რუსულ გამოცემა „ნოვოე იზვესტია“-ში გამოქვეყნებული სტატია, საქართველოს ექს-პრემიერ-მინისტრის, შს ექს-მინისტრის ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესს ეხება,
რომლის დროსაც მას დამატებით სამი წელი მიესაჯა: „როგორც სასამართლომ დაადგინა, მან როგორც მინისტრმა, რეზონანსული სისხლის სამართლის საქმის - სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გამოძიებისას, სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა“ - წერს გამოცემა.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ მასალის მიმოხილვას გთავაზობთ:
„რკინის ვანო“ - ასე უწოდებდნენ ცოტა ხნის წინათ მას თავის მხარდამჭერები. ვანო მერაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის გუნდის ერთ-ერთი ყველაზე შესამჩნევი ფიგურა იყო. შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ყოფნისას მან გახმაურებული პოლიციის რეფორმა განახორციელა და ამით ფაქტიურად საერთაშორისო რეკლამას უწევდა პრეზიდენტის პოლიტიკას. მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდის დასასრულს ვანო მერაბიშვილი რამდენიმე თვის განმავლობაში მთავრობის პრემიერ-მინისტრიც იყო“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.
სტატიაში მიმოხილულია ის სისხლის სამართლის საქმე, რომლის მიკერძოებულ და არაობიექტურ გამოძიებაში ბრალი ვანო მერაბიშვილს დასდეს - სანდრო გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებით. ავტორი აღნიშნავს, რომ „შარდენ-ბარში“, სადაც სამინისტროს მაღალჩინოსნებსა და სანდრო გირგვლიანს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა და რომელიც საბოლოოდ მკვლელობით დასრულდა, ზოგიერთი მონაცემით, მინისტრის ცოლი თაკო სალაყაიაც იმყოფებოდა. გამოძიება გაჭიანურდა. მართალია, დამნაშავენი დააპატიმრეს, მაგრამ მალე ისინი პრეზიდენტმა შეიწყალა და გაათავისუფლეს. ამ რეზონანსული საქმის გამო საზოგადოება ვანო მერაბიშვილსაც აკრიტიკებდა და მიხეილ სააკაშვილსაც, მაგრამ უშედეგოდ.
პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ვანო მერაბიშვილი ამჟამად ხუთწლიან პატიმრობაშია, მაგრამ ამნისტიის გამო მას პატიმრობის ვადა შეუმცირეს და ამ ბოლო განაჩენითაც კი ციხეში ყოფნა მხოლოდ სამი წელი მოუწევს.