საქართველოს კონსტიტუციის დაუზუსტებელი დებულებები ორაზროვან სიტუაციებს ქმნის
საქართველოს ხელისუფლების ზემო ეშელონებში ახალი სკანდალი დაიწყო:
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობისათვის მიწვევა მიიღო, ამ ფაქტმა კი მმართველი „ქართული ოცნების“ უკმაყოფილება გამოიწვია. „მეოცნებეები“ თვლიან, რომ დავოსში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნდა წავიდეს როგორც ხელისუფლების ცენტრალური ფიგურა და როგორც ქვეყანაში ეკონომიკურ სიტუაციაზე პასუხისმგებელი პირი.
ასეთივე სიტუაცია ცოტა ხნის წინაც იყო: პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ერთმანეთს შეეჯიბრნენ - აბა, ვინ ვინ აჯობებს და ვინ წავა გაეროს კლიმატურ სამიტზე ნიუ-იორკშიო... ისეთი დისკუსიები გაიმართა და ისეთი განცხადებები გაისმა, რომ... მოკლედ, გიორგი მარგველაშვილი თბილისში დარჩა, ირაკლი ღარიბაშვილი კი ნიუ-იორკში წავიდა. ექსპერტების აზრით, ასეთი კურიოზული სიტუაციების მიზეზი საქართველოს კონსტიტუციაა, რომელშიც ზუსტად არაა გამიჯნული და დაკონკრეტებული ქვეყნის პირველი პირების უფლება-მოვალეობანი.
ამჟამინდელი დაპირისპირება „კლიმატურისაგან“ მნიშვნელოვნად განსხვავდება: საქმე იმაში გახლავთ, რომ გიორგი მარგველაშვილმა მართლაც მიიღო დავოსის ფორუმზე მიწვევა პირადად ამ მსოფლიო ფორუმის თავმჯომარისაგან - კლაუს შვაბისაგან, სტამბოლში შეხვედრის დროს. ეს ნიშნავს, რომ პრეზიდენტს ყველა უფლება აქვს დავოსზე გასამგზავრებლად, მიუხედავად იმისა, რომ მშობლიური ქვეყნის ეკონომიკაზე პასუხისმგებელი სწორედ პრემიერ-მინისტრია. ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერებმაც არ დააყოვნეს და ამ არგუმენტით ისარგებლეს: პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანან კობახიძემ განაცხადა, რომ რადგან დავოსში ეკონომიკური ფორუმი უნდა ჩატარდეს, ეს ნიშნავს, რომ იქ პრემიერ-მინისტრი უნდა წავიდეს, თუმცა მაინც ჩაილაპარაკა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მაინც კოლეგიალურად იქნება მიღებული. სრულიად საწინააღმდეგო მოსაზრება აქვს ავტორიტეტულ პოლიტოლოგს რამაზ საყვარელიძეს, რომლის თქმით, „პრეზიდენტი პირადად მიიწვიეს ფორუმზე, ეს [აღმასრულებელ] ხელისუფლებას არ ეხება, ამიტომაც სადავო არფერია. პრემიერი უკვე იყო დავოსზე, მისი შეხედულებები ცნობილია, ამიტომაც ახალი ფიგურის გამოჩენა ფორუმის მონაწილეებისათვის შესაძლოა უფრო საინტერესოც კი იყოს“.
სულ რაღაც ორი კვირის მანძილზე მსგავსი არასასიამოვნო სიტუაციების განმეორების ფაქტი აშკარად კარნახობს საქართველოს ხელისუფლებას, რომ პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ფუნქციები საკანონმდებლო წესით გამიჯნოს. გარდა ამისა, ალბათ, საჭიროა „საგანმანათლებლო საქმიანობაც“ საერთაშორისო არენაზე კონსტიტუციის დებულებებთან დაკავშირებით, რათა ყველამ გაიგოს: „პრეზიდენტი საქართველოს სახელმწიფოს პირველი პირი არ არის“. მით უმეტეს, რომ ყოფილი მმართველი პარტიის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ცდილობენ თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენონ ხელისუფლების შეცდომები და საზღვარგარეთ შესაბამის პროპაგანდას ეწევიან, თანაც რევანშისტულ გეგმებს არ მალავენ.
იური როქსი