პოპულარული გამოცემა „ფორბსი“, საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე „ნიუ-იორკ თაიმსის“ მიერ გამოქვეყნებული
მასალის შესახებ, ანალიტიკოს მარკ ადომანისის მასალას ავრცელებს, რომლის მიმოხილვასაც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ:
„ნიუ-იორკ თაიმს“-მა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დადებითი, მიმზიდველი პროფილი აჩვენა - ისე როგორც გერი შტეინგარდტის რომანში ვკითხულობთ. ჩვენ დავინახეთ, რომ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკვე ხელისუფლებისა და პასუხისმგებლობის ბორკილებისგანაა გათავისუფლებული, თავის დღეებს უილიამსბერგში ატარებს, ველოსიპედით აქეთ-იქით დასეირნობს, ხშირად სტუმრობს ჰიპსტერულ - ჯაზის მოყვარულთა ახალგაზრდულ - კაფეებს და ბარებს, რომლებიც, როგორც წესი, სახელმწიფოს ყოფილ მეთაურებთან არ ასოცირდება [ისინი ამგვარ ადგილებს ჩვეულებრივ გვერდს უვლიან ხოლმე].
ექს-პრეზიდენტის პროფილით დღევანდელი უილიამსბერგის სიმდიდრისა და მოცალეობის საკმაოდ უცნაური სურათი დავინახეთ, თუმცა მასში უფრო მეტი ჩანს: სტატიის ავტორმა ჯეისონ ჰოროვიცმა მიშა აიძულა თავისი პოლიტიკური შეხედულებების რეკორდი დაემყარებინა და გულახდილად ელაპარაკა:
„მე მანჰეტენის ამ ადგილებს ადრეც ვუყურებდი ხოლმე, ეს ძალიან უდაბური ადგილები იყო, სადაც მაფიის მიერ დაქირავებული მკვლელები გვამებს ყრიდნენ“, - ამბობს სააკაშვილი და 1990-იან წლებს იხსენებს, როცა იგი კოლუმბიის უნივერსიტეტის იურიდიული სკოლის სტუდენტი იყო. „დღეს კი აქ ჯაზურ ატმოსფეროს ვხედავ, აქაურობა ენერგიითა და ახალი მშენებლობებითაა სავსე... უილიამსბურგი - ეს დემოკრატიული გარდაქმნების ნაწილია“.
[ასეთი მსჯელობა] კარიკატურას ჰგავს. საერთოდ, მიხეილ სააკაშვილის ბევრმა კრიტიკოსმა დიდი ხანია შენიშნა, რომ იგი სიტყვა „დემოკრატიას“ პოლიტიკური სისტემის განმსაზღვრელ ტერმინად კი არ იყენებს, რომელიც საზოგადოების თავისუფალ არჩევნებს უზრუნველყოფს, არამედ უნივერსალურ ტერმინად, რომელიც დაახლოებით ასე გამოიხატება: „რაც მე მომწონს“, [დემოკრატია სწორედ ის არის]. მიიჩნია რა დემოკრატია ქალაქის რაიონის კეთილმოწყობის აღმნიშვნელ ქმედებად, მიხეილ სააკაშვილმა ყველანაირი ეჭვები გაფანტა - მას უბრალოდ არ ესმის, რას ნიშნავს დემოკრატია ფაქტიურად.
უილიამსბურგში მომხდარ გარდაქმნებს [„ჯაზური ატმოსფერო, ენერგია და მშენებლობები“] არაფერი აქვთ საერთო „დემოკრატიულ გარდაქმნებთან“. ეს რაიონი თავიდანვე იყო დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის ნაწილი, მაშინაც კი, როცა ღარიბი იყო და ის დღესაც დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის ნაწილად რჩება, როცა მდიდარია. გასული 15 წლის განმავლობაში მომხდარი ცვლილებები შესაძლოა მართლაც ქებას იმსახურებდეს, მაგრამ უშედეგო იქნება, რომ ამ ცვლილებების კავშირი ვეძებოთ ნიუ-იორკის რომელიმე საარჩევნო კანონის მოდიფიკაციასთან, ან აშშ-ის პოლიტიკური სისტემის რომელიღაც რეფორმასთან.
უილიამსბურგის გარდაქმნები დემოგრაფიული და საბაზრო პროცესების რთული ურთიერთქმედების შედეგია და არა „ხალხის ხელისუფლების“ ან რომელიღაც დიდი იდეოლოგიური ჯვაროსნული ლაშქრობის რეზულტატი.
მიხეილ სააკაშვილი დემოკრატიის გავრცელების ერთ-ერთი როკ-ვარსკვალავია, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს ჯონ მაკკეინთან და ვიქტორია ნულანდთან, ანუ იმ წრის ადამიანებთან, რომელსაც მიაჩნიათ, რომ „დემოკრატია ყველაფერს წყვეტს“. თავიანთ მრავალრიცხოვან სტატიებში, რომლებიც მსოფლიოს გავლენიან გამოცემებში ქვეყნდება, ისინი ხაზს უსვამენ დემოკრატიის მნიშვნელობას და მიიჩნევენ, რომ ამერიკის მოვალეობაა დემოკრატია მთელ მსოფლიოში გაავრცელოს. სინამდვილეში კი გამოდის, რომ მიხეილ სააკაშვილს არ ესმის იმ კონცეფციის არსი, რომლის მიმართ ერთგულებას გამოხატავს.
დემოკრატია კარგი გადაწყვეტილებაა მაშინ, როცა პრობლემა პოლიტიკური ხელისუფლების გადაჭარბებულ კონცენტრაციას ეხება, მაგრამ დემოკრატიას როგორც ასეთს, ძალიან მცირე გავლენა აქვს უძრავი ქონების ბაზარზე და უმაღლესი დონის ყავის მაღაზიებზე. დემოკრატიის განვითარების მხარდამჭერებმა, ალბათ, მიხეილ სააკაშვილისაგან ბევრი რამ უნდა ისწავლონ, რადგან მან მშვენიერი მაგალითი მოგვცა იმისა, როგორ არ უნდა ილაპარაკო ასეთ საკითხზე. მარტივად რომ ვთქვათ, თუ თქვენ სააკაშვილის მსგავსად მიიჩნევთ, რომ თქვენი საყვარელი რესტორანი „დემოკრატიულია“, მაშინ უნდა გადაშალოთ ლექსიკონი და წაიკითხოთ, რას ნიშნავს სინამდვილეში ტერმინი „დემოკრატია“.
მარკ ადომანისი