პოპულარული აზერბაიჯანული გამოცემა „ეხო,“ მიხეილ სააკაშვილის მიერ რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანში განხორციელებულ ვიზიტს ეხმიანება,
სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ექს-პრეზიდენტი, საპარლამენტო უმცირესობისა და „თავისუფალი ზონის“ წევრებს შეხვდა.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ აზერბაიჯანული გამოცემის მასალის მიმოხილვას გთავაზობთ:
„რთულია ზუსტად იმის თქმა, იმყოფებოდა თუ არა მიხეილ სააკაშვილი ამ დღეებში ბაქოში, განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ იგი ნიზამი განჯელის საერთაშორისო ცენტრის წევრია“, - განაცხადა „ეხოს“ კორესპონდენტთან საუბარში პოლიტიკური ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ცენტრის ხელმძღვანელმა, პოლიტოლოგმა მუბარიზ აჰმედოღლუმ. მისი თქმით, როგორც ჩანს, ინფორმაცია, თითქოსდა საქართველოს ექს-პრეზიდენტი აზერბაიჯანის დედაქალაქში თანამებრძოლებს შეხვდა, სინამდვილეს არ შეესაბამება. „თუ გავიხსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს თავის თანაპარტიელებთან უკვე ორჯერ ჰქონდა შეხვედრები საბერძნეთსა და თურქეთში, მაშინ ბაქოში დამატებითი შეხვედრის გამართვის აუცილებლობა აღარ უნდა ყოფილიყო. ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებამ, უბრალოდ, მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი აზერბაიჯანისათვის ერთგვარი მესიჯის გასაგზავნად გამოიყენა: „საქმე იმაშია, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებას ყველაფერში ეჭვი შეაქვს და ამიტომაც გაავრცელა ასეთი ინფორმაცია [ექს-პრეზიდენტის ბაქოში ყოფნის თაობაზე]. თბილისს სურს, რომ ოფიციალური ბაქოს რეაქცია დაინახოს. სხვას რომ თავი დავანებოთ, ვინ-ვინ და მიხეილ სააკაშვილმა კარგად უწყის, რომ ჩვენი ხელისუფლება მას არ მისცემს იმის უფლებას, რომ აზერბაიჯანის ტერიტორია საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებისათვის გამოიყენოს“.
„ეხომ“ ვერ შეძლო კომენტარის მოპოვება საქართველოს საელჩოს პრესსამსახურში.
ამასთან, როგორც ბაქოს გამოცემა „ნოვოე ვრემია“ იუწყება, 17-18 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილი ინკოგნიტოდ მართლაც იმყოფებოდა ბაქოში. კერძოდ, 17 ოქტომბერს იგი კლუბ „პაციფიკოში“ დაინახეს, ხოლო მეორე დღეს საქართველოს ექს-პრეზიდენტი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს შეხვდა. კომპეტენტური წყაროების მტკიცებით, სრულიად შესაძლებელია, რომ მიხეილ სააკაშვილი აზერბაიჯანს ყალბი დოკუმენტებით ეწვია.
მიუხედავად იმისა, რომ თვითონ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებას ჩამოშორებულია, მის მიერ შექმნილ პარტია „ერთიანი ეროვნული მოძრაობას“, ბოლო ხანებში ჩატარებული საზოგადოებრივი გამოკითხვებისა და სხვადასხვა დონის არჩევნების შედეგების მიხედვით, მკვიდრად აქვს დაკავებული მეორე ადგილი პოლიტიკურ რეიტინგში, მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ შემდეგ.
მკითხველს შევახსენებთ, რომ „ქართველი მეოცნებეების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ „ნაცმოძრაობის“ გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი, მის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის ბრალდების საფუძველზე დააპატიმრეს, გაასამართლეს და 4,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გამო, რაც ოპოზიციური მიტინგის სასტიკ დარბევაში გამოიხატა).
თუმცა პარტიის ხელმძღვანელის სავარძელი ცარიელი დიდხანს არ ყოფილა - 2014 წლის სექტემბერში „ნაცმოძრაობის“ ფორუმზე პარტიის ახალ ხელმძღვანელად ერთხმად იქნა არჩეული ზურაბ ჯაფარიძე, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი 18 ოქტომბერს შეხვდა. ოთხი დღის შემდეგ კი საქართველოში ექს-პრეზიდენტის მხარდამჭერთა მიტინგები და აქციები გაიმართა.
რაც შეეხება თვითონ „ვარდების რევოლუციის“ ლიდერს, მასზე სამშობლოში ძებნაა გამოცხადებული: სააკაშვილს ბრალად ედება სახელმწიფო სახსრების განიავება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, დეპუტატისადმი ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება და პრემიერ-მინისტრის მკვლელობის ორგანიზება.
მიხეილ სააკაშვილმა საქართველო პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვა და უკან აღარ დაბრუნებულა.
აქვე შევნიშნავთ, რომ უკანასკნელ ხანებში საქართველოს ხელისუფლება თავს მშვიდად ვეღარ გრძნობს. საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მზარდი თანმიმდევრობით აკრიტიკებს ხელისუფლებას იმის გამო, რომ მმართველმა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობა“ „ცრუ-ოპოზიციად“ გადააქცია. გარდა ამისა, ხელისუფლებამ ვერ შეძლო განსასჯელის სკამზე დაესვა ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს. ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ამ ტენდენციაში მთავრობის შეცდომები და სისუსტე კი არაა გამოხატული, არამედ ბოროტგანზრახვა: ყოფილ და ამჟამინდელ ხელისუფლებას შორის მოხდა ფარული გარიგება, შესაბამისად, „ქართული ოცნების“ არაეფექტური პოლიტიკის წყალობით მიხეილ სააკაშვილის პარტია პოლიტიკურ არენაზე დარჩა. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე მტკიცედაა დარწმუნებული იმაში, რომ „ბატონი მიხეილ სააკაშვილი განსასჯელის სკამზე უნდა იჯდეს და მას პასუხი უნდა მოეთხოვოს ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულისათვის“.
სხვათა შორის, სულ ახლახან პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ის ელჩთან შეხვედრისას, როცა ამერიკელმა დიპლომატმა მას კითხვა დაუსვა მიხეილ სააკაშვილისა და მის თანამოაზრეთა „პოლიტიკური დევნის“ თაობაზე, პასუხად მიანიშნა, რომ მას, როგორც პრეზიდენტს, თავისი წინამორბედის შეწყალება შეუძლია.
კიდევ ერთი ქართველი პოლიტიკოსი, პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ დღევანდელ ხელისუფლებასა და მმართველ კოალიციაში ბევრია ისეთი ადამიანები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროსაც მშვენივრად ცხოვრობდნენ და ახლაც თავს კარგად გრძნობენ, მათ დაავიწყდათ მთავარი დაპირება სამართლიანობის აღდგენის შესახებ. „არავის არ აქვს უფლება, მათ შორის პრეზიდენტსაც, რომ მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს. ქართველმა ხალხმა ხმა პრეზიდენტს და მმართველ კოალიციას ძირითადად იმ მიზნით მისცა, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი კლანი პასუხისგებაში მიეცათ იმ დანაშაულისათვის, რაც მათ ჩაიდინეს“.
ჯამილია ალეკპეროვა