საქართველოსთან ურთიერთობა სომხეთისათვის ძალზე მნიშვნელოვანია სხვადასხვა ასპექტებში - როგორც ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში შესვლის ჩარჩოებში
(სატრანზიტო-კომუნიკაციურ საკითხებში), ასევე რეგიონული პოლიტიკის თვალსაზრისით, - განაცხადა ერევანში გამართულ პრესკონფერენციაზე კავკასიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ სერგეი მინასიანმა.
სომხური საინფორმაციო სააგენტო „ნიუს.ამ“-ის ინფორმაციით, პოლიტოლოგის თქმით, რამდენიმე კვირის წინათ ნახჭევანში აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართა.
„მასმედიაში კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლებელია რაღაც ერთობლივი სამხედრო თუ ნახევრად სამხედრო კავშირი შეიქმნას, რომლის მისია ნავთობსადენების დაცვა იქნება. გამორიცხული არ არის, რომ ამას წინათ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას ერევანში ყოფნაც ამ მიზეზით იყო გამოწვეული“, - განაცხადა სერგეი მინასიანმა, თუმცა, როგორც მან აღნიშნა, საქართველოში ძალიან კარგად აცნობიერებენ იმას, რომ ქართული სამხედრო ძალების ყოფნა აზერბაიჯანის განსაზღვრულ ტერიტორიაზე სერიოზულ პრობლემებს შექმნის.
„თვითონ განსაჯეთ: თუ სამხედრო მოქმედებები დაიწყება, სომხეთის და მთიანი ყარაბაღის არმიების დარტყმების ობიექტი სწორედ აზერბაიჯანის ნავთობსტრუქტურები იქნება. აქედან გამომდინარე, ქართულმა მხარემ უნდა გაითვალისწინოს ასეთი პერსპექტივა და სერიოზულად დაფიქრდეს - სურს თუ არა მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდეს. თბილისმა განსაკუთრებთ ყურადღება უნდა მიაქციოს იმ ფაქტს, რომ სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის („ოდკბ“) წევრია და რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურ მოკავშირეს წარმოადგენს“, - ხაზი გაუსვა სერგეი მინასიანმა.