რუსული გამოცემა „სვობოდნაია პრესა,“ ჟურნალისტ სერგეი იშჩენკო სტატიას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, საფრანგეთი შვეულმფრენმზიდ „მისტრალს,“ რუსეთს უახლოესი კვირების განმავლობაში გადასცემს.
სტატიის მიმოხილვას საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ:
რუსი დიპლომატების, იურისტებისა და სამხედრო პირების მიერ განხორციელებული ზეწოლის შედეგად, ფრანგული გემთმშენებელი კომპანია STX, იძულებული გახდა განეცხადებინა, რომ პირველ „მისტრალს“ - შვეულმფრენმზიდ „ვლადივოსტოკს“ პარიზი მოსკოვს რამდენიმე დღის შემდეგ გადასცემს: გადაცემის წინასწარი ცერემონია 14 ნოემბერსაა დაგეგმილი, ანუ იმ ვადებში, რა ვადებსაც კონტრაქტი ითვალისწინებს - ვაშინგტონის, ვარშავის, კიევის, ბრიუსელის და რუსეთის სხვა არაკეთილმსურველების აღშფოთება-შეშფოთების მიუხედავად.
არადა, როგორ ცდილობდა ამერიკა კონტრაქტის ჩაშლას! შტატები პირდაპირ ხელს უგრეხდა პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს - გამოავლინე ატლანტიკური სოლიდარობა და რუსებს ეგ ხომალდები არ მისცე, მოსკოვი მათ თავისუფლებისმოყვარე უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენებსო. გემების გამოსყიდვასაც კი სთავაზობდა, მაგრამ ოლანდმა ვაჟკაცურად გაუძლო. ერთი მომენტი კი იყო, რომ თითქოს უკან იხევდა - გახსოვთ, ალბათ, ნატოს სამიტის წინ რომ განაცხადა, შეიძლება „ვალდივოსტოკის“ გადაცემა დავაყოვნოთო, მაგრამ ღმერთმა დაგვიფაროს, კონტრაქტს მაინც არ ჩავშლითო.
აბა, ერთი ჩაეშალათ, ნახავდნენ, რაც მოუვიდოდათ...
ისე, მაინც რა მოხდებოდა, ფრანგები თუ უარს იტყოდნენ კონტრაქტის შესრულებაზე?
პირველი - 1, 2 მილიარდ ევროს დაუყონებლივ უკან დააბრუნებდნენ;
მეორე - თუ „ვლადივოსტოკის“ გადაცემა 120 დღეს დააყოვნებდა, 121-ე დღიდან პარიზს მოსკოვისათვის ყოველდღიურად მილიონი ევროს გადახდა მოუწევდა;
მესამე - საფრანგეთის როგორც იარაღის მიმწოდებელი საიმედო სამხედრო პარტნიორის რეპუტაცია ზღვაში დაყვინთავდა;
მეოთხე - ფრანგი გემთმშენებლების მნიშვნელოვანი ნაწილი უმუშევრად დარჩებოდა;
მეხუთე - გაჩნდებოდა კითხვა: „რა უნდა ვუყოთ ხომალდის ბოლო ნაწილს - კიჩოს“, რომელიც რუსეთში, სანკტ-პეტერბურგის ქარხანაში დამზადდა და ბუქსირით წააცურეს სენ-ნაზერის გემთმშენებელ ვერფებში? კიჩო ხომ სუფთად რუსეთისაა...
მოკლედ, აშკარად ჩანს, რომ „მისტრალი“ ბინას რუსეთში დაიდებს.
თავის დროზე საკმაოდ ბევრი რუსი სამხედრო ექსპერტი ეჭვს გამოთქვამდა იმის თაობაზე, სჭირდება თუ არა რუსეთის სამხედრო ფლოტს ეს „მისტრალები“. მაგალითად, გეოპოლიტიკური პრობლემების აკადემიის პრეზიდენტი, პირველი რანგის კაპიტანი კონტანტინ სივკოვი ამბობდა, რომ მათი ყიდვა სამშობლოს ღალატის ტოლფასია, რომ ამ ტიპის ხომალდები რუსეთს არ სჭირდება და მათი ექსპლოატაცია მრავალ სირთულეებთანაა დაკავშირებული, მათი კორპუსი სუსტია, რუსულ მკაცრ კლიმატს და ყინულებს ოდნავადაც ვერ გაუძლებს, ისინი ძირითადად თბილ ხმელთაშუა ზღვასა და ატლანტიკაში ცურვისთვის არიან განკუთვნილნი... ბოლოს და ბოლოს, თუ მაინც და მაინც აუცილებელია, რუსეთს გააჩნია საკუთარი საშუალებები და თვითონ ააგებსო. გადამდგარი ადმირალის ვალენტინ სელივანოვის აზრით კი, რუსეთი მსგავს გემებს ჯერ კიდევ 70-იანი წლების ბოლოს აშენებდა, „მისტრალების“ ყიდვა კი რაღაც საეჭვო გარიგებასთან არის დაკავშირებულიო.
რა დასამალია და მართლაც არის ეჭვი, რომ „მისტრალების“ აშენება პარიზისა და მოსკოვის გარიგების ნაყოფია - პოლიტიკური ფასი ნიკოლა სარკოზისთვის, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შეჩერებისათვის.
მაგრამ სად უნდა წაიღოს რუსეთმა „მისტრალები“? ხმელთაშუა ზღვაში მოქმედ ოპერატიული შენაერთისათვის? არ გამოვა, რადგან სამშობლოდან მოშორებით ცურვის დროს მას შეიარაღება დასჭირდება, ფრანგებს კი გემზე იარაღი არ დაუმონტაჟებიათ. არა, მთლად ისე ცუდად არ არის საქმე - ადგილი არის დატოვებული საზენიტო რაკეტებისთვის, მაგრამ დანადგარები რუსეთმა თვითონ უნდა დაამონტაჟოს, რასაც დიდი დრო დასჭირდება. აბა, წარმოიდგინეთ: ორ „მისტრალზე“ („ვლადივოსტოკი“ და „სევატოპოლი“), თავსა და ბოლოში, 30-მილიმეტრიანი საარტილერიო დანადგარები, გვერდებზე კი - „გიბკას“ ტიპის თანამედროვე საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები... პრობლემატური ხდება შვეულმფრენების განლაგებაც: ახალი მოდიფიკაციის „კ-52“-ს მეტი ადგილი სჭირდება, შესაბამისად, გემბანის გაფართოებაა ხდება აუცილებელი. გარდა ამისა, უკვე ითქვა, რომ „მისტრალების“ კორპუსი სუსტია, ანუ ჩრდილოეთის ზღვის პატარა ყინულებშიც კი მათ ვერ გამოიყენებ...
მოკლედ, „ვლადივოსტოკს“ და „სევასტოპოლს“ გადმოცემიდან ერთი წელი მაინც დაჭირდება რუსულ ყაიდაზე მოსაწყობად.იმედი ვიქონიოთ, რომ მათი გადაიარაღების პროცესი დიდხანს არ გაგრძელდება და რუსეთის ფლოტი ორივე „მისტრალს“ ეფექტურად გამოიყენებს.