უკრაინული გამოცემა „ზერკალო ნედელი,“ ცნობილ ქართველ კომპოზიტორ გია ყანჩელთან ჩაწერილ ინტერვიუს აქვეყნებს,
სადაც კომპოზიტორი, კულტურის საკითხების გარდა, თავის თვალსაზრისს პოლიტიკური პრობლემების მიმართაც გამოხატავს, საუბრობს საქართველოს ექს-პრეზიდენტისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შესახებ, უკრაინის კრიზისზე და სხვა პოლიტიკურ თემებზე (ესაუბრება ვასილი ხუდიცკი).
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
- თქვენ უკვე 20 წელია „სამშობლოსგან მოშორებით“ - ბელგიის ქალაქ ანტვერპენში ცხოვრობთ: კომფორტი, სიმშვიდე, ევროპული სტანდარტები... საქართველოში კი ისევ ახალი ქვეყნის მშენებლობას აგრძელებენ...
- დიახ, ბელგიაში ვცხოვრობ... მაგრამ ვინ გითხრათ, რომ მე სამშობლოში იშვიათად ჩავდივარ? შესაძლოა ადრე მართლაც იშვიათად, მაგრამ ახლა წელიწადში ოთხჯერ და ხუთჯერაც ჩავდივარ... საქართველო იყო, არის და იქნება ჩემი სამშობლო.
- გვერდს ვერ ავუვლით ზოგიერთ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემას... როგორც იცით, დღეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „შერისხულია“ და მის საქმიანობას სამართალდამცველი ორგანოები იძიებენ. როგორ შეაფასებდით მისი მმართველობის პერიოდს? მხედველობაში მაქვს თქვენი, როგორც შემოქმედებითი ადამიანის, თქვენი მეგობრებისა და კოლეგების თვალსაზრისი. რა გარდატეხა მოხდა კულტურის სფეროში? რა გაკეთდა კარგად და რა ცუდად? იგრძნეს თუ არა ქართველებმა მიხეილ სააკაშვილის რეფორმების სიკეთე? რას ფიქრობთ პირადად თქვენ ამ საკითხზე?
- პირველ ეტაპზე პრეზიდენტისა და მისი გუნდის საქმიანობა „პლუსით“ აღინიშნებოდა. მე მას ხმაც კი მივეცი, თუმცა მე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არასდროს მომწონდა. მე ამ სიტყვებისადმი რაღაც ფრთხილი დამოკიდებულება მაქვს...
- რატომ?
- იმიტომ, რომ ამ ცნებებით, როგორიცაა „ეროვნული“ და „პატრიოტული“ ძალიან ხშირად ისეთი ადამიანები სარგებლობენ, რომლებთაც ეს მხოლოდ გარე გამოვლენისათვის სჭირდებათ... ხოლო რაც შეეხება მათ დედაარსს, ჩემი აზრით, ის ადამიანები, რომლებსაც სამშობლო მართლაც უყვართ, თავიანთ პატრიოტიზმს და ეროვნულ კუთვნილებას არასდროს ზედმეტად არ გამოხატავენ. ასე რომ, მიხეილ სააკაშვილის საქმიანობის საწყის პერიოდში პირველ ადგილზე უფრო „პლიუსები“ იყო, „მინუსები“ კი უკანა პლანზე. თუმცა, რაც დრო გადიოდა, „მინუსები“ წინა პლანზე გამოდიოდა და საბოლოო ჯამში, „მინუსებმა“ „პლიუსები“ გადაფარეს. ძირითადად ეს მისი მმართველობის მეორე ვადაში მოხდა. ამიტომაც მე მისდამი ორაზროვანი დამოკიდებულება მაქვს. მან ძალიან ბევრი კარგი და საინტერესო გააკეთა, მაგრამ ეს ხდებოდა საკმაოდ ცუდ ფონზე.
- თქვენს თვალსაზრისს საქართველოში ბევრი იზიარებს?
- მე სხვა შემოქმედებითი ადამიანების ნაცვლად ვერ ვილაპარაკებ, მხოლოდ საკუთარ აზრის გამოთქმა შემიძლია... რაც შეეხება უკრაინას, ის თავისი ბედით საქართველოს ჰგავს. ჩემი სამშობლოს მიწებიც ხომ იგივე უცხო ჯარებითა ოკუპირებული. უკრაინაში, მის აღმოსავლეთ ნაწილში ნამდვილი ხოცვა-ჟლეტვა მიმდინარეობს. აი, ამაშიც ჩვენი ხალხების ერთნაირად ტრაგიკულ ერთობას ვხედავ.