიად ღიად, დემოკრატიულად ხდება. დოკუმენტზე ხელმოწერა აფხაზი ხალხის კონსოლიდირების მომენტი იქნება. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ახალი ხელშეკრულება ამჟამად მოქმედი დოკუმენტის გაღრმავებაა, ახალი საერთაშორისო რეალიების გათვალისწინებით. ამით საქართველოსთვის არაფერი არ იცვლება. ვფიქრობ, რომ თბილისის განცხადება „აგრესიული ნაბიჯების“ თაობაზე უკავშირდება შიდაპოლიტიკურ სახელისუფლებო დაპირისპირებას, ძალაუფლებისათვის ბრძოლას და რუსეთზე ზეწოლის დასავლურ მცდელობებს.
http://versia.ru/articles/2014/oct/24/ojidanie_obostrenia