„საქართველოს ექს-პრეზიდენტის პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შესასწავლად შინაგან საქმეთა სამინისტრომ,
სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის საფუძველზე, გამოძიება დაიწყო, რომელიც „კონსტიტუციური ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული შეთქმულების ან ამბოხების მოწყობას“ გულისხმობს, - აღნიშნულია რუსული გამოცემა „ნოვიე იზვესტიას“ სტატიაში.
მასალის მიმოხილვას საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ:
საერთოდ, ქართველი სამართალდამცველების განსაკუთრებული ინტერესის ობიექტად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ჯერ კიდევ წინა თვეებში იქცა, როცა შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ ერთ-ერთი ქართული გაზეთისათვის მიცემულ ინტერვიუში „ნაციონალები“ „ქვეყნის დესტაბილიზაციის“ გეგმებში დაანაშაულა. „ნაციონალებმა“ იმწუთშივე დაიწყეს ლაპარაკი პოლიტიკური დევნის თაობაზე, სამინისტრო კი პირიქით დაადანაშაულეს - უყურადღებობას იჩენს კრიმინალის მატებისადმიო და მინისტრის გადადგომა მოითხოვეს.
ამ დღეებში კი „ნაციონალურმა ოპოზიციამ“ თავიანთი კრიტიკული გამონათქვამების გამო პასუხი მიიღო: პოლიციამ განაცხადა, რომ ამ პარტიის წევრები ადამიანებს იტაცებდნენ და მსხვერპლს ფულს სძალავდნენ. ეჭვმიტანილები, რომლებიც წინა ხელისუფლების სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომლები აღმოჩნდნენ, უკვე დაკავებულები არიან. პროკურორმა აღნიშნა, რომ დაკავებულების „ნაცმოძრაობასთან“ კავშირზე მას არაფერი სმენია. ამის მიუხედავად, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ მისი შთაბეჭდილებით, ეს ყველაფერი „ნაციონალების“ ხელწერას ჰგავს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმაც არ დააყოვნეს და ხელისუფლების მოქმედება საკმაოდ მწვავე ეპითეტებით შეამკეს: „ფელიქს ძერჟინსკი და ნიკოლოზ ეჟოვიც კი ვერ მოიფიქრებდნენ ასეთ უზნეო სიცრუეს, რასაც ჩვენზე პრემიერ-მინისტრი იძახისო“.
აშკარაა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავზე შავი ღრუბლები იკრიბება. მართვის სტრატეგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელის პეტრე მამრაძის თქმით, არაა გამორიცხული, რომ პარტია აიკრძალოს. თუმცა, როგორც მან აღნიშნა, კოალიცია „ქართული ოცნების“ ზოგიერთი წევრი სიტუაციის ამგვარი განვითარებას არ დაუშვებს, ანუ ამ მიზეზით დასავლეთთან კავშირს არ გაწყვეტს: „ის, რომ „ნაცმოძრაობაში“ კრიმინალიტეტია, ეს ფაქტია, - განაცხადა პეტრე მამრაძემ „ნოვიე იზვესტიასთან“ საუბარში, - მაგრამ ასევე ფაქტია ის, რომ დღევანდელი ხელისუფლებაც მრავალ შეცდომას უშვებს, ქვეყანას არაეფექტურად მართავს და მისთვის „ნაცმოძრაობის“ ლანძღვა ერთგვარ მაშველ რგოლად იქცა. ეს ყველაფერი მოსახლეობაში უარყოფით რეაქციას იწვევს“.
ჯერ-ჯერობით, „ნაცმოძრაობით“ უკმაყოფილონი უფრო მეტია, ვიდრე ისინი, რომლებიც მათ წინააღმდეგ მიმართულ სანქციებს არ იწონებენ. ამას ადასტურებს ბოლო დღეებში „ერთიანი ნაცმოძრაობის“ ოფისის წინა გამართული საპროტესტო აქციები, რომლებშიც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.