„ფაინენშელ თაიმსი“ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და საქართველოს შესახებ , ესტონეთის პრემიერ-მინისტრ
ტაავი რიივაისთან ინტერვიუს აქვეყნებს, რომლის მიმოხილვასაც სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ:
რუსეთის ჩარევამ უკრაინის მოვლენებში ევროპის უსაფრთხოების პერსპექტივა ისე უკიდურესად შეცვალა, რომ დასავლეთის მთავრობები მოსკოვის მიმართ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ, - განაცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა ტაავი რიივასმა.
მან „ფაინენშელ თაიმსთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ „ეს უბრალოდ ცუდი ამინდი კი არ არის, ეს კლიმატის შეცვლაა, შესაბამისად, ჩვენი რეაქციაც გრძელვადიანი უნდა იყოს“.
ბატონმა ტაავი რიივასმა ეს ნატოს ნიუპორტის (უელსი) სამიტის დაწყების წინ განაცხადა, რომელმაც ახალი ზომები უნდა მიიღოს ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთის ფლანგებიდან მომდინარე საფრთხეებზე სწრაფი რეაგირების მიზნით.
დღეს აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ტალინში ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის პრეზიდენტებს უნდა შეხვდეს. მან თავისი კოლეგები უნდა დაარწმუნოს, რომ ნატოს კოლექტიური თავდაცვის დოქტრინა, ალიანსის ძველი წევრების გარდა, იმ ბალტიისპირა სახელმწიფოებზეც გავრცელდება, რომლებიც 1991 წლამდე საბჭოთა კავშირის ნაწილებს წარმოადგენდნენ.
ტაავი რიივასმა აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამ და აღმოსავლეთ უკრაინის მოვლენებში მოსკოვის ჩარევამ ნატოს წევრების მთავრობებისაგან მტკიცე და ერთიანი პასუხის გაცემა მოითხოვა. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, წარსულის გამოცდილების გათვალისწინებით, ალიანსმა უფრო მეტად უნდა გაამახვილოს ყურადღება და უფრო ძლიერი რეაგირება უნდა მოახდინოს საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომთან დაკავშირებითაც, რომლის შედეგად მოსკოვმა საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონის - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ „სიფხიზლის მაღვიძარა“ 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ადრე გამოვრთეთ, - თქვა პრემიერ-მინისტრმა, - ვხედავ, რომ ჩვენ ფხიზლად უნდა ვყოფილიყავით, მაღვიძარა „თვლემაზე“ არ უნდა დაგვეყენებინა, სიფხიზლის იგნორირება არ შეიძლებოდა“.
ტონი ბარბერი ტალინიდან