(იუმორესკა)
საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, რომლის შესახებაც მითქმა-მოთქმა დღემდე არ წყდება, როგორც აღმოჩნდა, მართლაც სკანდალურია.
მთლიანად ხელშეკრულების ტექსტი გასაიდუმლოებულია, თუმცა გასაიდუმლოებულიც რომ არ იყოს, ძალიან ძნელია მოძებნო ვინმე, ვინც არ დაიზარებს და აღნიშნული ხელშეკრულების 1000 ფურცელზე მეტს წაიკითხავს, მითუმეტეს ორიგინალში.
ჩვენთვის ცნობილი ხდება ხელშეკრულების იმ ორი სკანდალური მუხლის შესახებ, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის ამ დრომდე უცნობი იყო და რომელიც პირდაპირ დარტყმას ახორციელებს ჩვენს ეროვნულ ფასეულობებსა და მენტალობაზე.
როგორც უტყუარი წყაროს ინფორმაციით ირკვევა, ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერით, საქართველომ უარი თქვა ისეთ ძირძველ და ურყევ ტრადიციაზე, როგორიცაა „კაი ბიჭის დისთვის“ სიყვარულის ახსნა.
ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების დღიდან, (მითუმეტეს, რომ აღნიშნული ხელშეკრულება პარლამენტის მიერ უკვე რატიფიცირებულია), ნებისმიერ ჯეელს უფლება აქვს, დაბადების დღის ან სხვა მსგავსი სახის ღონისძიების დროს გამოიცეკვოს „კაი ბიჭის და“ და მას ნელი ვალსი ეცეკვოს, რომელიც ძირითადად თეძოებზე ხელების შეხებით და ტრიალით შემოიფარგლება.
საქართველო ასოცირების ხელშეკრულებით ვალდებულებას იღებს, რომ ამიერიდან, „კაი ბიჭის დის“ გამომცეკვებელს, ფრაზის - „ერთი წუთით ძამიკო“-ს მეშვეობით გარეთ აღარავინ გაიყვანს და „სპროსს“ აღარავინ მოსთხოვს.
უფრო მეტიც, ამიერიდან ნებისმიერ ბიჭს შეუძლია, „კაი ბიჭის და“ არათუ გამოიცეკვოს, არამედ საჭიროების შემთხვევაში სიყვარულიც კი აუხსნას.
ასოცირების ხელშეკრულების კიდევ ერთი მუხლი, რომელიც ასევე გასაიდუმლოებულია და რომელიც ასევე ძალიან დიდ დარტყმას აყენებს ჩვენს ქართულ ტრადიციებს, კვლავ მანდილოსნებს ეხება და მკვეთრად ზღუდავს მათ უფლებას დაუყოვნებლივ გათხოვების შესახებ.
კონკრეტულად კი, ამ მუხლის თანახმად, ქართველ გოგოს, „ცეცხლოვანი ღამის“ შემდეგ, დილით ადგომისას ეკრძალება ოთახის დათვალიერება, მზერის ერთ კონკრეტულ ადგილზე შეჩერება და ფრაზის - „აქანა დავდგამ „სტენკას“ წარმოთქმა.
ეს არის ის ორი მუხლი, რომლის შესახებაც ინფორმაცია ზესანდო წყაროსგან მოვიპოვეთ და რომლის განცხადებითაც, არსებობს კიდევ სხვა მუხლები, რომლებიც პირდაპირ ქართველი ხალხის გადაგვარებისკენაა მიმართული.
აღნიშნული სხვა მუხლების ტექსტუალური ნაწილი ჩვენ ჯერჯერობით არ გვინახავს, თუმცა როგორც ჩვენი წყარო აცხადებს, ერთ-ერთი მუხლი, მანქანიდან პირდაპირ ქუჩაში ნაგვის (სიგარეტის კოლოფი, „მაკდონალდსის“ პაკეტი, ნაყინის შესაფუთი ქაღალდი, პოლიეთილენის პარკი და ა.შ.) გადაყრის აკრძალვას ითვალისწინებს.
მოგეხსენებათ, ჩვენი ყოველდღიურობისთვის დამახასიათებელი აღნიშნული ქმედების მოშლა, ერთბაშად შეცვლის ჩვენი ცხოვრების წესს, გვაიძულებენ, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენები სანაგვე ურნამდე ვატაროთ და იქ ჩავყაროთ, რაც მოგეხსენებათ ჩვენს ეროვნულ მენტალიტეტში არანაირად არ ჯდება. უფრო მეტიც, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ასოცირების ხელშეკრულების ამ მუხლის ერთ-ერთი ქვეპუნქტი კრძალავს ზღვის სანაპიროზე მოხარშული სიმინდის ნარჩენი ე.წ. „ქურჩის“, „კოკა-კოლასა“ და ლუდის ბოთლების, ასევე საზამთროს ქერქებისა და „ვობლას“ ფხებისა და კანების დატოვებას, რითაც, მოგეხსენებათ, ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებთ ვართ განებივრებულები.
ჩვენი წყაროს ინფორმაციითვე, ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი მუხლით იზღუდება აგრეთვე ვიწრო ქუჩაზე მანქანებით ძმაკაცების შეხვედრისას სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება, ამით ქუჩის გადაკეტვა და მომდგარი მანქანების სიგნალების ფონზე ისეთ აქტუალურ თემებზე საუბარი, როგორიც ტოტალიზატორში დადებული ფსონიდან ერთი გუნდის „გასხმაა“. უფრო მეტიც, იკრძალება ღამის 2-3 საათზე ძმაკაცის კორპუსთან მისვლა და მობილური ტელეფონების ეპოქაში ამავე ძმაკაცის ხმოვანი სიგნალით გამოძახება.
ესაა იმ მუხლების არასრული ჩამონათვალი, რომლის თავს მოხვევასაც ჩვენთვის ევროპა ცდილობს და როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამით სერიოზულ ზიანს აყენებს ჩვენს ყოველდღიურობას, მენტალობასა და შთამომავლობით გადმოცემულ ტრადიციებს.
იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოება დროულად არ ამოიღებს ხმას და თავის მენტალურ ღირებულებებს არ დაიცავს, გამორიცხული არ არის, ევროკავშირში გასაწევრიანებლად ბებერმა კონტინენტმა ისეთ რამეებზეც კი დაგვიწესოს აკრძალვები, როგორიცაა ზაფხულის პერიოდში საზოგადოებრივ ტრანსპორტში დაუბანელი ასვლა, მიწისქვეშა გადასასვლელების საპირფარეშოდ გამოყენება და სხვა მრავალი ისეთი ქმედება, რომელიც ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილადაა ქცეული და რომელსაც სრულიად საქართველო უკვე დიდი ხანია შეეჩვია და ურეაქციოდ უყურებს.
გიორგი აბრამიშვილი