სომხური გამოცემა „ლრაგირი“ ჟურნალისტ ნაირა აირუმიანის სტატიას აქვეყნებს, რომელიც დაღესტნისა და კახეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას შეეხება.
მასალის მიმოხილვას საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ:
მოსკოვში და ბაქოში სულ უფრო ხშირად საუბრობენ ერთმანეთთან რუსეთ-აზერბაიჯანის „უპრეცედენტო დაახლოების“ თაობაზე, რომელიც შესაძლოა აზერბაიჯანის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებით დაგვირგვინდეს. მართალაც, აზერბაიჯანისთვის ამ კავშირში შესვლა უფრო სასიხარულო იქნება, ვიდრე სომხეთისათვის, მაგრამ ნათელი იყო: სანამ ევრაზიულ კავშირში ბაქო შევა, იქ ჯერ ერევანი უნდა შესულიყო. თან ისე უნდა შესულიყო, რომ გაწევრიანება „გაეროს მიერ აღიარებული საზღვრებით“ მომხდარიყო, ანუ მთიანი ყარაბაღის გარეშე. ეს იმიტომ, რომ მერე სომხეთს არ განეცხადებინა პროტესტი, აზერბაიჯანი რატომ შემოდის ასევე „გაეროს მიერ აღიარებული საზღვრებითო“, ანუ მთიანი ყარაბაღის ჩათვლით.
რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრის ვლადიმერ ჯაბაროვის განცხადებით, აზერბაიჯანის ევრაზიულ კავშირში შესვლა ხელს შეუწყობს მთიანი ყარაბაღის პრობლემის მოგვარებას, თუმცა როგორ და რანაირად, ჯერ უცნობია.
სომხეთი და აზერბაიჯანი ამჟამად დამოკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრები არიან, მაგრამ ამ კავშირმა პოლიტიკური გადაწყვეტილება კონფლიქტების მოგვარების თაობაზე უკანასკნელად1994 წელს მიიღო. დღეს დსთ პრაქტიკულად უმოქმედოა, ევრაზიული კავშირი კი პრაქტიკულ ნაბიჯებს გვთავაზობს - საბაჟო პუნქტების შექმნიდან დაწყებული უსაფრთხოების უზრუნველყოფით დამთავრებული - „ოდკბ“-ის ანუ კოლექტიური უსაფთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ძალებით. ეს ნიშნავს, რომ ევრაზიულ კავშირს სრულებით ხელეწიფება მთიანი ყარაბაღის პრობლემის გადაჭრა „გაეროს მიერ აღიარებული საზღვრების“ შესაბამისად.
რუსეთი დღეს ყველაფერს აკეთებს, რომ სომხეთი თავის ფორპოსტად აქციოს - „საქართველოსა და ირანის ზურგში მდებარედ“. მოსკოვს სურს, რომ სომხეთი „თავისთან მიიბას“ და ამით საბოლოოდ ჩამოაშოროს ევროატლანტიკურ სივრცეს. ამ მიზნით რუსეთს ბევრ რამეზე წასვლა შეუძლია: მაგალითად, უკვე მოლაპარაკებას აწარმოებს საქართველოსთან ახალი საავტომობილო გზის მშენებლობის თაობაზე, რომელიც საქართველოს (და სომხეთსაც) დაღესტნის გავლით კასპიის ზღვასთან დააკავშირებს.
და ამ დროს სომხეთიდან რუსეთისაკენ მიმავალი სამხედრო გზა ზემო ლარსის გავლით თანდათანობით იხურება - მეწყერებისა და კლიმატური პირობების გამო. აღსანიშნავია, რომ რუსეთი უარს ამბობს ამ გზაზე გვირაბის მშენებლობის დაფინასებაზე და ამ დროს ახალი მაგისტრალის მშენებლობაზე ფიქრობს, თანაც „სომხეთის სასარგებლოდ“ - კარგი იქნება კასპიის ზღვაზე ჰქონდეს გასასვლელიო...
მოკლედ, სომხეთს ყველა შანსი აქვს იმისთვის, რომ ევრაზიული აზერბაიჯანის ვილაიეთად გადაიქცეს.