პარლამენტმა „ნატოს ღია კარზე დასაკაკუნებლად“ ანტირუსული რეზოლუცია მიიღო
რუსული გამოცემა „ნეზავისიმაია გაზეტა“, საქართველოს პარლამენტის მიერ, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებას ეხმაურება.
მასალის მიმოხილვას საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ:
სტატიაში განხილულია საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, განხილულია აგრეთვე საქართველო-ნატოს ურთიერთობების პერსპექტივა ალიანსის სამიტის ფონზე (ავტორი იური როქსი).
„იმ რეზოლუციის მიღება, რომელიც სრულიად შესაძლებელია მოსკოვმა ანტირუსულად და სკანდალურად მიიჩნიოს, უეჭველია, ქართველმა დეპუტატებმა ნატოს უელსის სამიტს დაუკავშირეს: თბილისი მაინც არ კარგავს იმედს, ნატოსაგან რაღაც ისეთი მნიშვნელოვანი მიიღოს, ვიდრე „თანამშრომლობის განსაკუთრებული პაკეტი“. შესაბამისად, ქართველი პარლამენტარების აზრით, უკრაინის საკითხში საქართველოს მიერ დასავლეთის მიმართ გამოვლენილი სოლიდარობის დემონტრირება კარგი საშუალება იქნება ამ მიზნის მისაღწევად“, - ნათქვამია სტატიაში.
პუბლიკაციაში საკმაოდ ვრცლადაა გადმოცემული რეზოლუციის შინაარსი, ყურადღება განსაკუთრებით გამახვილებულია დოკუმენტის ანტირუსულ მიმართულებაზე: „დეპუტატების აზრით, „რუსეთი მეზობელი სუვერენული სახელმწიფოს მიმართ აგრესიულ პოლიტიკას ახორციელებს. რუსეთს საერთაშორისო ნორმის დარღვევა შეუძლია, რაც 2008 წლის აგვისტოში საქართველოსთან მიმართებითაც გამოიხატა“. მოკლედ, ექვსპუნქტიან რეზოლუციაში საქართველოს პარლამენტმა უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა და ნატოს მოუწოდა დაიცვას უკრაინა, საქართველო და მოლდოვა რუსეთის აგრესიული ნაბიჯებისაგან.
ეს პირველი რეზოლუცია არ არის, რომელიც თბილისმა უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით მიიღო, მაგრამ პირველია იმ თვალსაზრისით, რომ მასში მკვეთრადაა გამოხატული აქცენტები. თუმცა, ამის მიუხედავად, ქართულ საექსპერტო წრეებში მიაჩნიათ, რომ ამგვარი რეზოლუციები თბილისს ნატოს სამიტზე დივიდენდებს მაინც არ მოუტანს, ალიანსის ხელმძღვანელობა არაფერს შეცვლის და საქართველოს „ნატოში გაწევრიანების გეგმას“ („მაპ“) არ მისცემს. მაქსიმუმ - თბილისმა თანამშრომლობის განსაკუთრებული ფორმა მიიღოს, რომელიც ძირითადად ერთობლივ სამხედრო სწავლებების ჩატარებასა და საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს რეგიონული საწრთვნელი ცენტრის მოწყობას გულისხმობს. ამასთან დაფიქსირდება, რომ „ნატოს კარი ძველებურად ღიაა საქართველოსათვის“- წერს გამოცემა.
ავტორის პოზიციით, თუ რატომ აჭიანურებს ალიანსი საქართველოს მიღებას თავის რიგებში, ამის მიზეზები დიდი ხანია ცნობილია და არც ახლა არ შეცვლილა: ნატო მიიჩნევს, რომ საქართველოს მოუგვარებელი ტერიტორიეული პრობლემები აქვს, რაც, თავის მხრივ, ნატოს მძიმეწონიანი ევროპელი წევრების - საფრანგეთისა და გერმანიის ნეგატიური პოზიციას განაპირობებს.
როგორც რუსულ-ქართული ურთიერთობების ექსპერტი კონტანტინე ჩიკვილაძე ამბობს, საქართველოს ხელისუფლება მზადაა იგივე გაიმეოროს, რასაც მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი აკეთებდა: „სწორედ „ნაციონალების“ პოლიტიკამ მიიყვანა საქართველო რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტამდე. ნატოში რომ გავწევრიანებულიყავით ასეთი კურსით, კიდევ გასაგები იქნებოდა, მაგრამ ალიანსშიც ვერ შევედით და რუსეთთან ურთიერთობაც გავაუარესეთ. ახლა რუსეთს საეჭვოა მოეწონოს ის ფაქტი, რომ საქართველომ უკრაინის კონფლიქტის შეფასებისას ანტირუსული პოზიცია დაიკავა, ამით ხომ მოსკოვ-თბილისის ურთიერთობის მოგვარების პროცესი დამუხრუჭდება. რუსეთთან სიტუაციის მოგვარებას ხელს არ შეუწყობს არც ნატოს საწრთვნელი ცენტრის შექმნაც... და ეს ხდება მაშინ, როცა ალიანსის წევრობა ჩვენთვის მიუწვდომელია“, - აცხადებს კონსტანტინე ჩიკვილაძე „ნეზავისიმაია გაზეტასთან“ საუბარში.
ექსპერტს მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლება დამოუკიდებელ პოლიტიკას არ ატარებს, საკუთარი ხალხის ინტერესებს ყურად არ იღებს და მხოლოდ ვაშინგტონის მიზნების შესრულებას ემსახურება.