აფხაზეთსა და რუსეთს შორის მეგობრობისა და ურთიერთდახმარების ახალი ორმხრივი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც წლის ბოლომდე უსაფრთხოების ერთიანი კონტურის შექმნაა გათვალისწინებული, შეიძლება სამმხრივი გახდეს: დაწყებულ მოლაპარაკებას სამხრეთ ოსეთიც უერთდება. ამის შესახებ „იზვესტიას“ აფხაზეთში სამხრეთ ოსეთის ელჩმა ოლეგ ბოციევმა განუცხადა. აფხაზეთის ხელისუფლება მოლაპარაკების ფაქტს ადასტურებს და აღნიშნავს, რომ საკითხი ეხება ძლიერი ბლოკის ჩამოყალიბებას - „ნატოს მსგავსად და ნატოს წიონააღმდეგ“. საქმე იმაშია, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს არ შეუძლიათ გაწევრიანდნენ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიერ შექმნილ სამხედრო-პოლიტიკურ კავშირში - „ოდკბ“-ში („ორგანიზაცია დოგოვორა ო კოლლეკტივნოი ბეზოპასნოსტი“ // „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია“), რადგან ამ ორგანიზაციის სხვა წევრები მათ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არ აღიარებენ.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აფხაზეთის პრეზიდენტს რაულ ხაჯინბას აგვისტოს ბოლოს შეხვდა. როგორც მოლაპარაკების შემდეგ აღინიშნა, წლის ბოლომდე რუსეთი და აფხაზეთი ხელს მოაწერენ მეგობრობისა და ურთიერთდახმარების ახალ ხელშეკრულებას, რომლითაც ორი სახელმწიფოს უსაფრთხოების გარე კონტური შეიქმნება.
- ამჟამად, აფხაზ მეგობრებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ შეთანხმების პროექტზე, რომელიც სამხრეთ ოსეთს აფხაზეთ-რუსეთის უსაფრთხოების ერთიან კონტურისადმი შეერთების საშუალებას მისცემს, - აცნობა „იზვესტიას“ ოლეგ ბოციევმა, - თუმცა ამ ეტაპზე ჯერ ზუსტად ცნობილი არ არის, ეს დოკუმენტი ერთიანი სამმხრივი ხელშეკრულება იქნება თუ ცხინვალი ამ საკითხზე ცალკე გააფორმებს შეთანხმებებს სოხუმთან და მოსკოვთან. მოკლედ, მუშაობა მიდის და ვნახოთ“. ამასთან, როგორც ელჩმა განაცხადა, რუსეთ-სამხრეთ ოსეთის ერთობლივი უსაფრთხოების კონტური განსხვავებული იქნება აფხაზეთ-რუსეთის კონტურისაგან: „მისი შინაარსი ჯერ განხილვის პროცესშია, თუმცა უკვე ცნობილია, რომ დოკუმენტი, პირველ რიგში სამხედრო კომპონენტით იქნება განსაზღვრული. შემდეგ მასში ჩაიდება ჩვენი რეგიონის ეკონომიკური და საინფორმაციო უსაფრთხოების პრინციპებიც“.
აფხაზეთის ხელისუფლება მოლაპარაკების ფაქტს ადასტურებს. რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტის ვიტალი გაბნიას თქმით, საქმე გვაქვს ძლიერი ბლოკის ჩამოყალიბებასთან - „ნატოს მსგავსად და ნატოს წინააღმდეგ“: „ამ ეტაპზე მოლაპარაკება გვაქვს სამხრეთ ოსეთის მხარესთან ჩვენს ხელშეკრულებასთან ცხინვალის მიერთების მიზნით“, - ამბობს ვიტალი გაბნია და ამატებს, რომ: „მიგვაჩნია, სამმხრივ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა ნორმალური რეაქცია იქნება ნატოსა და მისი პარტნიორის - საქართველოს ნაბიჯებზე. საქართველოს ნატოში გაწევრიანება სურს, გარდა ამისა, თბილისმა ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებასაც“.
ვიცე-პრეზიდენტის ნათქვამის მიხედვით, სამხრეთ ოსეთს უსაფრთხოების კონტურთან მიერთება უკვე ამ შემოდგომის დასასრულს შეუძლია, თუმცა ცხინვალი ფიქრობს, რომ ხელშეკრულება უფრო ადრე, - სექტემბრის ბოლომდე გააფორმოს. ოლეგ ბოცოევი ამბობს, რომ სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და რუსეთში არსებული სამხრეთ ოსეთის საელჩო ამ საკითხზე მოსკოვთან კონსულტაციებს უკვე მართავს.
აქვე შევნიშნავთ, რომ ოლეგ ბოცოევის მიერ დასახელებულ სტრუქტურებში რაიმე საქმიანობის დაწყება არ დაგვიდასტურეს: კერძოდ, რუსეთში სამხრეთ ოსეთის ელჩმა დიმიტრი მედოევმა განაცხადა, რომ მას არ შეუძლია ამ ინფორმაციის დადასტურება, თუმცა გვითხრა, რომ რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის ერთმანეთთან ინტეგრირების პროცესი ისედაც აქტიურად მიმდინარეობს, უკვე ხელმოწერილია 70-მდე შთანხმება ყველა სფეროში.
ექსპერტების თქმით ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რა დივიდენდებს მიიღებს რუსეთი აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ამგვარი დოკუმენტებზე ხელმოწერით. სოხუმში იმედი აქვთ, რომ ამ ხელშეკრულებით რუსეთს საშუალება მიეცემა აფხაზეთს სამხედრო ტექნიკა მიაწოდოს და უფრო მეტიც, ის გახდეს ათვლის წერტილი აფხაზეთის „ოდკბ“-ში და ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებისათვის.
- რუსეთის მიერ შექმნილ ეკონომიკურ და თავდაცვით ალიანსებში გასაწევრიანებლად აფხაზეთი ჯერ ამ ალიანსების წევრებმა უნდა აღიარონ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, - განმარტავს „ნეზავისიმოე ვოენნოე ობოზრენიეს“ მიმომხილველი ვლადიმერ შერბაკოვი, - ჯერ-ჯერობით კი ყველა ეს ტერიტორიული წარმონაქმნები არაღიარებულ ქვეყნებს მიეკუთვნება, გაეროს წესდებით და ტრადიციებით, ისინი საერთაშორისო სამართლის სუბიექტებს არ წარმოადგენენ.
იგივე მიზეზით აფხაზეთისა და მისი მსგავსი წარმონაქმნებისათვის მსოფლიოს ქვეყნებს აკრძალული აქვთ ისეთი სამხედრო დანიშნულების პროდუქციის მიწოდება, რომელიც გაეროს მიერ დადგენილ იარაღის საერთაშორისო რეგისტრში შედის. რაც შეეხება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დისლოცირებულ რუსეთის სამხედრო ბაზებისათვის იარაღის შეტანას, ეს მოსკოვს შეუძლია, თუმცა მხოლოდ მანამ, სანამ ისინი დაცვის ფუნქციას ასრულებენ. „ერთადერთი, იარაღის ექსპორტის თვალსაზრისით, რისი გაკეთება რუსეთს სრულიად თავისუფლად შეუძლია, ესაა აფხაზური და ოსური სამართალდამცველი სტრუქტურების იარაღით აღჭურვა, მაგრამ ვიმეორებ, ეს პრინციპი არმიაზე არ ვრცელდება“, - ხაზს უსვამს ვლადიმერ შერბაკოვი.
აფხაზეთთან ხელმოწერის მიზნით დაგეგმილი ხელშეკრულება იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთს კავკასიის პრობლემების გადასაწყვეტად უკვე არსებული „ოდკბ“-ის ინსტრუმენტები არ ყოფნის, - ამბობს სამხედრო მიმომხილველი ვლადიმერ შურიგინი: „„ოდკბ“-ის ინტერესებისაგან განსხვავებით, რუსეთს თავისი საკუთარი ინტერესებიც აქვს. „ოდკბ“ მხოლოდ ნარკოვაჭრობის წინააღმდეგ თუ გამოდგება... პრინციპში, რუსეთმა უსაფრთოხების კოლექტიური ძალების ჩამოყალიბება ვერ შეძლო“.
არსენ პოღოსიანი
http://izvestia.ru/news/576093