სააკაშვილმა განაცხადა: მე საქართველოს დედაქალაქს აგვისტოში სოხუმში გადავიტანო;
ჯორჯ ბუშთან შეხვედრის შემდეგ, ჩვენი ხელმძღვანელობა აცხადებდა, რომ მათ ჰქონდათ აშშ-ს მხარდაჭერა სამხედრო ოპერაციის განხორციელებაზე;
სამხედრო ოპერაცია აფხაზეთის მიმართულებით უნდა განხორციელებულიყო; ამ სამხედრო ოპერაციის მოსამზადებლად სამხედრო ინსტრუქტორები ისრაელიდან ჩამოიყვანეს;
ოქრუაშვილი ამბობდა, რომ კოკოითთან შეთანხმებას მიაღწია და ეს უკანასკნელი მზად იყო, რამდენიმე მილიონის სანაცვლოდ ძალაუფლების გადაცემის თაობაზე მოლაპარაკებები დაეწყო;
რამდენიმე კვირის წინ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დამფუძნებელი, საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში ეროსი კიწმარიშვილი საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა.
მისი გარდაცვალებისთანავე გაჩნდა ეჭვი, რომ კიწმარიშვილი მოკლულია, ხოლო მკვლელობა აგვისტოს ომის მოვლენების გამოძიებას უკავშირდება, რადგან იმ პერიოდში მას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოსტი ეკავა რუსეთში და შესაბამისად, ბევრი ინფორმაციის მატარებელიც იყო.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ სააკაშვილის ხელისუფლების მიერ შექმნილი აგვისტოს ომის მოვლენების გამოსაძიებელი კომისიის ( ე.წ. პაატა დავითაიას კომისია) იმ სხდომის მნიშვნელოვან ფრაგმენტებს, როდესაც კომისიას ჩვენება ეროსი კიწმარიშვილმა მისცა.
როგორც საზოგადოებას ახსოვს, კომისიის სხდომა მაშინ კიწმარიშვილ-თარგამაძის ინციდენტის გამო ჩაიშალა.
აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის სხდომა მას შემდეგ, ჩაიშალა, რაც ყოფილი ელჩი რუსეთში, ეროსი კიწმარიშვილი კომისიის წევრებთან დებატების რეჟიმში 3 საათზე მეტ ხანს საუბრობდა.
მან სხდომათა დარბაზი მას შემდეგ დატოვა, რაც გავლენიანმა დეპუტატმა უმრავლესობიდან, გივი თარგამაძემ, სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ, მისი მისამართით კალმისტარი ისროლა. პირდაპირ ეთერში, რა რეჟიმშიც სხდომის ტრანსლირება ხდებოდა, გაურკვეველი იყო ის კონკრეტული მიზეზი, რამაც თარგამაძის მოქმედება განაპირობა. თუმცა მან მოგვიანებით, როცა კომისიის წინაშე ინციდენტის გამო ბოდიში მოიხადა, განაცხადა, რომ კიწმარიშვილისაგან შეურაცხმყოფელი სიტყვა - „გარეწარი” ვერ მოითმინა.
კიწმარიშვილის დაკითხვა კომისიაზე ყველაზე დიდხანს გაგრძელდა ამ დრომდე ჩატარებულ მოსმენებთან შედარებით, სადაც მან რამოდენიმე სკანდალური განცხადება გააკეთა.
მცირე დაძაბულობა სხდომის დაწყებისთანავე წარმოიშვა, როდესაც კიწმარიშვილმა თავისი ჩვენება 2004 წლის მოვლენებიდან დაიწყო. თუმცა, კომისიის თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ სთხოვა მას იმ პერიოდზე გაემახვილებინა ყურადღება, როდესაც მას რუსეთში საქართველოს ელჩის თანამდებობა ეკავა, 2008 წლის აპრილის და 2008 წლის ივლისის პერიოდში. სწორედ ივლისში, მას შემდეგ, რაც რუსეთმა აღიარა, რომ მისმა თვითმფრინავებმა დაარღვიეს საქართველოს საჰაერო სივრცე, კიწმარიშვილი მოსკოვიდან გამოიწვიეს. თუმცა, ყოფილმა ელჩმა დაიჟინა, რომ მას 2004 წლის მოყოლებული სურდა მოვლენების მიმოხილვა, რადგანაც, მისი თქმით, იმ დროს იგი დაახლოებული იყო სააკაშვილთან და მის ადმინისტრაციასთან.
ქვემოთ მოცემულია კიწმარიშვილის ჩვენების ძირითადი პუნქტები:
• 2004 წლის თებერვალში საქართველოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის რანგში მე გამაგზავნეს მოსკოვში პრეზიდენტ სააკაშვილსა და მაშინდელ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შორის პირველი შეხვედრის ორგანიზების მიზნით; მე პრეზიდენტ სააკაშვილისგან მქონდა რწმუნება ამ შეხვედრის მომზადების თაობაზე;
• ამ შეხვედრის მთავარი შედეგი იყო ის ფაქტი, რომ პუტინსა და სააკაშვილს შორის წამოიშვა ძალიან პოზიტიური ურთიერთნდობა; ჩვენ ვეუბნებოდით რუსებს, რომ გვინდოდა ახალი დინამიკის შეტანა ორმხრივ ურთიერთობებში და ამ კუთხით სასტარტო პირობები იყო ძალიან კარგი;
• პირველი, რაც რუსებმა გვითხრეს ის იყო, რომ ისინი იწყებდნენ ურთიერთობებს ახალ ხელისუფლებასთან სუფთა ფურცლიდან, რადგანაც მთლიანად ახალი ხელისუფლება იყო, რომელიც სათავეში მშვიდობიანი რევოლუციის შედეგად მოვიდა; რუსები გვეუბნებოდნენ, რომ მათ სურდათ შეექმნათ ფორმატები იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომლებიც ორ ქვეყანას შორის წლების მანძილზე არსებობდა;
• აჭარის მოვლენების დროს, რუსეთი კვლავ შეეცადა მოლაპარაკებები ეწარმოებინა რამდენიმე ძველ პრობლემაზე, თუმცა ჩვენგან არც ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა;
ამ განცხადების შემდეგ, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, დეპუტატმა გოკა გაბაშვილმა სთხოვა კიწმარიშვილს დაეკონკრეტებინა თუ რას გულისხმობდა ამაში. დეპუტატმა გივი თარგამაძემ გაამყარა ეს კითხვა და განაცხადა, რომ კომისიის წევრებს მეტი დეტალები სჭირდებათ, რათა ყველაფერი მხოლოდ საუბრის დონეზე არ დარჩეს;
• კიწმარიშვილმა უპასუხა: 2004 წლის თებერვალში პუტინის და სააკაშვილის შეხვედრის დროს - და ეს თავად სააკაშვილისგან და ირაკლი ოქრუაშვილისგან [მაშინდელი გენერალური პროკურორი] ვიცი - პუტინმა განაცხადა, რომ ის არ იყო მზად ესაუბრა აფხაზეთის საკითხებზე, თუმცა ის მზად იყო დაეწყო ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების სამხრეთ ოსეთის პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით;
• პუტინთან ამ შეთანხმებების შემდეგ - რომლებიც ძალიან წარმატებულად ჩაითვალა - რუსეთი გაღიზიანდა აჭარაში განვითარებული მოვლენების გამო [როდესაც მაშინდელი ლიდერი ასლან აბაშიძე მშვიდობიანად იქნა გაძევებული რეგიონიდან, 2004 წლის მაისში], რადგანაც მაშინდელი კრიზისის დროს, რუსეთი ცდილობდა რაღაც პლატფორმის მსგავსი ჰქონოდა, რომლის საფუძველზეც მას ექნებოდა შესაძლებლობა ევაჭრა თბილისთან იმ საკითხებზე, რომლებიც ზემოთ ვახსენე [სავარაუდოდ კონფლიქტის მოგვარების საკითხები]; თუმცა მათთან რაიმე დიალოგი არ დაგვიწყია;
• აჭარის მოვლენების შემდეგ, როდესაც ცენტრალურმა ხელისუფლებამ სრული კონტროლი დაამყარა რეგიონზე, ჩვენ დავიწყეთ სამხრეთ ოსეთის მიმართულების გააქტიურება - ვანო მერაბიშვილი [მაშინდელი უშიშროების საბჭოს მდივანი, რომელიც აჭარის მოვლენებიდან ერთ თვეში უშიშროების მინისტრი გახდა], ზურაბ ადეიშვილი [მაშინდელი გენერალური პროკურორი] და ირაკლი ოქრუაშვილი [რომელიც აჭარის მოვლენებიდან ერთ თვეში შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა] ყველაზე აქტიურად იყვნენ ჩართულნი სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებულ საკითხებში;
• ირაკლი ოქრუაშვილი განსაკუთრებით აქტიური იყო ამ კუთხით და იგი პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებდა სამხრეთ ოსეთის ლიდერთან ედუარდ კოკოითთან; ეს მოლაპარაკებები არაფორმალურ ფორმატში იმართებოდა; ისინი სანადიროდაც კი დადიოდნენ ერთად;
• მე ვიცი ამის შესახებ, რადგანაც მე ვმონაწილეობდი ამ საქმიანობის შედეგების განხილვებში; ეს განხილვები ძირითადად შავნაბადას სპეციალურ საპრეზიდენტო რეზიდენციაში იმართებოდა;
• ოქრუაშვილი მაშინ ამბობდა, რომ მან შეთანხმებას მიაღწია კოკოითთან და ეს უკანასკნელი მზად იყო მოლაპარაკებები დაეწყო თბილისთან ცხინვალში ძალაუფლების გადაცემის თაობაზე რამდენიმე მილიონის სანაცვლოდ;
• თუმცა, ოქრუაშვილსა და კოკოითს შორის ინციდენტი მოხდა [კიწმარიშვილმა არ დააკონკრეტა] და რეგიონში ესკალაცია დაიწყო; შემდეგ სამხრეთ ოსეთში სპეცოპერაცია განხორციელდა ოქრუაშვილის ხელმძღვანელობით; იმ დღეს [2004 წლის 19 აგვისტოს] ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ [ქართულმა ძალებმა] მოკლეს რვა კაზაკი, რომლებიც სამხრეთ ოსეთის მხარეს იბრძოდნენ. თუმცა, საბოლოოდ გაირკვა, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი იქნა მოკლული;
• იმავე დღის საღამოს პრეზიდენტი სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ირაკლი ოქრუაშვილი, ზურაბ ადეიშვილი, ირაკლი ჩუბინიშვილი [პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაშინდელი უფროსი], გოგი თავთუხაშვილი [მაშინდელი შინაგანი ჯარების უფროსი] შავნაბადას რეზიდენციაში შეიკრიბნენ; მეც ვესწრებოდი შეხვედრას; იმ დროს იქ არ ყოფილა მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია; იგი მთავრობის კანცელარიაში იმყოფებოდა;
• შეხვედრის დროს პრეზიდენტმა სააკაშვილმა დასვა შეკითხვა დაგვეწყო ცხინვალზე შეტევა, თუ არა. ვანო მერაბიშვილი, ირაკლი ჩუბინიშვილი და ზურაბ ადეიშვილი ამ ოპერაციის დაწყების წინააღმდეგ იყვნენ; შემდეგ ვკითხეთ გოგი თავთუხაშვილს იყო თუ არა საკმარისი შესაძლებლობები მომდევნო რამდენიმე დღეში რეგიონზე კონტროლის დასამყარებლად სამხედრო ოპერაციის შემთხვევაში; თავთუხაშვილმა ამ კითხვაზე დადებითი პასუხის გაცემა ვერ შეძლო;
• ჩვენ ძალიან ახლოს ვიყავით ამ ოპერაციის სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღებასთან, რადგანაც ოქრუაშვილი, რომელიც მაშინ სამხედრო ოპერაციას ემხრობოდა, მაშინ ძალიან დაახლოებული იყო პრეზიდენტ სააკაშვილთან;
• ამის შემდეგ პრეზიდენტი სააკაშვილი მიდის მთავრობის ადმინისტრაციაში და ხვდება ზურაბ ჟვანიას - ეს თავად ზურაბ ჟვანიასა და ირაკლი ჩუბინიშვილისგან ვიცი; ჟვანია ომის კატეგორიული წინააღმდეგი იყო;
• ჟვანიას მხრიდან კატეგორიული წინააღმდეგობის გამო და ასევე ერთ-ერთ უცხოურ დედაქალაქთან სატელეფონო ზარის შემდეგ - რომელმაც გააფრთხილა სამხედრო ოპერაციის წინააღმდეგ - მიღებული იქნა გადაწყვეტილება სამხედრო ოპერაციის წინააღმდეგ და ომიც თავიდან იქნა აცილებული;
• სამხრეთ ოსეთში ივლისი-აგვისტოს მოვლენების შემდეგ ჩვენ დავხურეთ გზა იმ მშვიდობიანი მექანიზმებისკენ, რომლებიც თებერვალში გაჩნდა; მე ვიმეორებ, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის სწრაფი მოგვარების შანსი გაჩნდა თებერვალში სააკაშვილის და პუტინის შეხვედრის შემდეგ;
• რუსეთი ცდილობდა დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკებები შესაძლო გარიგების თაობაზე: სამხრეთ ოსეთი რაღაცის სანაცვლოდ - მაგრამ ეს ჩვენ არ განვიხილეთ; მე არ ვიცი რა შეიძლებოდა ყოფილიყო ეს ”რაღაც”;
• 2008 წლის ივნისში, როდესაც მე ელჩი ვიყავი, მე სახელმწიფო მინისტრის იაკობაშვილის მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები მქონდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურ წარმომადგენლებთან - იური პოპოვთან და ვალერი კენიაიკინთან და ამ უკანასკნელმა გვითხრა, რომ 2004 წლის ბოლოს და 2005 წლის დასაწყისში სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების კარგი შანსი არსებობდა; თუმცა ეს შანსები ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ გაქრა;
• 2004 წლის შემოდგომიდან მე შევწყვიტე ჩემი კავშირები საქართველოს ხელისუფლებასთან და შემდგომი მოვლენების შესახებ ინფორმაცია არ გამაჩნია; მართალია, მე ვადევნებდი თვალს მოვლენებს და ყველამ იცის ის აგრესიული რიტორიკა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება იყენებდა რუსეთის და მისი ხელმძღვანელობის მისამართით;
• 2007 წლის 2 ნოემბერს მე მივიღე წინადადება შინაგან საქმეთა მინისტრისგან ვანო მერაბიშვილისგან გავმხდარიყავი საქართველოს ელჩი რუსეთში;
• პრეზიდენტმა სააკაშვილმა პირადად შემომთავაზა ეს პოსტი 2008 წლის 11 იანვარს [5 იანვრის არჩევნებში სააკაშვილი მეორე ვადით იქნა არჩეული პრეზიდენტად]; მე სააკაშვილის საარჩევნო კამპანიის PR-ის ხელმძღვანელი ვიყავი;
• როდესაც პრეზიდენტმა ეს პოსტი შემომთავაზა, მე დამრჩა შთაბეჭდილდება, რომ სააკაშვილს გულწრფელად სურდა რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება და ამიტომაც დავთანხმდი;
• მე ვახლდი სააკაშვილს მოსკოვში თებერვალში, როდესაც ის მაშინდელ პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდა;
• როდესაც მოსკოვიდან თბილისში ვბრუნდებოდით თვითმფრინავში ჩემი თანდასწრებით სააკაშვილმა განაცხადა: მე საქართველოს დედაქალაქს აგვისტოში გადავიტან სოხუმში; იქ ასევე იყვნენ დაზვერვის სამსახურის უფროსი გელა ბეჟუაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგოლ ვაშაძე და ეკონომიკის მინისრტი ეკა შარაშიძე;
ამ დროს, კომისიის თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ შეაწყვეტინა კიწმარიშვილს და ჰკითხა გულისხმობდა თუ არა პრეზიდენტი დედაქალაქის სტატუსის ფორმალურ გადატანას, თუ რაიმე სამხედრო ოპერაციას გულისხმობდა. კიწმარიშვილმა უპასუხა, რომ მისი ვარაუდით, სააკაშვილი ძალის გამოყენებას გულისხმობდა;
• 2008 წელს, აპრილის მეორე ნახევარში მე შევიტყვე პრეზიდენტის შიდა წრიდან, რომ მათ მწვანე შუქი მიიღეს დასავლელი პარტნიორისგან სამხედრო ოპერაციის განხორციელებაზე;
თხოვნაზე დაეკონკრეტებინა დასავლელი პარტნიორი, კიწმარიშვილმა განაცხადა: აშშ-ს პრეზიდენტთან ჯორჯ ბუშთან შეხვედრის შემდეგ [19 მარტს ვაშინგტონში], ჩვენი ხელმძღვანელობა აცხადებდა, რომ მათ ჰქონდათ აშშ-ს მხარდაჭერა სამხედრო ოპერაციის განხორციელებაზე;
• ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად, მე აშშ-ს ელჩს თბილისში ჯონ ტეფტს შევხვდი და ვკითხე მას მართალი იყო ეს, თუ არა, რაც მან კატეგორიულად უარყო;
შემდეგ კიწმარიშვილს, კომისიის წევრებმა მმართველი პარტიიდან, მოსთხოვეს განემარტა რას გულისხმობდა ის ”ხელმძღვანელობაში” და საიდან შეიტყო მან ამის თაობაზე. კიწმარიშვილმა უპასუხა: მე ვერ გავამხელ იმ პირებს, რომელთაც ეს მითხრეს, მათი უსაფრთხოების მოტივით;
• აშშ-ს ელჩთან შეხვედრის შემდეგ, განაგრძო კიწმარიშვილმა, მე წავედი პრეზიდენტ სააკაშვილთან შესახვედრად; იმ შეხვედრას ასევე ესწრებოდა დავით ბაქრაძე და თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი;
კიწმარიშვილს ჰკითხეს დასვა თუ არა მან საკითხი აშშ-ს მწვანე შუქის თაობაზე. კიწმარიშვილმა თავდაპირველად განაცხადა, რომ ბაქრაძემ უარყო რაიმე მწვანე შუქის არსებობდა, თუმცა მოგვიანებით, მან განაცხადა, რომ ბაქრაძემ, ეს ”არც დაადასტურა, არც უარყო”. სააკაშვილი კი, მისი თქმით, დათანხმდა, რომ ამგვარი ინფორმაცია არსებობდა, თუმცა ”იგი დაინტერესდა, ვინ იყო წყარო და ვინ უთხრა მას ამის შესახებ”;
• შეხვედრის შემდეგ მე გავაფრთხილე არ განეხორციელებინათ სამხედრო ოპერაცია და ვკითხე თავდაცვის მინისტრს გაგვაჩნდა თუ არა საკმარისი შესაძლებლობები სამხედრო ოპერაციის განსახორციელებლად. კეზერაშვილმა მიპასუხა: „მომდევნო ოთხი წლის მანძილზე აღარ გვეყოლება ისეთი ძლიერი არმია, როგორიც ახლა გვყავს“;
• სამხედრო ოპერაცია უნდა განხორციელებულიყო აფხაზეთის მიმართულებით; ჩამოიყვანეს სამხედრო ინსტრუქტორები ისრაელიდან ამ სამხედრო ოპერაციის მოსამზადებლად;
• კეზერაშვილმა ასევე განაცხადა შეხვედრაზე, რომ ოპერაცია უნდა დაწყებულიყო მაისის დასაწყისში ან მანამ, სანამ თოვლი დადნებოდა უღელტეხილებზე;
• ეს გადაწყვეტილება არ განხორციელებულა;
მოსმენისას, ამ დროს დეპუტატი გივი თარგამაძე ჩაერია, რომლის განცხადებითაც: ”სამწუხარო ტრადიცია ჩამოყალიბდა, როდესაც თანამდებობებიდან გათავისუფლების შემდეგ, ადამიანებს უხარიათ ისაუბრონ კერძო საუბრების შინაარსზე...” კიწმარიშვილმა გააწყვეტინა თარგამაძეს და უთხრა კომისიის თავმჯდომარეს, რომ თარგამაძის ამ განცხადებას არაფერი აქვს საერთო იმ საკითხთან, რომელიც მოსმენაზე განიხილება. მაგრამ თარგამაძემ უპასუხა: ”თქვენ თავად საუბრობთ ისეთ რამეებზე, რასაც არაფერი აქვს საერთო განსახილველ საკითხთან”. შემდეგ მან ჰკითხა კიწმარიშვილს, რატომ დათანხმდა ელჩის თანამდებობაზე და რატომ არ ისაუბრა საჯაროდ, თუ ქვეყანას საფრთხე ემუქრებოდა. კიწმარიშვილმა განაცხადა, რომ მან ეს არ გააკეთა, რადგანაც სურდა ეს შიგნიდან მოეგვარებინა;
• შემდეგ კიწმარიშვილმა განაგრძო: ჩვენ იმ დროს ვიღებდით ინფორმაციას, რომ რუსები აპირებდნენ სამხედრო ოპერაციის განხორციელებას აგვისტოში ზემო კოდორის ხეობაში იქიდან ქართული ძალების გამოძევების მიზნით;
• ეს სამხედრო ოპერაცია, განაგრძო მან, გადაიდო რუსების მიერ აფხაზური მხარის თხოვნის საფუძველზე, რადგანაც სოხუმს არ უნდოდა ტურისტული სეზონის ჩაშლა;
• აშშ-მ აქტიური ნაბიჯები გადადგა აფხაზეთთან მიმართებაში და სოხუმში ჩავიდა მეთიუ ბრაიზა [2008 წლის 10 მაისს];
აწ გარდაცვლილი ეროსი კიწმარიშვილის ჩვენების მეორე ნაწილს, რომელიც უშუალოდ 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს უკავშირდება, საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ.