„სამამულო პროდუქციის მწარმოებელთა კავშირის“ თავმჯდომარის ვაზგენ საფარიანის თქმით, სომხეთი, სატვირთო გადაზიდვების თვალსაზრისით, მხოლოდ სტეფანწმინდა-ლარსის ავტოტრასაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული.
როგორც ცნობილია, სტეფანწმინდა-ლარსის ავტოტრასაზე არსებული საკონტროლო-გამშვები პუნქტი „ზემო ლარსი“ 20 აგვისტოდან, ღვარცოფის გამო, დაკეტილი იყო, გზაზე მოძრაობა მხოლოდ 30 აგვისტოდან აღდგა.
„ღვარცოფისა და მეწყერის გამო სომხეთსა და რუსეთს შორის ტვირთების გადაზიდვა შეწყვეტილი იყო. კარგია, რომ მოძრაობა სწრაფად იქნა აღდგენილი, თუმცა, სამწუხაროდ, ასეთი მოვლენები პერიოდულად და საკმაოდ ხშირად ხდება“, - განაცხადა ვაზგენ საფარიანმა ერევანში გამართულ პრეს-კონფერენციაზე.
„სამამულო პროდუქციის მწარმოებელთა კავშირის“ თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტა შეიძლება მოხდეს საშიშ ადგილებზე გვირაბების გაყვანით. „გვირაბების მშენებლობის იდეა ახალი არ არის, მაგრამ პროქტების რეალიზებას ხელი ჯერ მსოფლიო ომებმა შეუშალა, შემდეგ კი საბჭოთა კავშირის დაშლამ“, - აღნიშნა ვაზგენ საფარიანმა. მისი თქმით, პრობლემის ალტერნატიული გადაწყვეტა აფხაზეთის რკინიგზაზე მოძრაობის აღდგენითაც არის შესაძლებელი, რომელიც რუსეთს, საქართველოს, სომხეთს და ირანს ერთმანეთთან დააკავშირებს.
წინა დღეებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აფხაზეთის ხელისუფლება რკინიგზაზე მიმოსვლის აღდგენის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ ამ იდეის განხილვა მხოლოდ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ უნდა მოხდეს. როგორც ცნობილია, 1980-იანი წლების ბოლომდე ამიერკავკასიის რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთზე დღე-ღამეში 24 სატვირთო და 14 სამგზავრო მატარებელი მოძრაობდა.