ფრანგული გაზეთი „ატლანტიკო“ , ცნობილ ფრანგი მეცნიერ, გეოპოლიტიკის ინსტიტუტის თანამშრომელ ბეატრის ჟილბენთან ინტერვიუს აქვეყნებს,
რომელიც რუსეთისა და უკრაინის დაპირისპირებაზე, დასავლეთის როლზე და კრიზისთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე საუბრობს. იგი კავკასიაში რუსეთის გავლენას და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობასაც ეხება.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან სათაურით - „როგორ უნდა მოიქცეს ნატო პუტინთან მიმართებით“:
„ამჟამად უკრაინაში ვითარება თავის პიკს უახლოვდება, თუმცა იმავდროულად, ეს სიტუაციის განმუხტვის მაუწყებელიც შეიძლება იყოს: პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აცნობიერებს თავისი შეიარაღებული ძალების სისუსტეს და რწმუნდება იმაში, რომ დასავლეთი უკრაინას ქმედით პრაქტიკულ დახმარებას არ გაუწევს, რისი იმედიც მას ჰქონდა. რაც შეეხება რუსეთის ტერიტორიულ ამბიციებს, ამ შემთხევაში რაიმე გარკვეული თვალსაზრისის გამოთქმა ცოტა ძნელია. განა ვინმეს მოუვიდოდა თავში ამ ცოტა ხნის წინათ, რომ რუსეთი ყირიმზე კონტროლს ასეთი მეთოდებით დაამყარებდა? გარდა ამისა, მან სერიოზულად გააფართოვა თავის გავლენა ბელორუსიაზე, შუა აზიის რესპუბლიკებზე. რაც შეეხება კავკასიის ქვეყნებს, საქართველოს მაგალითმა ყველას დაანახვა, რუსეთი მზადაა სამხედრო ჩარევა განახორციელოს ყველა იმ შემთხვევაში, როცა საფრთხე მის ინტერესებს დაემუქრება.
ზოგი ფიქრობს, რომ შესაძლოა იგივე განმეორდეს ბალტიისპირა ქვეყნების მიმართაც, სადაც რუსები საკმაო რაოდენობით ცხოვრობენ. ეს ქვეყნები ნატოს წევრები არიან და წესით, თუ რუსეთი მათ წინააღმდეგ ძალას გამოიყენებს, ალიანსი განზე არ დარჩება. ასე რომ, ბალტიელებს რუსული საფრთხე ნაკლებად ემუქრებათ. აზერბაიჯანი მათზე უფრო დიდი სახელმწიფოა და რესურსებიც მეტი აქვს, ამიტომ იქ რუსულ აგრესიისადმი შიში ნაკლებია. ყველაზე მეტი მნიშვნელობა რუსეთისათვის უკრაინას აქვს: მოსკოვს უკრაინა თავისად მიაჩნია მჭიდრო ისტორიული კავშირების გამო...
საქართველოსა და უკრაინის სიტუაციები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან. პირველ რიგში, ეს ეხება ამ ორი სახელმწიფოს გეოგრაფიას და მოსახლეობას: უკრაინა 45 მილიონი მცხოვრები ჰყავს და 600 ათასი კვადრატული კილომეტრი ტერიტორია აქვს, საქართველოს კი მხოლოდ 4,5 მილიონი 70 ათასი კვ.კმ-ით. გამოდის, რომ საქართველო უკრაინის ერთი მეათედს უდრის, რაც, დამეთანხმებით, ცოტაა. მაგრამ ვლადიმერ პუტინის სიმბოლური გეგმის თანახმად, მას სურდა დასავლეთისთვის ეჩვენებინა, რომ მოსკოვი არ მოითმენს მცირედ ჩარევასაც კი მისი გავლენის სფეროებში. 2008 წლისათვის რუსეთი ის რუსეთი აღარ იყო, როგორიც ბორის ელცინის დროს არსებობდა - მისი სისუსტის პერიოდი აშკარად დასრულდა“- წერს გამოცემა.