„ათზე მეტი დაკავებული, რამდენიმე დაშავებული, რომლებიც რაიონულ საავადმყოფოშია გადაყვანილი - ასეთია ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი ინციდენტის შედეგები.
ადგილობრივმა მუსულმანებმა ზედმეტად აქტიურად გააპროტესტეს საერო ხელისუფლების გადაწყვეტილება სოფელში არსებულ ავარიულ შენობაში ბიბლიოთეკის გახსნის თაობაზე. მუსულმანების თქმით, შენობაში ადრე მეჩეთი იყო და ახლა იქ ბიბლიოთეკის გახსნა მათი რწმენის შელახვაა. ადგილობრივი ქრისტიანები, რასაკვირველია, მხარს ხელისუფლებას უჭერენ“, - ნათქვამია რუსული გამოცემა „ნეზავისიმაია გაზეტას“ სტატიაში (ავტორი - იური როქსი), რომლის მიმოხილვასაც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ.
პუბლიკაციაში ვრცლადაა მოცემული პრობლემის ისტორია, ხაზგასმულია ადიგენის რაიონის გეოგრაფიული მდებარეობა („სამცხე-ჯავახეთში, დასავლეთით მას აკრავს აჭარა, სადაც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი მაჰმადიანია, სამხრეთით კი მას თურქეთის ტერიტორია ესაზღვრება, სადაც ბოლო წლებში ისლამი ძლიერდება“), აგრეთვე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების, კერძოდ გუბერნატორ აკაკი მაჭუტაძის თვალსაზრისი „შენობას კულტურული დანიშნულება აქვს და მუნიციპალიტეტის ბალანსზეა.“
„ისე ჩანს, რომ კონფლიქტის გამწვავება საქართველოს ხელისუფლებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. გამწვავებული სიტუაციის გასანეიტრალებლად სოფელში პოლიციის ქვედანაყოფები შეიყვანეს“, - ნათქვამია სტატიაში. მასში ჩამოთვლილია აგრეთვე ბოლო ხანებში საქართველოში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი ინციდენტები.
„დამკვირვებელთა აზრით, ზოგადად საქართველოში კონფესიათაშორისო სიტუაცია გაუარესდა. შესაბამისად, ბალანსის დასაცავად ხელისუფლებამ ჭკუასა და გონებას მაქსიმალურად უნდა მოუხმოს, სულიერმა ლიდერებმა კი ცეცხლზე ნავთი არ უნდა დაასხან, მათ თავიდან უნდა აიცილონ კონფრონტაცია, მოუწოდონ მრევლს გამოიჩინონ სიყვარული და თმენა, რაც საქართველოში მოქმედი ყველა რელიგიის ფუნდამენტური საფუძვლებია“, ხაზგასმულია სტატიაში.