ლიტვის პოპულარული გამოცემა „დელფი“-სადმი მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, რუსეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ექს-პრემიერი,
ამჟამდ კი რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ევგენი პრიმაკოვი, საერთაშორისო პრობლემებზე და გამოწვევებზე საუბრისას, თავის თვალსაზრისს საქართველოს შესახებაც გამოთქვამს (ავტორი - იანა ისრაელიანი).
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
- როგორ შეაფასებდით საქართველო-რუსეთის ურთიერთობას? 1990-იან წლებში მომხდარი კონფლიქტები თბილის-მოსკოვის დამოკიდებულებაში დღესაც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ...
- რამდენიმე ეპოზოდს მოგიყვებით, რომ სიტუაცია გაიგოთ. ჩემი საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდში შვებულებას სოჭში ვატარებდი, როცა ვლადისლავ არძინბამ დამირეკა. ძალიან გამიკვირდა. კი, ჩვენ ერთმანეთს ვიცნობდით, ერთად ვმუშაობდით - მე აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი ვიყავი, ის კი ჩემი თანამშრომელი, მაგრამ მაინც და მაინც კარგი ურთიერთობა ერთმანეთთან არ გვქონდა. გეტყვით რატომაც: როცა მე ინსტიტუტში „მგიმო“-დან (მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტიდან) მივედი, თან იქაური მუშაობის წესები წავიყოლე და მათ განხორციელებას შევუდექი. ერთ-ერთი ასეთი წესის თანახმად, პირი, რომელსაც დაცული ან განხილული არ ექნებოდა დისერტაცია, ასპირანტურის ვადის დასრულების შემდეგ სამსახურს საერთო საწყისებზე იწყებდა. ასეთ სიტუაციაში არძინბას ცოლი სვეტლანა ჯერგენიაც აღმოჩნდა. დამიწყეს სოხუმიდან ტელეფონით რეკვა, რომ ინსტიტუტში იგი მეცნიერ-თანამშრომლად მიმეღო. მე უარი განვუცხადე. ამას იმიტომ გიყვებით, რომ გაჩვენოთ, რატომ არ მქონდა კარგი ურთიერთობა ვლადისლავ არძინბასთან...
ამიტომაც როცა მან წარსულში მომხდარი ასეთი არასასიამოვნო ისტორიის ფონზე სოჭში თვითონ პირადად დამირეკა, მივხვდი, რომ ეს ექსტრაორდინარული შემთხვევა იყო. მან მთხოვა, რომ მიმიღეო, სალაპარაკო მაქვსო. ცხადია, დავთანხმდი. ძალიან დიდხანს ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, რთული მომენტები იყო. არძინბა უარს ამბობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებაზე. კომპრომისის სახით მე ასეთი ვარიანტი შევთავაზე: „აფხაზეთის თანხმობა საქართველოსთან ერთად საერთო სახელმწიფოში იყოს, საქართველოს სსრ-ის საზღვრებში, 1991 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით“.
ძალიან ბევრი ვიდავეთ. მერე ჩემი ცოლი მეუბნებოდა, რომ ასეთი ხმამაღალი და გაღიზიანებული ლაპარაკი შენგან არასდროს გამიგიაო. ძალიან დიდი წვალებით, მაგრამ არძინბა მაინც დავარწმუნე, რომ ჩემი ფორმულირება მიეღო. ეს კოლოსალური ნაბიჯი იყო. ვფიქრობდი, რომ ახლა არძინბა თბილისში უნდა წავიყვანო-მეთქი. იმ მომენტისათვის იგი შვიდი წელი [ქართველი სამართალდამცველების მიერ] ძებნაში იმყოფებოდა. მე შევძელი და ვლადისლავ არძინბასა და ედუარდ შევარდნაძის შეხვედრის ორგანიზება გავაკეთე. თბილისი აეროპორტში ძალიან გაუკვირდათ, როცა დაინახეს, რომ მე თვითმფრინავის ტრაპით არძინბასთან ერთად ვეშვებოდი. დამხვდურებს შორის, სხვათა შორის, ზურაბ ჟვანიაც იყო. მისალმებების შემდეგ არძინბა შევარდნაძესთან ერთად პირისპირ დავტოვე... მათ ძალიან მძიმე მრავალსაათიანი საუბარი ჰქონდათ...
ნათლად ჩანდა, რომ ახალი ფორმულა ძირითად საკანონმდებლო აქტად უნდა ქცეულიყო და ყველა დოკუმენტი მას უნდა დაქვემდებარებოდა.. ედუარდ შევარდნაძემ წინადადება შემოიტანა ტერმინი „საერთო სახელმწიფო“ შეცვლილიყო „ერთიანი სახელმწიფოთი“. არძინბა, რასაკვირველია, არ დაეთანხმა. ეს უკვე მოლაპარაკების ჩაშლა იყო. კონფლიქტის თავიდან აცილების კოლოსალური შესაძლებლობა ხელიდან იქნა გაშვებული. შემდეგ ვახშამი გაიმართა და სუფრასთან, როგორც წესია, ყველა ერთმანეთის სადღეგრძელოს სვამდა. ამით დასრულდა პრობლემის მოგვარების მცდელობა. შეიძლება ვთქვათ, რომ ეს იყო სიტუაციიდან გამოსვლის კარგი მომენტი...
- და ახლა თუ არის კონფლიქტის მოგვარების რაიმე შანსი?
- გულახდილად რომ გითხრათ, არ ვფიქრობ, რომ აფხაზეთი თავის სუვერენიტეტზე უარს იტყვის. დაწყებული პროცესების შეჩერება ძალიან ძნელია. ამასთან, ვფიქრობ, რომ ეს საკითხი საქართველო-რუსეთის ურთიერთობებებში მთავარი დაბრკოლება არ უნდა იყოს.
- შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გარკვეული დროის შემდეგ აფხაზეთის „გაყინული“ კონფლიქტი ისევ „გალღვება“?
- არა მგონია ასე მოხდეს. არ მჯერა, რომ ქართულ-აფხაზური ომის შესაძლებლობა დადგება, თუმცა ცალკეული აქციები ორივე მხარისაგან იქნება. ალბათ, ყველაფერი ეკონომიკაზე იქნება დამოკიდებული. თუ სოხუმსა და თბილისს შორის ეკონომიკური კავშირები გაიბმება, სიტუაცია ისეთი მწვავე აღარ იქნება და მხარეები ურთიერთობის ფორმების ძიებას დაიწყებენ.
- საეჭვოა, რომ თბილისმა სოხუმთან სახელმწიფოთა მეთაურების დონეზე მოლაპარაკება დაიწყოს თუნდაც იმიტომ, რომ მის დამოუკიდებლობას არ აღიარებს. როგორ შეიძლება ურთიერთობა დაამყარო ისეთ სიტუაციაში, როცა მხარეთა პოზიციები ერმანეთისაგან პრინციპულად განსხვავდება?
- მოლაპარაკება ომის დროს უნდა მომხდარიყო. ბოლოს და ბოლოს, ყველა ომი ზავით მთავრდება. ახლა, მადლობა ღმერთს, ომი აღარ არის. ვფიქრობ, არ არსებობს ისეთი გადაულახავი დაბრკოლება, რომელმაც შეიძლება აბსოლუტურად გამორიცხოს მოლაპარაკების შესაძლებლობა.
- ვისთან უნდა დაიწყოს თბილისმა დიალოგი - მოსკოვთან თუ სოხუმთან?
- სოხუმთან. ერთმნიშვნელოვნად. თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ დღეს რუსეთი აფხაზეთში ყველას და ყველაფერს აკონტროლებს, ძალიან სცდებით. ზოგჯერ იქ ისეთი პროცესები მიდის ხოლმე, რომ რუსეთს არ ექვემდებარება. რასაკვირველია, ჩვენ ახლოს ვართ, ვეხმარებით, მაგრამ აფხაზეთი მაინც სახელმწიფოებრივი წარმონაქმნია და არა რუსეთის კოლონია.
- 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს, როგორც მოსკოვი აცხადებდა, რუსეთი თავის მშვიდობისმყოფლებს იცავდა, მაგრამ რუსეთის არმია სამხრეთ ოსეთის ფარგლებს გასცილდა და კინაღამ თბილისამდე მივიდა. განა ამის აუცილებლობა იყო?
- ომს თავისი კანონები აქვს... როცა სამხედრო მოქმედება მიდის, საკითხები ხშირად ადგილზე წყდება. ამგვარი შემთხვევები ადრეც ძალიან ბევრი მომხდარა, ახლაც ხდება, მობილური ტელეფონების არსებობისა მიუხედავად: ერთი მხრივ - მოლაპარაკება მიდის, მეორე მხრივ - სამხედროებიც მოქმედებენ... ახლაც თითქმის ასე მოხდა: ვფიქრობ, რუსი სამხედროები რაღაც ეიფორიაში იყვნენ და თბილისსაც იმიტომ მიუახლოვდნენ. მე, მაგალითად, აბსოლუტურად ზუსტად ვიცი, რომ იყო ბრძანება თბილისზე შეტევა არ განხორციელებულიყო. არადა, ქალაქის დაკავება უკვე ძალიან იოლი გახლდათ, რამდენიმე საათიღა იყო საჭირო, ამის ამოცანა რომ მდგარიყო. მაგრამ ამოცანა არ ყოფილა.
- ზოგიერთი რუსი ანალიტიკოსის განცხადებას თბილისში ნეგატიურად აღიქვამენ. იქნებ კომეტარი გაუკეთოთ ალექსანდრე დუგინის გამონათქვამებს, რომელიც საქართველოს შესახებ მკვეთრად ლაპარაკობს?
- ჩვენ ჟირინოვსკიც გვყავს (იცინის)... ნახევრადშეშლილ ადამიანებს ყურადღებას ნუ მივაქცევთ, მათ არც უნდა მოვუსმინოთ. კი, ხშირად გამოდიან ტელევიზიით, მაგრამ ამას შოუების გამოსაცოცხლებლად აკეთებენ ხოლმე. ამაში ჟურნალისტებია დამნაშავე, ისეთებს რომ ეთერს აძლევენ...
- იცნობთ ბიძინა ივანიშვილს? თბილისში ზოგიერთები თვლიან, რომ ქართველი ოლიგარქი მოსკოვის დახმარების გარეშე რუსეთში თავის აქტივებს ვერ გაყიდდა...
- არ ვიცი, მას ვინ დაეხმარა. მე იმ პერიოდში სავაჭრო-სამრეწველო პალატას ვხელმძღვანელობდი, ეს დაწესებულება კი ამგვარ საქმეებში არ მონაწილეობს. ბიძინა ივანიშვილთან მხოლოდ ერთხელ ვარ შეხვედრილი, როცა საგარეო საქმეთა მინისტრად ვმუშაობდი. იგი იმ დროს სამინისტროსთან ახლოს შენობას აშენებდა, რომელშიც მიწისქვეშა გარაჟი უნდა ყოფილიყო. ჩვენ მოვილაპარაკეთ, ვისი უნდა რგებოდა ეს გარაჟი. მეტად მას აღარ შევხვედრივარ...
- თქვენი აზრით, რატომ მოვიდა იგი პოლიტიკაში?
- მტკიცედ შემიძლია განვაცხადო, რომ იგი პოლიტიკაში რუსეთს არ მოუყვანია. ამას აბსოლუტურად ზუსტად გეუბნებით. ეს შიდაქართული საკითხებია..
- და როგორ ფიქრობთ, რატომ წავიდა იგი პოლიტიკიდან?
- მე კი მგონია, რომ იგი პოლიტიკიდან არ წასულა.