რუსული გამოცემა „კომსომოლსკაია პრავდა,“ პოლიტოლოგის და ჟურნალისტის ისლამ საიდოვის მასალას აქვეყნებს. სხვათა შორის,
ისლამ საიდოვი ერთ-ერთი მათგანია, ვინც ამ ათიოდე წლის წინათ რუსეთის მტრად იწოდებოდა. იგი მართლაც მტერი იყო - გაავებული სეპარატისტი, დუდაევის მხარდამჭერი, იჩქერიის რესპუბლიკის ერთ-ერთი იდეოლოგი და „ბოევიკების“ საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე. 1999 წელს ისლამ საიდოვი საქართველოში გამოიქცა, სადაც თითქმის ცხრა წელი იცხოვრა და მჭიდროდ თანამშრომლობდა ქართულ სპეცსამსახურებთთან. იყო თანამონაწილე ბევრი ბინძური საქმეში და ამის თაობაზე წიგნიც კი დაწერა სათაურით „მოწმე უნდა მოკვდეს“. ამნისტიის შემდეგ მან რეალურად შეცვალა თავის მსოფლმხედველობა და სამშობლოში დაბრუნდა. ახლა ჩეჩნეთის მთავრობაში მუშაობს. ეს ჩეჩნეთში ჩვეულებრივი ისტორიაა. ის „ბოევიკები“, რომლებიც ადრე რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდნენ, დღეს რუსეთის უფრო მეტი პატრიოტები არიან, ვიდრე მოსკოველი „ლიბერალურ-პარმეზანური პუბლიკა“, - წერს ჟურნალისტი დარია ასლამოვა ისლამ საიდოვთან ინტერვიუს შესავალში.
ისლამ საიდოვი საუბარში აღნიშნავს, თუ რატომ იყო წამგებიანი ჩეჩნეთისათვის დე-ფაქტო დამოუკიდებლობის ხუთი წელი, რომლის პერიოდშიც ფაქტიურად არაფერი გაკეთებულა:
„ყველა ერთმანეთს დაუპირისპირდა, დაიწყო შეტაკებები საველე მეთაურებსა და კლანებს შორის... ჩეჩნეთის დამოუკიდებლობა - ეს დასავლეთის გეგმა იყო, რომლის მიზანს რუსეთის დანგრევა წარმოადგენდა. დუდაევებს და უდუგოვებს მოსკოვიდან უწევდნენ პატრონაჟს ბერეზოვსკების მსგავსი ადამიანები. იყო დრო, რომ მეც მჯეროდა მათი, მაგრამ შემდეგ, რაც უფრო ღრმად ვაკვირდებოდი სიტუაციას, სულ მეტად ვრწმუნდებოდი შეცდომაში. დასავლეთი ჩვენ ჯერ ამბოხებულებს გვიწოდებდა და ფულს გვაძლევდა, მაგრამ როცა ბრძოლა წავაგეთ და ბოევიკები პანკისის ხეობაში გაიქცნენ, ისინი ტერორისტებად მონათლეს და დააპატიმრეს... თუმცა აქაც გათვლები გააკეთეს: აი, მაგალითად, ამერიკის მიერ დაჭერილი და გუანტანამოს ციხეში ჩაკეტილი ბოევიკი მოგვიანებით გაათავისუფლეს და ლიბიაში „დემოკრატიისათვის მებრძოლი“ რაზმის მეთაურობა ჩააბარეს.
აშშ-ის, ბრიტანეთისა და საქართველოს სპეცსამსახურების მიერ დაპატიმრებული ჩეჩნები ადრე თუ გვიან ხან ერაყში, ხან კიდევ ლიბიაში და სირიაში იბრძვიან, მაგრამ უკვე ახალი ბიოგრაფიით, ახალი დოკუმენტებით და „გმირული წარსულით“. ასეთი ისტორია აქვს აბუ-ბაქ-ალ-ბაღდადის, რომელიც 2005 წელს ამერიკელებმა დაიჭირეს, მაგრამ შემდეგ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოუშვეს. იგივე მოვლადი უდუგოვი დღეს თურქეთშია და ჩეჩნურ ქვედანაყოფს ქმნის... კიდევ ერთი ნათელი მაგალითი - ომარ ალ-შიშანი („შიშანი“ არაბული სიტყვაა „ჩეჩენს“ ნიშნავს) იგი მეთაურია, პანკისის ხეობის მკვიდრი, ქართული სპეცსამსახურების აღზრდილი. დედამისი ჩეჩენი ქალია, მამამისი კი ქრისტიანი. იგი მუშაობდა ქართულ სპეცსამსახურში, რომელსაც ამერიკელი ინსტრუქტორები წრთვნიდნენ. შემდეგ იგი საპყრობილეში ჩასვეს და ამით კარგი ლეგენდა შეუქმნეს. დღეს ომარ ალ-შიშანი „ერაყ-ლევანტის ისლამური სახელმწიფოს“ („ელის“) ყველაზე ძლიერი ქვედანაყოფის მეთაურია, რომელიც კავასიელებისაგან შედგება და რომელიც ასევე ყველაზე სისხლიან მოქმედებებს ახორციელებს - სირიაში და ერაყში ტყვეებს საჯაროდ თავებს სჭრის. ყურადღება მიაქციეთ: დასავლეთი ასეთებს თავდაპირველად „კომბატანტებს“ უწოდებდა (ანუ როცა ისინი „ბაშარ ასადის ტირანიას“ ებრძოდნენ), ახლა კი თურმე ტერორისტები არიან. არადა, ისინი სწორედ ამერიკელებმა მოამზადეს...
ამას წინათ „ელის“-ელებმა განაცხადეს, რომ ჩეჩნეთამდეც მოაღწევენ და გაათავისუფლებენ. იცით, რატომ თქვეს? ჩეჩნეთის ხელისუფლებაზე შურის საძიებლად, რადგან უკრაინელებს ჩეჩნებიც ებრძვიანო, თუმცა ისინი იქ ძალიან ცოტანი არიან. ეს სუფთა ფსიქოლოგიური მომენტია, რაც უკრაინელებზე დამთრგუნავად მოქმედებს... იცით, ქართველები მე მარწმუნებდნენ, რომ აფხაზეთში ომი იმიტომ წავაგეთ, რომ იქ შამილ ბასაევის რაზმი იბრძოდაო. კარგით რა, რას წარმოადგენს 200 კაცი? ეს ხომ არმია არ არის... მაგრამ ჩეჩნებს დაუმარცხებელი გმირების შარავანდედი ჰქონდათ შექმნილი. უკრაინაში ჩეჩნები უკრაინელებს კი არ ებრძვიან, არამედ ებრძვიან აშშ-ის ინტერესებს, დასავლურ იდეოლოგიას. ჩვენ თანავუგრძნობთ უკრაინელ ხალხს, მაგრამ არა უკრაინის ხელისუფლებას. კიევის მაიდანი - ეს დასავლეთის დაკვეთა იყო. ჩვენ ჩეჩნებს, რუსებზე უფრო მეტად გვეშინია რუსეთის დაშლისა....
ჩვენ ყველა დროში ომში გვითრევდნენ ხოლმე, მაგრამ ვიმარჯვებდით. არც ოსეთში და არც ყირიმში ჩვენ არ წაგვიგია. მე ვიყავი საქართველოში იმ დროს, როცა რუსები თბილისს უახლოვდებოდნენ. მთელი ხელისუფლება საზღვრებისაკენ გაიქცა, გზებზე საცობები შეიქმნა, თბილისი ცარიელდებოდა... [მიხეილ სააკაშვილი] ისტერიულად ურეკავდა ჯორჯ ბუშს, მან კი უპასუხა, რომ რუსები თვითონ გაერკვევიან სიტუაციაშიო. ჩეჩნურ ბატალიონ „ვოსტოკს“ თბილისის ცენტრიდან სულ ათი კილომეტრიღა აშორებდა. სხვათა შორის, მოსახლეობა წინააღმდეგი არ იყო, რომ რუსები შესულიყვნენ, რადგან მათ ხელისუფლება ყელში ჰქონდათ ამოსული. მათთვის უკეთესი იყო ღვინისა და მანდარინის გაყიდვა, ვიდრე დემოკრატიაზე საუბარი. რასაკვირველია, მე მხედველობაში არ მყავს 15%-იანი პოლიტიკური ელიტა, რომელიც ამერიკული ფულით იკვებებოდა.
ჩემი აზრით, ვინც მაშინ თბილისიდან უკანდახევის ბრძანება გასცა, ყველა დასაჭერია. საქართველოს საკითხი რომ მოგვემთავრებინა, დღეს უკრაინის პრობლემა აღარ იქნებოდა! სამწუხაროდ, მაშინ ჩვენ ვერ შევძელით სიძულვილის კერის განადგურება და ის ახლა უკრაინაშია, სადაც ქართველი მოხალისეებიც იბრძვიან. არადა, იყო საქართველოში პრორუსული ძალები, რომლებიც დახმარებას ითხოვდნენ. სამწუხაროდ, მოსკოვმა ფსონი სხვა პიროვნებებზე დადო, მათ შორის პროდასავლელ ბიძინა ივანიშვილზე. [კრემლში] ასე ფიქრობდნენ: „ეს ხომ ჩვენი ოლიგარქია, მან ხომ ჩვენთან მოიპარაო“. ჩვენ ისევ ვერ გავთვალეთ“, - ამბობს ინტერვიუში ისლამ საიდოვი.
ჟურნალისტი დარია ასლამოვა ალტერნატიული აზრის მქონე პოლიტოლოგთანაც საუბრობს:
ბორის კაგარლიცკის აზრით: „ჰო, კარგი, ვთქვათ, აგვეღო თბილისი 2008 წელს, მერე რა მოხდებოდა ამით? იქ ახალი მთავრობის ჩამოყალიბება მოგვიხდებოდა, განა ჩვენ დარწმუნებულნი ვიქნებოდით, რომ ქართველები არ აჯანყდებოდნენ და ბრძოლას არ დაიწყებდნენ? უკვე ვიცით, რომ ომწაგებული მიხეილ სააკაშვილი თვით ქართველმა ხალხმა შეიძულა. 2012 წელს საქართველოს ხელისუფლებაში მოსული ახალი მთავრობა რუსეთის მიმართ თავიდან კარგად იყო განწყობილი, მაგრამ ჩვენ მათ თანამშრომლობის შთამბეჭდავი ისეთი პროგრამა ვერ შევთავაზეთ, რომელიც მათ ამერიკისაგან ჩამოაშორებდა“.