გვესაუბრება თბილისის საკრებულოს ფრაქცია “დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი თამარ ცინცაბაძე:
- რა მიზეზით არ დაუჭირა მხარი თქვენმა ფრაქციამ საკრებულოში მთავრობის შემადგენლობას ?
- მოგახსენებთ. მთავარი მიზეზი ასეთია: რეალურად, ორი დღის მანძილზე, საკრებულოს წარდგენილი კანდიდატურების ხედვა და ამა თუ იმ საკითხის მიმართ მათი დამოკიდებულება უნდა მოესმინა. ჩვენ კი ყველა შეკითხვაზე, პასუხი, ფაქტობრივად მხოლოდ ახალი მერისგან - დავით ნარმანიასგან მოვისმინეთ. წარდგენილი კანდიდატები კითხვებს მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში პასუხობდნენ. მათ თავიანთი პოზიცია არ დაუფიქსირებიათ. ამიტომ უმრავლესობაზე წარმოდგენა ვერ შეგვექმნა, თუ რამდენად შეძლებენ დაკისრებული ვალდებულებებისთვის თავის გართმევას. გარდა ამისა, თბილისის დღევანდელი ხელისუფლება პასუხისმგებლობას მთლიანად საკუთარ თავზე იღებს. გეტყვით რაც მხედველობაში მაქვს: მაგალითად, საკრებულოში უმრავლესობას, ოპოზიციისთვის არცერთი თანამდებობა არ დაუთმია. სხვათა შორის, „ნაციონალების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, თბილისის საკრებულოში სპეციალური შეთანხმება შედგა, რაც შემდგომ რეგლამენტში აისახა. კერძოდ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ოპოზიციური ფრაქციისთვის იყო განკუთვნილი. ასევე, დაუშვეს ისიც, რომ ერთი ან ორი კომისიის თავმჯდომარე ოპოზიციიდან ყოფილიყო. ჩვენი მხრიდან იყო მოთხოვნა, რომ სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე არა უმრავლესობის წარმომადგენელი ყოფილიყო. მათ ეს არ გაითვალისწინეს და მმართველობა მთლიანად საკუთარ თავზე აიღეს. როცა მმართველობაში ოპოზიციის ფრაქციები არ შემოგყავს, ეს სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური ცხოვრების ჩაკვლა. უმრავლესობის სურვილია პასუხისმგებლობა მთლიანად საკუთარ თავზე აიღონ, ამიტომ, ბუნებრივია, ამ პასუხისმგებლობის თანაზიარი, (ისე, რომ რეალურ თანამდებობრივ ბერკეტებს არ ფლობდეს) ფრაქცია „დემოკრატიული მოძრაობა“ ვერ იქნება. მხარდაჭერაზე უარი განპირობებულია კიდევ ერთი მიზეზით: წარდგენილ კანდიდატებში იყვნენ პირები, რომლებსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მაღალი თანამდებობები ეკავათ, მაგრამ თავად „ოცნება“ მათ საქმიანობას დადებითად არ აფასებდა. რა გამოდის? თბილისის აღმასრულებელი ხელისუფლება მათი თავშესაფარია? ეს მიუღებელია. გარდა ამისა, კანდიდატებს შორის არიან ადამიანები, რომლებიც „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ, თუმცა ხალხის მხრიდან მათი საქმიანობა უარყოფითად ფასდება. ამიტომ ძნელია დაიჯერო, რომ ეს ადამიანები შეიცვალნენ და ახლა, მაღალ თანამდებობებზე მოკალათებულნი, ნამდვილად ხალხის დაკვეთას შეასრულებენ. აი, ეს არის ის ძირითადი მიზეზები, რის გამოც მათ მხარი არ დავუჭირეთ. მართალია ჩვენმა ფრაქციამ მხარი არ დაუჭირა თბილისის ახალ მთავრობას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ გვინდა მათი საქმიანობა წარმატებული იყოს. პირიქით, გვინდა რომ ისინი წარმატებულნი იყვნენ და ჩვენი მხრიდან ძალისხმევას არ დავაკლებთ, რომ ასე მოხდეს, რადგან დღევანდელი ხელისუფლების წარმატებაზეა ჩვენი თანამოქალაქეების კეთილდღეობა დამოკიდებული.
-თქვენმა ფრაქციამ მხარი არ დაუჭირა თბილისის მერის შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურასაც...
- საკრებულოს რეგლამენტში, 32-ე მუხლში დაშვებული იყო შეცდომა, რომლის გასწორება, ჩვენი მოთხოვნის მიუხედავად, არ მოხდა. რამდენიმე დღის წინ თბილისის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი დასამტკიცებლად წარადგინეს, რასაც მხარი არ დავუჭირეთ, რადგან აქ სამოქმედო რეგლამენტსა და ორგანულ კანონმდებლობას შორის შეუსაბამობაა. თუ ეს არ გასწორდა, ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდება და შეიძლება ამა თუ იმ საკითხის გადასაწყვეტად სასამართლო დავამდეც მივიდეს საქმე. საქმე იმაშია, რომ რეგლამენტში მოხსენიებულია მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის სამსახური. მუნიციპალიტეტი წარმოადგენს როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო სტრუქტურის ერთიანობას. ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა“ და კანონის „შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ თანახმად კი შიდა აუდიტის სუბიექტი მხოლოდდამხოლოდ აღმასრულებელი სტრუქტურაა. სწორედ აღმასრულებელ, ანუ მერიის შიდა აუდიტორულ სამსახურზე უნდა ყოფილიყო საუბარი. ამგვარად ცხადია, რომ კანონები დარღვეულია, მათ შორის, ორგანულიც. კონკრეტულ შემთხვევაში გაუგებარია, რატომ არ ასწორებს ჩანაწერს უმრავლესობა. იმიტომ, რომ რეალურად ეს პრობლემას შეუქმნის უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებულ აღმასრულებელ ხელისუფლებას. უმრავლესობის სიჯიუტის მიზეზი, ალბათ ისაა, რომ უზუსტობა ოპოზიციურმა ფრაქციამ აღმოაჩინა და ამიტომ შენიშვნის გათვალისწინება არ სურთ.
- თქვენ პირველივე სხდომაზე დააყენეთ საკითხი სამართლიანობის აღდგენის კუთხით დროებითი კომისიის შექმნის შესახებ. ხალხი უკანონოდ ჩამორთმეული ქონებების დაბრუნებას დღემდე ელოდება. რა გამოხმაურება მოჰყვა თქვენს მოთხოვნას?
- დიახ. ჩვენი მოსაზრებით ეს კომისია თბილისში უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნებაზე იმუშავებდა, რაზეც დადებითი პასუხი, ჯერჯერობით ვერ მივიღეთ. ხელისუფლებაში „ოცნების“ მოსვლიდან დიდი დრო გავიდა, ხალხი სამართლიანობის აღდგენას ელოდება. სხვათაშორის, „ნაცმოძრაობის“ ხელმძღვანელი პირების დაჭერა სულაც არ ნიშნავს, რომ სამართლიანობა ავტომატურად აღდგება. ეს მხოლოდ ერთ-ერთი ნაწილია პროცესისა. ადამიანები ვერ ჩათვლიან, რომ სამართლიანობა აღდგა, თუ კონკრეტული პრობლემები ცალკეული პირების მიმართ არ მოგვარდა, თუნდაც უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნების სახით. ეს საკითხი ყველგან დაისვა, განსაკუთრებით აჭარასა და თბილისში, მაგრამ დადებითი პასუხი, როგორც გიხარით, ჯერ არ მიგვიღია. ფაქტია, რომ პროკურატურამ თავის საქმე ვერ გააკეთა. ამიტომ ჩვენი მხრიდან, ამ მიმართულებით ყინულის დაძვრას თუ შევძლებთ, კარგი იქნება.
- პრობლემატურია რეკრეაციულ ზონებში გაჩაღებული მშენებლობებიც. ამ მიმართულებით თუ გაქვთ რაიმე მოსაზრებები?
- დიახ, ჩვენ დავაყენეთ საკითხი, რათა მშენებლობებს სათანადო ყურადღება მიქცეს. ქალაქში სუნთქვა გაძნელდა. ბევრი უკანონო ნებართვაა გაცემული, მაგრამ ჩვენი ძალისხმევის მიუხედავად, შედეგი ჯერჯერობით ვერც აქ მივიღეთ. საკრებულომ მუშაობა 15 ივლისიდან დაიწყო. ეს კომისია თავის დროზე რომ შეგვექმნა, საქმეს წინ წავიგდებდით და აგვისტოს დასაწყისისთვის, როდესაც ახლად არჩეული თბილისის აღმასრულებელი ხელისუფლება შეუდგა საქმიანობას, პროფესიონალებით დაკომპლექტებულ კომისიას ბევრი რამ შესწავლილი ექნებოდა. საკრებულოს ბოლო სხდომაზე გამოითქვა მოსაზრება, რომ ერთი თვით ყველა მშენებლობა შეჩერდეს, რაც სწორად არ მიგვაჩნია. ჩვენის აზრით უნდა შეჩერდეს ის მშენებლობები, რომლებიც ბევრი ადამიანისთვის ზიანის მომტანია, ნადგურდება ეკოლოგია, ასევე დარღვეულია სხვა მაჩვენებლები _ ჩახერგილია გზა, მშენებლობები ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა და ა.შ. საკრებულო აქაც იგვიანებს. იმის გამო, რომ ეს წინადადება ოპოზიციის ინიციატივაა, უარი გვითხრეს.
- თქვენი ფრაქციის თავმჯდომარემ ზაზა ვეკუამ, სამსახურეობრივი მანქანის გამოყენებაზე უარი განაცხადა...
- ეს მნიშვნელოვანი საკითხია. ამ თემაზე საუბარი, ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნებამდე დავიწყეთ. მაშინ ეს ადგილობრივ თვითმმართველობას არ ეხებოდა. სახელმწიფო სტრუქტურებში ერთიანი სისტემა უნდა შეიქმნას, ავტომანქანები მხოლოდ სამსახურეობრივი დანიშნულებისთვის უნდა გამოვიყენოთ. ჩვენ გვაქვს გაანგარიშება, რა სახის მოგებას მივიღებთ ასე და რა თანხები შეიძლება გამოთავისუფლდეს.
საკრებულოს მხრიდან კი ეს საკითხიც უგულვებელყოფილია. ჩვენი ფრაქციის თავმჯდომარე ერთადერთია, ვინც ამ მომსახურეობაზე უარი თქვა. საკრებულოს თავმჯდომარე დაგვპირდა ამ მიმართულებით სისტემის შემუშავებას, მაგრამ ერთი თვე გავიდა და საკითხი არ დაძრულა. ჩემი აზრით, დაუშვებელია ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა აქტიურად იფიქრონ საკუთარი ანაზღაურების, ფუფუნების უზრუნველყოფაზე, მაშინ როცა მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მძიმე მდგომარეობაშია
- თუ გაქვთ ინფორმაცია რა თანხები იხარჯება მანქანის მომსახურებაზე და კონკრეტულად რა მიმართულებით მიმართავთ დაზოგილ თანხებს?
- მანქანების მომსახურებაზე საკმაოდ დიდი თანხები იხარჯება. მანქანების მომსახურების გარდა, გასათვალისწინებელია მათ შესყიდვაზე დახარჯული თანხაც. სწორი და სამართლიანი მართვის შემთხვევაში, არა ერთი და ორი ათეული ათასი ლარი გამოთავისუფლდება, რისი გამოყენებაც ბევრი ისეთი მიმართულებით შეიძლება, რომ რეალურად მოხმარდეს ხალხის კეთილდღეობას. ჩვენი ფრაქციისთვის ამოსავალი, კონკრეტული მოქალაქე და მისი ინტერესია. ამიტომ, სადაც კი თანხა გამოთავისუფლდება, შევეცდებით თითოეულ მოქალაქეს ვაგრძნობინოთ, რომ ხელისუფლება მართლაც მათ კეთილდღეობაზე ზრუნავს და არა საკუთარზე.
- თუმცა პრემიების თემამ დაგვარწმუნა, რომ ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი ჯერჯერობით სხვანაირად ფიქრობს...
- პრემიების თემა ერთობ აქტუალურია. 2012 წლიდან მოყოლებული პარლამენტმა ისეთი კანონების მიღებაზე დახარჯა დრო, რაც გადავადებას ექვემდებარება. პრემიების საკითხი კი წინა პლანზე დროულად უნდა წამოწეულიყო და ამ შემთხვევაში, დიდი თანხა სხვა ნამდვილად სწორი დანიშნულებით დაიხარჯებოდა და არც მოსახლეობის სამართლიან გულისწყრომას ექნებოდა ადგილი. იმ არგუმენტის მოშველიება, რომ ეს ტრადიცია წინა ხელისუფლებიდან მოდის, ვფიქრობ, უსუსურია. მთავარია იყოს სურვილი. მთავარია ყოფილიყო ამის ნება. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ წინა ხელისუფლება სწორედ იმიტომ შეცვალა, რომ არ შეეგუა მათ დანერგილ მანკიერებებს. მათ შორის ერთერთი სწორედ ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ელიტის და დანარჩენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილის შემოსავლებს შორის ძალიან დიდი სხვაობაა. როგორც წინა, ისე დღევანდელი ხელისუფლების დიდი ნაწილი ამ სხვაობით დაინტერესებულიც იყო და მშვენივრად სარგებლობდა.
-კიდევ ერთი თემა, რაზეც თქვენი პარტია მუდმივად აპელირებს, ეს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებებია
ესეც იმ საკითხთა რიგს ეკუთვნის, რომელიც დროულად არის მოსაწესრიგებელი და ფაქტიურად დაგვიანებულიცაა. კოლიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პარტიების უმეტესობა, „რვიანის“ და „ექვსიანის“ ფორმატში, საარჩევნო გარემოს მნიშვნელოვან ცვლილებებს მოითხოვდნენ, მაგრამ როცა ხელისუფლებაში მოვიდნენ, ამ საკითხმა მათთვის აქტუალობა დაკარგა. არსებული საარჩევნო კანონმდებლობით არის განპირობებული თუნდაც ის ფაქტი, რომ დღეს თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნება“ წარმოდგენილია უმრავლესობით, მაშინ როდესაც პარტიული სიით მათ 46% აიღეს. ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური ძალა, რომელსაც თბილისის მოსახლეობის 54% მხარს არ უჭერს, საკრებულოში 70%-ზე მეტით, უმრავლესობითაა წარმოდგენილი. დროულად რომ გატარებულიყო სათანადო ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, დღეს როგორც თბილისის, ისე სხვა ადგილობრივ საკრებულოებში სულ სხვა სურათი იქნებოდა. მაგალითისთვის ისიც კმარა, რომ ქართული ოცნების დეპუტაცია ვერ შეძლებდა ზემოთმოხსენიებულ საკითხთა არგუმენტაციის გარეშე უგულვეყოფას ან მათვის სასურველი საკითხების, ასევე არგუმენტირებული დასაბუთების გარეშე გატანას. აღნიშნული გარემოება პოლიტიკური ცხოვრებას აქტიურს გახდიდა, რაც უდავოდ დადებითად აისახებოდა ჩვენი მოქალაქეების ყოფაზე.
-რაც შეეხება „სითი-პარკის“ თემას. თქვენი ფრაქციის წევრი შალვა ოგბაიძე წლებია „სითი-პარკის“ წინააღმდეგ განცხადებებს აკეთებს. ეს საკითხი თუ დასვით და შედეგი რა არის?
-ამ კუთხით დიდი ხანია ვმუშაობთ. როგორც მოგეხსენებათ, ხელშეკრულების მხოლოდ ნაწილია გასაჯაროებული, მეორე ნაწილი კი ხელმიუწვდომელია. იმედი გვაქვს, რომ ახალი აღმასრულებელი ხელისუფლება პირობას შეასრულებს, მეორე ნაწილსაც გაასაჯაროებს და დარღვევებზეც რეაგირებას მოახდენს. თუმცა ხელშეკრულების გასაჯაროებული ნაწილითაც, ძალიან ბევრი ხარვეზი თუ უკანონობა იჩენს თავს და მათი მოგვარება მნიშვნელოვნად გამოასწორებდა მდგომარეობას მოსახლეობისათვის სასიკეთოდ.
-რაც შეეხება ჯანდაცვისა და სოციალური სფეროს მიმართულებებს?
- წინასაარჩევნო პროგრამაში ამ სფეროს დიდი ყურადღება დავუთმეთ იმიტომ, რომ ყველაზე მეტად ადამიანი სწორედ ამ სფეროს ცვლილებებს შეიგრძნობს საკუთარ თავზე. გვაქვს წინადადებები, რის განხორციელებაზეც ვიზრუნებთ. მაგალითად, დღეს მოქმედებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. წინა წლებთან შედარებით, ჯანდაცვა ხელმისაწვდომია, თუმცა ეს საკმარისი არაა. მოსახლეობის დიდი ნაწილი სამედიცინო დახმარების ზოგიერთი სახეობის მისაღებად დაწესებული სახელმწიფო თანაგადასახადის დაფარვას ვერ ახერხებს და ამიტომ მისთვის საჭირო მომსახურებაზე მთლიანად უარის თქმა უწევს. ამ კუთხით მუშაობა უნდა გააქტიურდეს. უნდა ვიზრუნოთ სამედიცინო პერსონალზეც; წინააღმდეგ შემთხვევაში, ხარისხიან ჯანდაცვაზე საუბარი ზედმეტია. ასევე, მნიშვნელოვანია მედიკამენტების საკითხი, სოციალური საცხოვრისის თემა. წინა ხელისუფლების უსამართლო ქმედებების შედეგად ძალიან ბევრი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. ჯანმრთელობის პრობლემების გადჭრის ფინანსური საკითხის გამო, ბევრმა სახლი დააგირავა, ზოგს თანხა, უსამართლოდ დაჭერილი ახლობლების საპროცესო გარიგებისთვის დასჭირდა და ა.შ. ამ ადამიანების ბედის ანაბარა დატოვება არ შეიძლება. ურთულესი მდგომარეობაა დემოგრაფიული თვალსაზრისითაც. ასევე, ნაბიჯები უნდა გადაიდგას სამუშაო ადგილების შექმნის მიმართულებითაც. ადამიანი თვითონ უნდა იყოს ქვეყნის აღმშენებლობაში ჩაბმული და არა სახელმწიფოს მიაჩერდეს ხელგაშვერილი თვიდან თვემდე.
-ბაგა-ბაღებთან დაკავშირებულ პრობლემაზე რა აზრისაა თქვენი ფრაქცია?
ბაგა-ბაღების თემაც ძალიან მტკივნეულია თბილისის მოსახლეობისათვის. მნიშვნელოვნადაა შემცირებული ბაგა-ბაღების რაოდენობა. წინა ხელისუფლების გაუმართლებელი პოლიტიკის შედეგად გაიყიდა და ფუნქცია შეეცვალა ათეულობით ბაგა-ბაღს. რეალურად დღეს ბაგა-ბაღბში ადგილების რაოდენობა მოთხოვნას ჩამორჩება. ამას ემატება რეგისტრაციის გაუმართავი მეთოდი და შედეგად მოსახლეობას მნიშვნელოვანი პრობლემები ექმნება. ჩვენ ეს საკითხი ახლად არჩეული მერიის სამსახურის წინაშე დავაყენეთ, მაგრამ მათი ხედვა საკითხის გადაწყვეტისთვის საკმარისი ნამდვილად არ იქნება. მერია აპირებს ახალი ბაგა-ბაღების აშენებას, მაგრამ ამას რამდენიმე წელი დასჭირდება. მანამდე როგორ უნდა მოიქცნენ ის ოჯახები, რომლებიც არ არიან დარეგისტრირებული უმწეოთა სიაში, მაგრამ არც იმდენი შემოსავალი აქვთ, რომ კერძო ბაგა-ბაღში შეძლონ ბავშვების მიყვანა, არადა სახელმწიფო ბაგა-ბაღშიც ვერ დარეგისტრირდნენ. ახალი შენობების აშენება ძალიან კარგი და აუცილებელია, მანამდე კი ინახოს არსებულ შენობებში რამდენად სწორადაა ფართი ათვისებული, შესაძლოა განსხვისებული შენობების საკითხის გადასინჯვა, შესაცვლელია დარეგისტრირების არსებული მეთოდიც და სხვა. ფაქტია, რომ აღნიშნული პრობლემა დროულ მოგვარებას საჭიროებს, განსაკუთრებით საქართველოში, სადაც უმწვავესი დემოგრაფიული პრობლემაა და როდესაც ახალგაზრდა ოჯახებს მოვუწოდებთ იყოლიონ მრავალი შვილი, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მომავალი თაობის ნორმალური აღზრდისა და განვითარების პირობების შექმნა. საჭირო რაოდენობის ბაგა-ბაღებით მოსახლეობის უზრუნველყოფა, სადაც ჩვენი პატარები უსაფრთხო გარემოში, დღევანდელობის შესაბამის აღზრდას მიიღებენ და სადაც მოხვედრა გადაულახავ ი პრობლე მა არ იქნება სწორედ ასეთ პირობათა რიგს განეკუთვნება.
-თქვენი საუბრიდან ჩანს, რომ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, რაც კი საკრებულოს წინაშე დააყენეთ, იგნორირებულია. როგორ აპირებთ მიზნის მიღწევას, რა ბერკეტები გაქვთ?
- ჩვენი ბერკეტი ისაა, რომ ყველა მნიშვნელოვანი საკითხის შესწავლას ფრაქციაში და შემდეგ სხვადასხვა კომისიებისა და საკრებულოს წისხდომაზე მათ განხილვას გავაგრძელებთ. უნდა მოხდეს პრიორიტეტული პრობლემებისა და მათთან დაკავშირებული პოზიციების გასაჯაროება, ხალხისათვის გაცნობა. რა თქმა უნდა სანამ შედეგს არ მივაღწევთ, საკრებულოს სხდომაზე ეს საკითხები მუდმივად უნდა ჟღერდებოდეს. დიდი იმედი გვაქვს თქვენი, ჟურნალისტების. თუ ყველა საჭირბოროტო მოვლენა სათანადოდ გაშუქდა, საზოგადოება ჩვენი მთავარი მოკავშირე გახდება და უმრავლესობას აუცილებლად ვაიძულებთ რეაგირება მოახდინოს. მაინც იმედს ვიტოვებ, რომ უმრავლესობა მოწადინებულია ბევრი კარგი საქმე გააკეთოს, თუმცა ჯერჯერობით, ასეთი სურათი გვაქვს _ რაც გავაჟღერეთ, ყველაფერზე უარი მივიღეთ.
- მიზეზად რას ასახელებენ?
- საინტერესოც ესაა - უარის მიზეზს არ გვეუბნებიან. იქნებ ვცდებით და არასწორი პოზიცია გვაქვს? ხომ უნდა დაგვისაბუთონ. მაგრამ დღეს ხელისუფლებას აქვს ფუფუნება, - მათ იმდენი მანდატი დაუგროვდათ, რომ გადაწყვეტილებათა მისაღებად ოპოზიციის ხმა აღარ სჭირდებათ. სწორედ ეს კლავს პოლიტიკურ ცხოვრებას. პოლიტიკური დაპირისპირება და კონსტრუქციული ოპონირება კი აუცილებელია, რადგან საკრებულოს სწორი გადაწყვე¬ტილება, რაც საბოლოოდ ხალხზე დადებითად აისახება, სწორედ კამათის, აზრთა ჭიდილის, არგუმენტაციების გაზიარებით უნდა მიიღწეს. მოქალაქეებმა ყოველი არჩევნების დროს უნდა გაითვალისწინონ ეს მომენტი. რეალური ოპოზიციური ძალების წარმოჩენას არც მედია უწყობს ხელს. ჟურნალისტებმა ხელი უნდა შეუწყონ იმ ოპოზიციური ძალების გამოჩენას, რომლებიც პოლიტიკურ თამაშებში ნაკლებად მონაწილეობენ და რეალურად აკეთებენ საქმეს.
ესაუბრა თათული ლორთქიფანიძე