იაპონიაში, საქართველოს რუსული ენიდან წარმოებული დასახელება - „Gurujia“, ინგლისურიდან წარმოებული „Jojia“-თი ოფიციალურად, საკანონმდებლო დონეზე შეიცვლება.
იაპონურ გამოცემაში დაბეჭდილი სტატია ეხება საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მოსალოდნელ ვიზიტს იაპონიაში, რომელიც ოქტომბრის ბოლოს უნდა განხორციელდეს. პუბლიკაციაში საუბარია ერთ-ერთ იმ საკითხზე, რომელიც, სავარაუდოდ, მხარეებმა უნდა განიხილონ.
საინფორმაციო სააგენტო „ნისუპრესი“ მასალიდან ამონარდის გთავაზობთ:
„იაპონიის მთავრობა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის - საქართველოს დასახელების ტრანსლიტერაციას შეცვლის: დღევანდელი, რუსული ენიდან წარმოებული „Gurujia“ შეიცვლება ინგლისური ენიდან წარმოებულით - „Jojia“-თი. „ეს ცვლილებები საქართველოს ხელისუფლების თხოვნით ხორციელდება“ - აცხადებს იაპონიური მხარე.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც იაპონიას ამ თვის ბოლოს ეწვევა, მოსალოდნელია, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრ სინძო აბესთან დაგეგმილი შეხვედრის დროს კვლავ გაიმეორებს [ამ საკითხზე ადრე გაკეთებულ] თხოვნას. იაპონიის მთავრობა, [როგორც ჩანს], დაიწყებს იმ აუცილებელი პროცედურის განხილვას, რომელიც შესაბამისი კანონის გადახედვასთანაა დაკავშირებული.
„საქართველო“ - აი, ასეთია ქვეყნის სახელწოდება ქართულ ენაზე, მაგრამ გაეროს წევრი 193 ქვეყნიდან დაახლოებით 170 თავიანთ ინფორმაციებსა და მასალებში ქვეყნის ინგლისურენოვან სახელწოდებას - „Georgia“-ს იყენებს და მხოლოდ ჩინეთი, იაპონია და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები უწოდებენ ამ სახელმწიფოს - „Gurujia“-ს.
საქართველოს მთავრობამ 2008 წელს, რუსეთთან ურთიერთობის გამწვავების კვალობაზე, განსაკუთრებით კი მომხდარი კონფლიქტის შემდეგ, ყველა ქვეყანას სთხოვა, რომ ქვეყნის დასახელებისას ინგლისურენოვანი სახელწოდება გამოეყენებინათ.
იაპონიის მთავრობის ოფიციალურ დოკუმენტებში ქვეყნის სახელწოდების გამოყენების პრინციპი ეფუძნება კანონს საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობების სახელწოდებების, ადგილმდებარეობისა და დიპლომატიური სამსახურის თანამშრომელთა ხელფასების შესახებ. როგორც ჩანს, იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ კანონში კორექტივებს მომავალ წელს შეიტანს და ქვეყნის პარლამენტს [დასამტკიცებლად] მორიგ სესიაზე წარუდგენს.