„საქართველოში გასული კვირის მთავარ თემად იქცა აშშ-ის ელჩის რიჩარდ ნორლანდის სენსაციური გამოსვლა, რომლის დროსაც მან საჯაროდ უსაყვედურა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს - „დღევანდელი ხელისუფლება იმის ნაცვლად, რომ მომავალზე იფიქროს და ზრუნავდეს, მიხეილ სააკაშვილისა და მის მხარდამჭერთა სამართლებრივი დევნითაა დაკავებულიო“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.
ელჩის განცხადებამ მძაფრი რეაქცია გამოიწვია. ოპოზიციამ დიპლომატის სიტყვები კოალიცია „ქართული ოცნებისადმი“ მიმართულ გაფრთხილებად აღიქვა: თუ საქართველოს ხელისუფლება აშშ-ში ტურისტის სტატუსით მყოფ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებას მოითხოვს, ეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გარდაუვალ გაურესებას გამოიწვევსო. გიორგი მარგველაშვილმა უპასუხა, რომ მას შეუძლია ექს-პრეზიდენტი შეიწყალოს - ცხადია, სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის შემდეგ.
„დიპლომატიური ინციდენტი“ თბილისში, აშშ-ის სავაჭრო პალატის სახელით გამართულ სადილზე მოხდა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც ესწრებოდა. ამერიკის ელჩმა, რომელიც პრეზიდენტის გვერდით იჯდა, სიტყვა მოითხოვა, აიღო მიკროფონი, დაელოდა დარბაზის ჩაწყნარებას და პრეზიდენტს შემდეგი კითხვა დაუსვა: „ძალიან მაინტერესებს, რას უპასუხებთ ამერიკაში სამომავლო ვიზიტის დროს (რომელიც, ვიმედოვნებ, რომ მალე განხორციელდება) ვაშინგტონელი სკეპტიკოსების შეკითხვას, რომელთა აზრით, საქართველო უფრო მეტად წარსულისკენ იხედება, ვიდრე მომავლისკენ“?
გამოცდილი დიპლომატის რიჩარდ ნორლანდის ამ ფრაზაში რამდენიმე მინიშნებაა:
პირველი - გიორგი მარგველაშვილს ჯერ არ მიუღია მიწვევა აშშ-ში ვიზიტის თაობაზე და ეს ელჩს, ცხადია, არ შეიძლება არ სცოდნოდა. ბატონმა ნორლანდმა მშვენივრად უწყის გიორგი მარგველაშვილის აშშ-ში ვიზიტის ამასწინანდელი ჩაშლის თაობაზე, სადაც იგი ეკოლოგიურ კონფერენციაზე გამოსვლას გეგმავდა. ამიტომაც დიპლომატის სიტყვები „სამომავლო ვიზიტი“ თბილისში ბევრმა დახვეწილ ირონიად აღიქვა.
მეორე და ყველაზე მთავარი - ამერიკელ ელჩს არცერთი გვარი არ დაუსახელებია, არც მიხეილ სააკაშვილის, არც მისი უახლოესი თანაგუნდელებისა, რომლებთაც დღეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად სარგებლობის გამო ასამართლებენ... მაგრამ გიორგი მარგველაშვილმა პასუხად სწორედ მათი დასახელებით დაიწყო, რომ ექს-პრეზიდენტისა და სხვა ყოფილი ჩინოვნიკების საქმიანობის გამოძიება „ქვეყნისთვის ძალიან სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენსო“, თან იქვე შენიშნა, რომ საქართველოს შეუძლია ამ სიტუაციის განეიტრალება, რადგან პრეზიდენტს კონსტიტუციური უფლება აქვს მიხეილ სააკაშვილი და სხვა ბრალდებულები შეიწყალოსო.
მაგრამ საქმე იმაშია, რომ სახელმწიფოს მეთაურს ამ პრეროგატივით სარგებლობა მხოლოდ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის შემდეგ შეუძლია.
დასავლელ დიპლომატებს ადრეც გამოუთქვამთ მსგავსი ეჭვები, მაგრამ არა იმდენად ბრალდებათა კანონიერების შესახებ, არამედ საერთოდ, მსგავსი გამოძიებისა და სასამართლოს პროცესების მიზანშეწონილობის მიმართ. სულ ცოტა ხნის წინ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამაც საქართველოს ხელისუფლება პოლიტიკური ოპონენტების დევნაში დაადანაშაულა“, - აღნიშნულია მასალაში.
„რადიო ფრანსე ინტერნასიონალეს“ ჟურნალისტი ამ თემაზე რამდენიმე რესპოდენტს ესაუბრება:
1: ექს-პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მთავრობისდროინდელ საგარეო საქმეთა მინისტრს ირაკლი მენაღარიშვილს, რომლის თქმით, თუ გიორგი მარგველაშვილის აშშ-ში ვიზიტი განხორციელდება, მას მოუწევს დეტალურად, დამარწმუნებლად აუხსნას ამერიკელ პოლიტიკოსებს საქართველოში მიმდინარე სასამართლო პროცესების თაობაზე და რომ ეს ყველაფერი სამომავლოდ საზოგადოების გასაჯანსაღებისკენაა მიმართული და პოლიტიკურ შურისძიებას არ ნიშნავს. „მე არ მახსოვს, რომ აშშ-ის რომელიმე ელჩს, გნებავთ სახელმწიფო მდივანს ჯეიმს ბეიკერს ასეთ თემებზე ედუარდ შევარდნაძესთან საჯაროდ ესაუბრა, ყველაფერი დახურულ კარს მიღმა წყდებოდა“, - ამბობს ირაკლი მენაღარიშვილი რადიოეთერში.
2: საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, პარლამენტარ ზაქარია ქუცნაშვილს, რომლის თქმით, ამერიკელი დიპლომატის გამონათქვამი საქართველოს ხელისუფლების მიმართ საკმაოდ „მეგობრულია“. ამასთან, მან განმარტა, თუ რატომ არ მოსწონს დასავლეთს ყოფილი მმართველი გუნდის სამართლებრივი დევნა: „დასავლეთისათვის უფრო მთავარია ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა და არა ყოფილი ჩინოვნიკების უკანონო საქმიანობის ამსახველი ფაქტები. მათ მიაჩნიათ, რომ უფრო დიდი ფასეულობაა ხელისუფლების არაძალადობრივი, დემოკრატიული ცვლა, ვიდრე მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება. დასავლეთის პოზიცია სრულებით პრაგმატულია: თუ მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს წინაშე წარსდგება, მაშინ პოსტსაბჭოთა სივრცის ავტორიტარული ლიდერებისათვის ძნელი იქნება იმაში დარწმუნება, რომ მათ დემოკრატიული არჩევნები ჩაატარონ... ისინი ხომ იფიქრებენ, რომ თუ არჩევნებში დამარცხდებიან, წინ სასამართლო და სახრჩობელა ელოდებათ“.
3: პარლამენტის ყოფილ სპიკერს, ოპოზიციური პარტიის ლიდერს ნინო ბურჯანაძეს, რომლის თქმით, ამერიკელი რიჩარდ ნორლანდის შეკითხვა საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობითაა განპირობებული: „ორი წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ ვერა და ვერ შეძლო „ერთიანი ნაცმოძრაობისათვის“ მტკიცე ბარალდების წაყენება. არადა, ასეთი მტკიცებულებები ნამდვილად არსებობს. დასავლეთს კი, თავის მხრივ, არ სურს უარი თქვას თავის მთავარ მოკავშირეზე - „ნაციონალურ მოძრაობაზე“, რომელიც აქტიურად მუშაობს დასავლეთში... „ქართული ოცნებას“ რომ უფრო გაბედულად ემოქმედა და რეალური ბრალდებები წაეყენებინა მიხეილ სააკაშვილისათვის, დასავლეთში ხმას ვერავინ ამოიღებდა მისი რეჟიმის დასაცავად, რომელსაც დემოკრატიასთან არაფერი საერთო არ აქვს. ჯერ-ჯერობით, რაც კეთდება, ეს მხოლოდ ფარსია, რადგან მიხეილ სააკაშვილს რეალურად არავინაც არ დევნის: კაცს, რომელმაც თავისი დანაშაულებრივი მოქმედების შედეგად ქვეყნის ტერიტორიის 20% დაკარგა, რომელსაც ასობით პოლიტპატიმარი ჰყავდა, ათასობით უკანონოდ მსჯავრდებული, ახლა შვიდი პიჯაკისა და ერთი პალტოს ყიდვას აბრალებენ... თუ დღევანდელ ხელისუფლებას მართლაც სურს მიხეილ სააკაშვილის დასჯა, გარწმუნებთ, რომ ამისათვის დოკუმენტების საკმარისი რაოდენობა მოიპოვება. ჩვენს ხელისუფლებას რომ „ერთიანი ნაცმოძრაობის“ დაგმობა სდომებოდა, მას არ მისცემდა იმის ნებას, რომ „მოსახლეობის 40%-ის“ სახელით ელაპარაკა, მათ ხომ საპარლამენტო არჩევნებში ხმების 40% ნამდვილად არ მიუღიათ“- განაცხადა ნინობ ბურჯანაძემ;
4: „ნაცმოძრაობის ერთ-ერთი ლიდერს დავით დარჩიაშვილს, რომლის თქმით, „პოლიტიზებული სასამართლო პროცესები და თითიდან გამოწოვილი ბრალდებები მმართველი კოალიციისათვის უარყოფითი შედეგების მომტანი იქნება.
http://ru.rfi.fr/kavkaz/20141011-mikhail-saakashvili-sudit-ili-milovat/