ინტერვიუში, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მაია ფანჯიკიძეს გერმანულმა ყოველდღიურმა გაზეთმა „ტაგესშპიგელმა“ ჩამოართვა,
ქართული დიპლომატიური უწყების მეთაური, უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტზე, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე და თვით საქართველოში არსებულ სიტუაციაზე საუბრობს. (ესაუბრება ჟურნალისტი კლაუდია სალცენი).
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ ინტერვიუს ქართულ ვერსიას გთავაზობთ:
- ბევრი დამკვირვებლის აზრით, უკრაინის კონფლიქტი საქართველოს მდგომარეობას მოგვაგონებს. თქვენს ქვეყანას აფხაზ და ოს სეპარატისტებთან დამოკიდებულების მდიდარი გამოცდილება აქვს. ცნობილია, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის ჯარების მიერაა ოკუპირებული. როგორ შეაფასებდით, თქვენი ქვეყნის გამოცდილების გათვალისწინებით, უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს?
- საქართველოში 2008 წელს ომი მხოლოდ ხუთი დღე გრძელდებოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში რუსეთმა სეპარატისტული რეგიონები დაიკავა და მათი დამოუკიდებლობა აღიარა. უკრაინაშიც მსგავსი მოვლენები ხდება. საერთაშორისო საზოგადოება ყირიმის ანექსიას იურიდიულად არასოდეს არ სცნობს, მაგრამ ფაქტიურად ყირიმი რუსეთის მიერაა ანექსირებული. სამწუხაროა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო მოქმედებების შედეგად ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა. როგორც ჩანს, უკრაინაში „გაყინული კონფლიქტის“ მდგომარეობა ყალიბდება. ეს ყველაფერი რუსეთის ინტერესებში შედის, რათა უკრაინაში სიტუაცია არ ჩაწყნარდეს - არასტაბილური უკრაინა ხომ ვერ ისარგებლებს ევროკავშირთან დადებული ხელშეკრულებით.
- როგორ მიგაჩნიათ, ევროკავშირმა ადექვატური რეგირება მოახდინა უკრაინის მიმართ რუსეთის მოქმედებაზე?
- ადექვატურად რეაგირება ძალიან რთულია. აშკარაა, რომ კონფლიქტი მშვიდობიანი მეთოდებით უნდა მოგვარდეს. ამასთან, ეკონომიკური სანქციებიც ძალიან მნიშვნელოვანია. ევროკავშირი ერთიანი პოზიციით და თანმიმდევრულად მოქმედებს.
- თქვენი აზრით, ევროკავშირმა რუსეთის მუქარები არასაკმარისად შეაფასა?
- რუსეთის მიმართ დასავლეთის რეაქცია 2008 წელსაც რომ ასეთი ყოფილიყო, რუსეთი თავს დაუსჯელად არ იგრძნობდა და პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების მიმართ ასე აგრესიულად არ იმოქმედებდა. ალბათ, რუსეთის მოქმედებაზე ყველაზე სწორი პასუხი საქართველოს ნატოში მიღება იქნება. როცა სუვერენული სახელმწიფო დამოუკიდებლად ღებულობს გადაწყვეტილებას რომელიმე ორგანიზაციაში გაერთიანების თაობაზე, არცერთ სხვა სახელმწიფოს ვეტოს უფლება არ უნდა ჰქონდეს.
- საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას. ამასობაში თქვენს ქვეყანას რუსეთთან ახალი პრობლემები გაუჩნდა: მოსკოვს, როგორც ჩანს, აფხაზ სეპარატისტებთან ინტეგრაციის ახალი ხელშეკრულების დადება სურთ. რა შედეგებს მოუტანს ეს საქართველოს?
- ეს არის რუსეთის კიდევ ერთი აგრესიული ნაბიჯი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსის წინააღმდეგ. ხელშეკრულება, რომელიც მოსკოვმა აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობას შესთავაზა, ნიშნავს იმას, რომ რუსეთი არაფრად არ თვლის აფხაზეთის [და სამხრეთ ოსეთის] „დამოუკიდებლობას“. ესაა ანექსიისაკენ გადადგმული ნაბიჯი, ყირიმის სცენარის მიხედვით. ჩვენ შეშფოთებულნი ვართ ამგვარი სიტუაციით და საერთაშორისო საზოგადოების მობილიზებას ვცდილობთ.
- მაგრამ საერთაშორისო რეაქცია რუსეთის ზრახვებზე ჯერ-ჯერობით არ ჩანს...
- რუსეთს ნათლად უნდა აუხსნან, რომ შემდგომ ანექსიას მსოფლიო აღარ მოითმენს. ჩვენ სასწრაფოდ ვაცნობეთ შექმნილი სიტუაცია ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს და ვთხოვეთ, რომ მათ ეს საკითხი რუსეთის წინაშე დააყენონ.
- კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ საქართველოში შიდაპოლიტიკური რეფორმების განხორციელების პროცესში დიდი წინსვლა არ შეინიშნება. რას იტყოდით ამის შესახებ?
- მე ვიტყოდი, რომ საქართველოში მიმდინარე რეფორმების პროცესს მოსახლეობა სწრაფად ვერ აღიქვამს. ალბათ, ამისთვის დროა საჭირო. ასოცირების ხელშეკრულება - ეს ქვეყნის განვითარების გენერალურ გეგმას წარმოადგენს. ევროპულ სამართალთან საქართველოს დაახლოებით 300-მდე კანონის ადაპტირება უნდა მოხდეს, რეფორმები უნდა განხორციელდეს ეკონომიკის სფეროშიც. ჩვენ ძალიან რთული მუშაობა მოგვიწევს, რომ ასოცირების ხელშეკრულებაში ჩადებული მოთხოვნები შევასრულოთ და ევროკავშირს დავუახლოვდეთ.
- სად ხედავთ თქვენს ქვეყანას ათი წლის შემდეგ?
- ევროკავშირში და ნატოში.
p.s. მაია ფანჯიკიძე, 54 წლის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი 2012 წლიდან. მინისტრად დანიშვნამდე იგი მუშაობდა გერმანული ენის მასწავლებლად და საქართველოს ელჩად გერმანიაში (შეთავსებით - ნიდერლანდებშიც).