რუსულმა ტელეკომპანია „მირ“-მა საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ქონების დაყადაღებასთან
დაკავშირებით სიუჟეტი მოამზადა, რომლის მიმოხილვასაც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ:
„მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ იმყოფება, მაგრამ სამშობლოში მას არ ივიწყებენ: ამ კვირას ყოფილ პრეზიდენტს რამდენიმე არასასიამოვნო ამბავი შეატყობინეს: პირველი ისაა, რომ მისი ოჯახისა და ახლობლების ქონებას ყადაღა დაედო და აუქციონზე გაყიდიან, მეორე კი - მიხეილ სააკაშვილის ყველა ანგარიშიც ასევე დააყადაღეს. კიდევ ერთი ცნობა, არანაკლებ სერიოზული: ექს-პრეზიდენტს შესაძლოა ბრალი დასდონ ამბოხების მომზადებაში“, - ნათქვამია ჟურნალისტ ბორის მანჟუკოვის რეპორტაჟში.
ვიდეოსიუჟეტში ვრცლადაა საუბარი მიხეილ სააკაშვილის ქონების შესახებ: ნაჩვენებია სახლი კახეთში, „სადაც ყოფილი პრეზიდენტი მოლდოვას პრემიერ-მინისტრს ჭაჭის გამოხდას ასწავლიდა“, ვენახი, სადაც იგი ყურძენს კრეფდა ხოლმე უცხოელ სტუმრებთან ერთად...
რაც შეეხება ანტისახელმწიფოებრივი ამბოხების სავარაუდო სამზადისს, ქართველი მაღალჩინოსნები ირწმუნებიან, რომ ასეთი რამ მართლაც შეიძლება მოხდეს: პრემიერ-მინისტრის თქმით, „მიხეილ სააკაშვილი ისეთი კაცია, რომელსაც უწესრიგობების გამოწვევა შეუძლია“, თუმცა ყველა მსგავსი მცდელობა აღკვეთილი იქნებაო.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, ექს-პრეზიდენტის განზრახვა რეალურია და ამის გეგმაც არსებობს: ანარქია, ქაოსი, მოსახლეობის უკმაყოფილება, მიტინგები და საბოლოო ჯამში - რევოლუცია. თადარიგის გენერალი ტრისტან წითელაშვილი მოვლენათა განვითარების ამგვარ სცენარს ეთანხმება და ამბობს, რომ აქტივისტები უკვე სპეცჯგუფებს ქმნიან:
„პრაქტიკულად ყველა სახელმწიფო სტრუქტურაში საკაშვილის დროინდელი კადრები დარჩნენ. ეს ადამიანები ამზადებენ საბოტაჟს, რის შედეგადაც მოსახლეობაში უკმაყოფილება გაიზრდება და ხალხი ქუჩაში გამოვა“.
რეპორტაჟში ნაჩვენებია აგრეთვე ქვეყანაში დესტაბილიზების გამომწვევი მასალები - თანამოაზრეებთან მიხეილ საკაშვილის შეხვედრა (სარფში), პროვოკაციები (ქობულეთში).
„მე დარწმუნებული ვარ, რომ ქობულეთში მომხდარი ინციდენტის უკან მესამე ძალა დგას“, - ამბობს აჭარის ავტონომიის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე.
ვინ იგულისხმება კონკრეტულად ტერმინში „მესამე ძალა“? აჭარის ლიდერმა არ დაასახელა პიროვნება, მაგრამ ამის გაგება ძნელი არ არის. თერთმეტი წლის წინათ მიხეილ სააკაშვილმა შეუძლებელი შეძლო - აიძულა ედუარდ შევარდნაძე თანამდებობა დაეტოვებინა, მაგრამ განა მას ამბოხების მოწყობა შეუძლია? პეტრე მამრაძე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ხასიათს კარგად იცნობს, ამბობს, რომ ექს-პრეზიდენტი ავატიურისტია, მაგრამ ასეთ რისკზე იგი არ წავა.
სააკაშვილის როგორც რევოლუციონერის სახე სხვა არაფერია, თუ არა შეთქმულების თეორია, - ირწმუნება პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე. დღევანდელ ხელისუფლებას ყოფილი პრეზიდენტის აჩრდილი კი არ აშინებს, არამედ მმართველი კოალიციის რეიტინგის ვარდნა. მართლაც, ბოლო ხანებში „ქართული ოცნების“ პოპულარობის დონე სტაბილურად ეცემა.
„ხელისუფლებას სურს ადამიანების ყურადღება სხვა რაღაცაზე გადაიტანოს. რადგან ვერაფერს აკეთებს ხალხისადმი მიცემული დაპირებების შესასრულებლად, ამიტომაც მთავრობა ზღაპრებს იგონებს და „ნაციონალურ მოძრაობას“ აკრიტიკებს, - ამბობს ნიკა ჩიტაძე.
მიხეილ სააკაშვილი კი ამ დროს ბრუკლინში ცხოვრობს და დროს მშვენივრად ატარებს: გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსს“ თუ დავუჯერებთ, იგი თავს ისე გრძნობს როგორც საკუთარ სახლში“,- აღნიშნავს რეპორტაჟის დასასრულს ჟურნალისტი ბორის მანჟუკოვი.