„სომხეთის გზა ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში ბურუსითაა მოცული. ამ ორგანიზაციის დამფუძნებელებმა თვითონაც არ იციან, წინ რა ელოდებათ და ამიტომ ცდილობენ საკუთარი ეკონომიკისათვის საფრთხის რისკების შემცირებას“, - განუცხადა ჟურნალისტებს გუშინ, ერევანში, ექსპერტმა ოვანეს იგიტიანმა. მისი თქმით: „ვფიქრობ, რაც დრო გავა, მით უფრო მეტი დეტალი გახდება ჩვენთვის ცნობილი. ყაზახეთმა, რომელმაც ამას წინათ ხელი მოაწერა ევროკავშირთან დიდ სავაჭრო ხელშეკრულებას, ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების დროს შენიშვნები გააკეთა და ამით თავისი ინტერესები დაიცვა ბრიუსელთან დადებული შეთანხმების პირობების გათვალისწინებით. ასევე უნდა მოიქცეს სომხეთიც და რუსეთს საკუთარი ინტერესების პრიორიტეტები უნდა გამოუცხადოს“.
ოვანეს იგიტიანმა საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის აღდგენის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევრაზიულ კავშირში სომხეთის გაწევრიანების მიუხედავად, რკინიგზის აღდგენის პერსპექტივა ისევ გაურკვეველია. „მოსკოვიდან კი ისმის ყველანაირი განცხადებები, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს გარეშე რკინიგზაზე მოძრაობის აღდგენა ვერ განხორციელდება. თბილისს ამ ეტაპზე აშკარად არ სურს რაიმე ნაბიჯის გადადგმა, მას ინტეგრაციის სხვა კურსი აქვს არჩეული. გარდა ამისა, აფხაზეთის მონაკვეთის რეექსპლოატაცია რუსეთ-საქართველოს პოლიტიკურ წინააღმდეგობებს აწყდება. გასაგებია, რომ სომხეთის ინტერესების გათვალისწინება ამ შემთხვევაში არ მოხდება და თუ მოხდება, ამ რკინიგზის ამუშავებით სომხეთის ეკონომიკა მაინც და მაინც დიდი ეფექტს ვერ მიიღებს. ჩვენი მთავარი პრობლემა ტვირთების გადაზიდვა კი არ არის, არამედ საბაჟო ტარიფები იმპორტირებულ პროდუქციაზე“, - თქვა ოვანეს იგიტიანმა.
დიდი ბრიტანეთის არასამთავრობო ორგანიზაცია International Alert-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 1991 წლიდან უმოქმედო აფხაზეთის რკინიგზის რეკონსტრუქციას (სოჭი-სოხუმი-თბილისი-ერევანის მიმართულება) 277 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია დასჭირდება, რომელიც მოგებას მხოლოდ 100 წლის შემდეგ (!) მოიტანს. აღნიშნული თანხიდან 251 მილიონი ფსოუ-ენგურის უბნის აღდგენაზე დაიხარჯება, ხოლო ენგური-ზუგდიდის მონაკვეთზე - მხოლოდ 26,5 მილიონი. ზუგდიდიდან თბილისამდე და შემდეგ ერევნამდე რკინიგზა ჩვეულებრივად მუშაობს. საინტერესოა, რომ აფხაზი ექსპერტების გათვლით, რკინიგზის აღდგენის თანხის მოცულობა 350-400 მილიონ დოლარამდეა, მათი ქართველი კოლეგები კი თვლიან, რომ რემონტისათვის მხოლოდ 73 მილიონი დოლარია საჭირო.
http://www.arminfo.am/index.cfm?objectid=C02C0160-56BB-11E4-B58C0EB7C0D21663