მიხეილ შეინკმანი, მიმომხილველი
როგორც გავიგეთ, გიორგი მარგველაშვილს, საქართველოს პრეზიდენტს, ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებთან შეხვედრისას,
არაორაზროვნად მიუნიშნებია, რომ შეიძლება მიხეილ სააკაშვილი შევიწყალოო. არადა, ქართველების თვალში ხომ ეს უფრო ღალატს ჰგავს, ვიდრე შეწყნარება-შეწყალებას.
ისე, ტყუილად არ ამბობენ, რომ კარგი სუფრა კაცს ლაპარაკის საღერღელს აღუძრავსო.. საქართველოს პრეზიდენტს ასე გულახდილად სავაჭრო პალატის მიერ გაშლილ სუფრაზე ულაპარაკია. მანამდე კი გიორგი მარგველაშვილისთვის, სუვერენული ქვეყნის მეთაურისთვის, თანამესუფრე რიჩარდ ნორლანდს, აშშ-ის ელჩს, ბიზნესმენების წინაშე უსაყვედურია, ხელისუფლება ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს მიხეილ სააკაშვილის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს იმის ნაცვლად, რომ ქვეყნის მომავალზე იზრუნოსო. „ძალიან მაინტერესებს, რას უპასუხებთ ამერიკაში ვიზიტის დროს ვაშინგტონელი სკეპტიკოსების შეკითხვას, რომელთა აზრით, საქართველოს აკვიატებული აქვს წარსულის [ქექვა] და არა მომავალზე ზრუნვა“?, - აი, ასე შენიღბა მან შეკითხვის ინტონაციით აშკარად მენტორული ქედმაღლობა, მაგრამ რად გინდა, პრეზიდენტს მადა უკვე გაუფუჭდა.
მარგველაშვილმა ეს ყველაფერი გადაყლაპა, თუმცა გარკვეულწილად პასუხს „ღეჭვა დაუწყო“ - ასე ამბობენ ხოლმე სკოლის მასწავლებლები მოსწავლის არადამაჯერებელ პასუხზე.. პრეზიდენტი ამბობდა რაღაც მკაცრ გამოწვევებზე, ეპირფერებოდა ამერიკელ მეგობრებს, რომლებმაც ბევრი რამ გააკეთეს საქართველოსთვის და რომლებიც სამართლიანად არიან შეშფოთებულნი ყოფილი ჩინოვნიკების დევნის გამო, გამორიცხა პოლიტიკური ზეწოლა თემიდაზე და ბოლოს როგორც იქნა, სენსაცია გააჟღერა - თქვა, რომ პირადად მას შეუძლია მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს და იქვე მიანიშნა, რომ ასე სხვებიც ფიქრობენ: „მეუბნებიან, რომ ჯერ გავასამართლებთ, შემდეგ მე გადმომცემენ შესაწყალებლად“, - დაამშვიდა პრეზიდენტმა ამერიკის ელჩი და ორივემ ჭამა განაგრძო.
ახლა ქართველებს ყელში ლუკმა არ გადასდით, რადგან მათ უმრავლესობას მიხეილ სააკაშვილის მიმართ მკვეთრი არაკეთილგანწყობა აქვთ („ტაკუიუ ნეპრიაზნ ისპიტივაიუტ, ჩტო კუშატ ნე მოგუტ“), ხელისუფლებას კი მისი ციხეში ჩასმა არ სურს - ამდენი ბრალდებების მიუხედავადაც კი... ეს უკვე შემწყნარებლობა კი არაა, ღალატია. ამაში მხოლოდ პრეზიდენტს ვერ უსაყვედურებ. მართალია, მან ქართველებს ეჭვიანობის საბაბი უკვე მისცა, როცა მან სააკაშვილის ანგარიშებზე „საიდუმლო“ გრიფის მოხსნა გააჭიანურა. გარდა ამისა, მარგველაშვილი თავისი წინამორბედისაგან თავს, ალბათ, დავალებულადაც გრძნობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ყოფილ რეზიდენციაში იმყოფება. მიშა ხომ შენობას ხელგაშლილად აშენებდა. თუმცა აშკარაა, რომ ეს შეწყალება-შეწყნარების იდეა მაინც „ქართული ოცნებიდან“ მოდის, ადრეც უთქვამთ, რომ შეწყალებაზე უარს არ ვიტყვითო.
გამოდის, რომ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილი აღარ სჭირდება, ხელბორკილებშიც კი. არადა, საქართველოში ბევრია ადამიანები, რომლებიც შურისგებას პირდაპირი გაგებით აღიქვამენ. დიქტატორი სადაც არ უნდა იყოს, მაინც მისწვდებიან და მიწიდანაც კი ამოიყვანენ, მით უმეტეს, ციხეშიც... თბილისი სიტუაციის ასეთი განვითარებით დაინტერესებული არ არის. „ქართული ოცნებისათვის“ უმჯობესია მიხეილ სააკაშვილი მოშორებით ჰყავდეთ, მაგრამ მუდმივი საფრთხობელას სახით. სანამ იგი „ბუა“ იქნება, ხელისუფლება ყოველთვის შეუძლია იძახოს, რევანშისტები მოვლენო.
შეკითხვა პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილს (ტელეფონით - თბილისიდან):
- ძალიან დიდ ინტერესს ხომ არ იჩენს შეერთებული შტატები საქართველოს საშინაო მოვლენების მიმართ? კერძოდ, ყოფილი რეჟიმის მიმართ წაყენებული ბრალდებებისადმი?
- საჭიროა ითქვას, რომ ვაშინგტონის აქტიურობის მიზეზი „ნაციონალური მოძრაობაა“, რომელიც მუდმივად აწვდის ინფორმაციას შეერთებული შტატების კონგრესს. ეს ამჟამინდელი ხელისუფლების ნაკლოვანებაც არის. სახეზეა ოფიციალური ინფორმაციის სიმწირე.
- ინფორმაცია, როგორც ჩანს, საქართველოშიც არასაკმარისია... თქვენი აზრით, რა ბედი ელოდება მიხეილ სააკაშვილს? რა არის თქვენთვის ცნობილი? რამდენად სავარაუდოა მისი შეწყალება?
- არა მგონია, რომელიმე განათლებულმა პოლიტიკოსმა დღეს ექს-პრეზიდენტის შეწყალებაზე ისაუბროს... ქართველი ხალხის განწყობა ჯერ კიდევ არაა იმ დონეზე, რომ ვინმეს ცხრაწლიანი განუკითხაობა შეარჩინოს. ისინი ახლაც მშვიდად აგრძელებენ ცხოვრებას და მუდმივად ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენონ ქართულ რეალობას.
ოფიციალურმა დაპირებამ იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილს ჯერ გაასამართლებენ და მერე გაათავისუფლებენ, შესაძლოა ვაშინგტონი ქართულ სამართლიანობაში მართლაც დაარწმუნოს. წინასწარ გაცხადებული შეწყნარებაც, ალბათ, იმის მანიშნებელია, რომ ხელისუფლებას შურისძიება არ ამოძრავებს. ამიტომაც გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ერთ მშვენიერ დღეს საქართველო ნებართვას მიიღებს მიხეილ სააკაშვილის დაუსწრებლად გასამართლებაზე, რათა შემდეგ ისევ დაუსწრებლად შეიწყალოს. მერე რა, რომ ეს საკუთარ თავთან თამაშს ჰგავს, სამაგიეროდ, წინასწარ წაუგებელი თამაშია...გიორგი მარგველაშვილმა უკვე იცის, სად უნდა დასვას მძიმე, რომ არ დასაჯოს („კაზნიტ ნელზია, პომილოვატ“), თუმცა ჯერ კიდევ გაურკვეველია, იქნება თუ არა იგი პრეზიდენტი იმ დროს, როცა სააკაშვილს გაასამართლებენ.