„საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე ძებნა გამოაცხადა,
ხოლო მისი ქონება დაყადაღებულია. ასევე დაყადაღდა მისი ოჯახის წევრებისა და ნათესავ-ახლობლების ქონებაც... სახელმწიფოს ყოფილი მეთაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლის მრავალი საქმეა აღძრული, მასვე ედება ბრალად დიდძალი ფინანსების გაფლანგვა თავისი შვედი მეგობრის კარლ ბილდტის სასარგებლოდ“, - ნათქვამია აზერბაიჯანული ჟურნალში დაბეჭდილ სტატიაში (ავტორი - ირინა ხალტურინა).
სტატიაში ვრცლადაა გადმოცემული საქართველოს საზღვრებსგარეთ მყოფი მიხეილ სააკაშვილის საქმიანობა ბოლო თვეების განმავლობაში: შეხვედრა თანამოაზრეებთან სარფში (თურქეთის საზღვართან), მისი ბოჰემური ცხოვრების დეტალები შეერთებულ შტატებში... ამ კონტექსტით მიმოხილულია „ნიუ-იორკ თაიმს“-ში და „ფორბზ“-ში გამოქვეყნებული სტატიები.
„პუბლიკაციების მიხედვით ირკვევა, რომ მიხეილ სააკაშვილს სამშობლოში დაბრუნება სურს, მაგრამ არა პატიმრის სახით, არამედ როგორც გამარჯვებულს. ამასთან, ამერიკული პრესის მასალების ავტორები პროგნოზების გაკეთებას იმაზე, თუ როგორი იქნება სააკაშვილის ბედი, ჯერ-ჯერობით არ ჩქარობენ“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში და იქვე განმარტებულია თუ რატომაც: „საქართველოში დღეს არსებული შიდაპოლიტიკური მდგომარეობა საკმაოდ მყიფეა. ქვეყნის ლიდერები - პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ერთმანეთს იმდენად დაუპირისპირდნენ, რომ ვერ მორიგებულან, ვინ სად და რომელ ქვეყანაში ან რომელ საერთაშორისო ფორუმზე უნდა წავიდეს მონაწილეობის მისაღებად“.
გამოცემის ინფორმაციითვე, აღსანიშნავია, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც მმართველი კოალიციის ლიდერად მოიაზრება, მხარი დაუჭირა პრემიერ-მინისტრს და პრეზიდენტი მკაცრად გააკრიტიკა, თან მიანიშნა, რომ თითქოს გიორგი მარგველაშვილს თავის წინამორბედთან მიხეილ სააკაშვილთან და მის გუნდთან - „ნაციონალებთან,“ რაღაც კავშირები აქვს. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემაც „ცეცხლზე ნავთი დაასხა“ და განაცხადა, რომ სააკაშვილს საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება აქვს დაგეგმილიო... ამას ემატება „მემარცხენე ალიანის“ ლიდერის იოსებ შატბერაშვილის განცხადება, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „ნაციონალებს“ მხარს უჭერს და მიხეილ სააკაშვილის ბანაკში გადაბარგდაო“.
ასეთი პოლიტიკური აჯაფსანდლის პირობებში მაინც ყველა ფიქრობს, რომ ქვეყანაში ვითარებას კვლავ „ქართული ოცნების“ შემქმნელი ბიძინა ივანიშვილი აკონტროლებს და თუ ეს მართლაც ასეა, ფაქტიურად საქმე ეხება საქართველოს ხელისუფლებაში არსებული ორი ძალის ერთმანეთთან დაპირისპირებას: ოლიგარქის უკან მდგომისა და მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ მომუშავე ძალების ურთიერთჭიდილს.
ქართული პოლიტიკის ოღრო-ჩოღრო და იმავდროულად „დემოკრატიული“ გზის შესახებ უამრავი ჟურნალისტური გამოკვლევა და ასობით სამეცნიერო ნაშრომია დაწერილი, თუმცა ეს უკვე ისტორიაა, თუ გნებავთ - ერთგვარი პოლიტიკური მარკა. ამასთან, გარეგნულად ნათელი და ვარდის არომატით გაჟღენთილი სურათის მიუხედავად, საქართველოში ძველებურად გაურკვეველი სიტუაციაა. სამხედრო კონფლიქტებითა და ეკონომიკური პრობლემებით გატანჯულ ამ პატარა ქვეყანას ბედი ძალიან ხშირად ათამაშებს და ერთი მხრიდან მეორეში აგდებს - საქართველო ხშირად პოლიტიკური ექსპერიმენტების პოლიგონადაც გამოიყურებოდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა სახალხო რევოლუციებს ისევ სახალხო მღელვარება მოჰყვებოდა ხოლმე, წინა რევოლუციის წინააღმდეგ მიმართული... სასურველია, რომ საქართველოს ყოფის ეს პერიოდი უკან დარჩეს, ტერმინ „დემოკრატიის“ სხვადასხვანაირი გაგებისა და გააზრების დამოუკიდებლად“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.