როგორც სტატიაშია აღნიშნული, „თავისუფალი ზონა“ შექმნილია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ისეთი პრინციპით, „როგორც ადრე კომკავშირი იყო, კომპარტიის დანამატის სახით“ და მის ფუნქციებში შედის „უფროსი ამხანაგების“ მიერ მოწყობილ ქუჩის აქციებში მონაწილეობა, ფლეშმობების ჩატარება და „ნაცმოძრაობისათვის“ ყოველგვარი დახმარების გაწევა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ „თავისუფალი ზონის“ აქტივისტებს ოპონენტები „ზონდერებს“ („დამსჯელებს“) უწოდებენ. „ზონდერები“ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ახალგაზრდა, ძალ-ღონით სავსე პირთა ჯგუფები იყვნენ (ზოგჯერ ოფიციალური სტრუქტურების თანამშრომლების შემადგენლობით), რომლებიც ულმობლად უსწორდებოდნენ ოპოზიციური მიტინგებისა და აქციების მონაწილეებს.
რაც შეეხება „თავისუფალ თაობას“, ზოგიერთი ქართული წყაროს ინფორმაციით, ეს ორგანიზაცია შექმნილია არა იმ საზოგადოებრივი აქტივისტების მიერ, რომლებთაც „ნაციონალებისაგან“ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები აქვთ, არამედ ხელისუფლების მიერ, „თავისუფალი ზონის“ გასანეიტრალებლად [დასაბალანსებლად]. შესაბამისად, „თაობელ“ აქტივისტებს „ზონელებისაგან“ დიამეტრალურად განსხვავებული მიზნები ამოძრავებთ. ოპონენტებმა ისინი პრორუსულ ორგანიზაციად მონათლეს.
„კონფლიქტი ასე დაიწყო: ჟურნალისტ ზაზა დავითაიას, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ რამდენიმე ნეგატიური მასალა გამოაქვეყნა, რედაქციასთან ახლოს „ზონელები“ შეხვდნენ. ზაზა დავითაიამ სამსახურამდე ვერ მიაღწია და საავადმყოფოში მოხვდა სხეულის დაზიანებებით. თავდამსხმელები არც მალავდნენ, რომ დაზარალებული სცემეს, თუმცა განაცხადეს, რომ ჟურნალისტმა „უცენზუროდ პირველმა შეგვაგინაო“. ჩხუბის ამბავი რომ გაიგეს, „თაობელები“ შეიკრიბნენ და „ზონელების“ ოფისისაკენ გაემართნენ... სკანდალურ ინციდენტში უფრო მაღალი რანგის პირები იქნენ ჩართულნი: ოფისში მყოფ „ნაციონალების“ დეპუტატ კობა ხაბაზსაც კარგად მოხვდა. აღსანიშნავია, რომ უკრაინულ საქმეებში კარგად გაცნობიერებულმა პარლამენტის ნაცემმა წევრმა „თაობელებს“ „ტიტუშკები“ უწოდა (ტიტუშკები - „ხელისუფლების დამკვრელური „ანტიმაიდნური“ ჯგუფის წევრები - უკრ.), რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება იგივე პრინციპით სარგებლობს, როგორითაც იანუკოვიჩის ხელისუფლება სარგებლობდა. მსგავსი განცხადება გააკეთა აგრეთვე კიდევ ერთმა „ნაციონალმა“ დეპუტატმა გივი თარგმაძემ.
რა თქმა უნდა, საქმეში პოლიცია ჩაერია და დანაშაულში ეჭვმიტანილები დააკავა, ქალაქში გაძლიერებულია პატრულირება.
„ის, რომ „ზონელთა“ ოფისში კობა ხაბაზი იმყოფებოდა და იქ უცებ გაჩნდნენ გივი თარგამაძე და პარლამენტის ექსვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი, ეჭვების საფუძველს ქმნის“, - აღნიშნა ერთ-ერთმა წყარომ და ეს ყველაფერი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ამასწინანდელ შეხვედრას დაუკავშირა თავის თანამოაზრეებთან, რომელიც თურქეთში, საქართველოს საზღვართან გაიმართა. როგორც ცნობილია, იმ შეხვედრაზე „ნაციონალების“ ლიდერმა თანაპარტიელებს ძალების მობილიზებისა და აქტიურობისაკენ მოუწოდა“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.