logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
კალაძეს იმდენი კაცობა მაინც ეყოს, რომ ბოდიში მოგვიხადოს
კალაძეს იმდენი კაცობა მაინც ეყოს, რომ ბოდიში მოგვიხადოს
12:14 13.06.2014
ექსკლუზიური ინტერვიუ ნინო ბურჯანაძის კორტეჟის წევრებთან


ისეთი ნაცემი ვიყავი პულსი აღარ მესინჯებოდა და მათ მკვდარი ვეგონე. ამის გამო სასწრაფო თვითონ გამოიძახეს, რათა მკვლელობა თავად არ დაბრალებოდათ;

კორტეჟს ტერიტორიის დატოვებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან გაგვიხსნეს ცეცხლი;

ჩემი პროკურორი სადმე რომ შემხვდეს, გარანტიას ვერავის ვერ მივცემ, რომ ცოცხალს დავტოვებ. მოსამართლე ესებუა კი, რომელმაც 12 წელი მომისაჯა, დღესაც მოსამართლეა;

ჯავშანჟილეტზე, ზურგის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან ნასროლი ტყვიის კვალი მქონდა. შემდეგ ეს ჟილეტი შსს თბილისის სამმართველოში გაქრა;

კალაძე ახალგაზრდა ბიჭია და რა უჭირს იმის ფასი, რომ ვიღაცის დავალებით ასე უსირცხვილოდ იტყუება?;

საქართველოს ვიცე-პრემიერისა და ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის მიერ ბოლო დროს გაკეთებულ სკანდალურ განცხადებას, იმასთან დაკავშირებით, რომ 2011 წლის 26 მაისს, ნინო ბურჯანაძის კორტეჟს ვანო მერაბიშვილის სპეცრაზმმა და ზონდერებმა გზა გაუხსნეს და მას აქციის ტერიტორიის თავისუფლად დატოვების საშუალება მისცეს, დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

კახა კალაძის აღნიშნული განცხადება, არსებული ინფორმაციით, თავად "ქართული ოცნების" შიგნითაც დაგმეს, თუმცა, ეს სააშკარაოზე ჯერჯერობით არ გამოსულა.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი," საზოგადოებას უახლოეს დღეებში შესთავაზებს საკუთარი წყაროს ინფორმაციას, თუ რა რეაქცია მოჰყვა კალაძის განცხადებას "ქართული ოცნების" ოფისში, მანამ კი, მკითხველს, ჩვენს მიერ მოპოვებულ ექსკლუზიურ მასალას ვთავაზობთ, სადაც ნინო ბურჯანაძის კორტეჟის წევრები 26 მაისის ღამეს იხსენებენ.

newspress.ws.com.ge

შაქრია ზურაშვილი, მძღოლი: ჩემი მანქანა კოლონაში მეორე იყო. მე ტოიოტა-პრადოს ვმართავდი, რომელშიც დარბევის დაწყების შემდეგ ნინო ბურჯანაძე იმყოფებოდა. ჩვენი მანქანა "სახალხო კრების" ტრიბუნასა და ქაშვეთის ეკლესიის შუაში იდგა. როცა დარბევა დაიწყო, მანქანები დავძარით, თუმცა ქალბატონი ნინო მანქანაში არ ჯდებოდა და ამბობდა ჯერ ყველა წავიდესო, თანაც ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილს ეძებდა, რომელიც იმ დროისთვის დაწყებული არეულობის გამო, თვალთახედვის არედან დაიკარგა. ნინო ბურჯანაძე დაცვის ბიჭებმა მანქანაში ძალით ჩასვეს. სხვაგვარად არც შეიძლებოდა, რადგან რაც კი ხელთ იარაღი ჰქონდათ, ყველაფერს გვესროდნენ. სანამ ნინო ბურჯანაძე მანქანაში ჩაჯდებოდა, ისე ვიმოძრავე, რომ მანქანას არავინ შეხებია, მაგრამ როგორც კი იქ ჩამჯდარი ბურჯანაძე დაინახეს, მანქანაზე საშინელი შეტევა დაიწყო: ჩაგვიმსხვრიეს შუშები და შიგნით ცრემლსადენი გაზის ტყვიებს გვესროდნენ. სპეცრაზმმა ის შუშა ჩაამტვრია, რომელ მხარესაც ნინო ბურჯანაძე იჯდა. ამის შემდეგ, დაცვის ოფიცერი ალექსი გურასპაშვილი, რომელიც ოფიციალურად დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი იყო და იმ მომენტში დაკისრებულ მოვალეობას ასრულებდა, ჩამსხვრეულ შუშას თავისი ტანით გადაეფარა. დაცვის მეორე ოფიცერს ირაკლი ჯანიაშვილს კი, იმდენი ურტყეს, რომ ცემისგან მოძრავი მანქანიდან ჩამოვარდა. ამასთან, დაინახეს რა, რომ იმ მხარეს, სადაც ნინო ბურჯანაძე იჯდა, დაცვის თანამშრომელი ალექსი გურასპაშვილი თავისი კორპუსით იცავდა, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, თუმცა, ნასროლი ტყვია ჯავშანჟილეტმა შეაკავა.

- "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა და ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ვანო მერაბიშვილმა ნინო ბურჯანაძეს კორიდორი მოუწყო და ტერიტორია უპრობლემოდ დაატოვებინესო.

- თუ ასე თავისუფლად გაგვატარეს, მაშინ ჩემი მანქანა ვინ დაამტვრია, მე თვითონ?! მას არცერთი შუშა, არცერთი კარი მთელი არ ჰქონდა. წინა შუშა ისე ჩაამტვრიეს, რომ დაცვის წევრი ზურა ქიტიშვილი, რომელიც ჩემს გვერდით იჯდა, ვერაფერს ხედავდა. თავისუფლების მოედნიდან რომ გავაღწიეთ, პირდაპირ ჩუბინიშვილის ქუჩაზე წავედით, სადაც დაცვის ერთ-ერთი წევრი ცხოვრობდა. იქ ეზოში შევედით და თავი შევაფარეთ, თუმცა მალევე მოგვაკითხეს და პატარა, იტალიურ ეზოში ნამდვილი წამება და ხოცვა დაიწყო.

- ანუ ჯერ "გაგიშვეს'' და მერე დაგედევნენ?

- თუ კალაძეს დავუჯერებთ კი "გაგვიშვეს" მაგრამ, ჩუბინიშვილის ქუჩაზე თავის შეფარებიდან რამდენიმე წუთში, სპეცრაზმელები იქ გაჩდნენ და სასტიკად გაგვისწორდნენ. მანქანა არკაში გავაჩერეთ. შემოცვივდნენ და 5 კაცი დაგვიჭირეს. ცემა იქვე დაგვიწყეს. გურასპაშვილს, რომელიც ოფიციალურად დაცვის პოლიციის თანამშრომელი იყო და ბუნებრივია იარაღიც ჰქონდა, შარი მოსდეს იარაღი რატომ გაქვს, ფაქტია, რომ სახელმწიფო გადატრიალებას აპირებდიო. შემდეგ, შსს-ს დიღმის სამმართველოში წაგვიყვანეს. შენობაში როცა შემიყვანეს, ჩემზე იკითხეს, ეს ვინ არისო. პასუხი იყო _ ბადრი ბიწაძის მძღოლია, რომელმაც ჩვენი ორი თანამშრომელი მოკლა და პატარა ბავშვები დააობლაო. ამის თქმა და სპეცრაზმის თანამშრომლები და პოლიციელები მაშინვე დამესივნენ. ვისაც რა ჰქონდა ხელში იმას მირტყამდნენ _ ზოგი დუბინკას, ზოგი იარაღს, ზოგი ფარს. იმდენი მირტყეს, მხედველობა დავკარგე, ტვინის შერყევა და ამნეზია დამემართა. ისეთი ნაცემი ვიყავი პულსი აღარ მესინჯებოდა და მათ მკვდარი ვეგონე. ამის გამო სასწრაფო თვითონ გამოიძახეს, რათა მკვლელობა თავად არ დაბრალებოდათ და უნდოდათ ისე მოეწყოთ, თითქოს არასწორი მკურნალობით, ან ექიმების არაკვალიფიციურობის გამო გარდავიცვალე. იმ ორი გვამის შემდეგ, რომელიც სახურავზე შეაგდეს, მესამე ჩემი იყო და სამმართველოს საიდუმლო საბუთებში, როგორც გარდაცვლილი, წითლად ვიყავი გადახაზული. საავადმყოფოში უგონოდ ზუსტად რვა საათნახევრის განმავლობაში ვიყავი. შემდეგ თვალები გავახილე. სპეცრაზმელებმა და პოლიციელებმა ეს რომ დაინახეს, არც ექიმს მოუსმინეს არც არავის, აპარატიდან და სისტემებიდან თავადვე გამომაერთეს და ისევ სამმართველოში წამომიყვანეს.

სამმართველოში კი ის კადრები მაჩვენეს, რასაც მიშას ტელევიზიები მუდმივად ატრიალებდნენ, თითქოს სპეცრაზმის ორი თანამშრომელი მოვკალი. ვუთხარი გაუგებრობაა-მეთქი: თქვენ "მერსედესის ემ ელ" - ის ჯიპს მაჩვენებთ და მე "ტოიოტა-პრადოს" ვმართავდი მეთქი. აი, მერე შეწუხდნენ და მოგვიანებით მითხრეს, მკვდარი არავინ არ არისო.

თქვენს კითხვას დავუბრუნდები და ვიმეორებ, თუ კორიდორი გაგვიკეთეს და მშვიდობიანად გაგვიშვეს, მაშინ მანქანები ვინ დაამტვრია? რისი თქმა სურს კალაძეს, რომ მანქანებიც და ცხვირ-პირიც ერთმანეთს თავად დავუმტვრიეთ? სად იყო თვითონ ამ დროს? როცა ოცნება მოვიდა, ითქვა პოლიტპატიმრებს უპირობოდ გავათავისუფლებთო. ერთადერთი, დიმა ლორთქიფანიძე იყო, რომელმაც, როცა ციხეში ვიჯექი, სამჯერ მომინახულა. ტუღუშმა საკნის ფანჯარასთან გაიარა და რომ დავუძახე არც კი შემოიხედა. არაფრისთვის 12 წელი მომისაჯეს, წინააღმდეგობა გასწიეო. კი, მაგრამ თუ კორიდორი გაკეთდა და ისედაც გვიშვებდნენ, ვის გავუწიე მაშინ წინააღმდეგობა, თანაც მეორე მანქანას ვმართავდი? ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ, სამთვენახევარი კიდევ პატიმარი ვიყავი. რამდენჯერმე მოვითხოვე სახალხო დამცველის, ასევე სასჯელაღსრულების მინისტრის სუბარის მოსვლაც, რათა ჩემს კითხვაზე პასუხი გაეცათ _ რატომ ვიჯექი უდანაშაულო ადამიანი ციხეში? სამწუხაროდ, არავინ მოსულა. სად იყო მაშინ ვიცე-პრემიერი კალაძე, ახლა რომ აქვს პრეტენზიები? ახალგაზრდა ბიჭია და რა უჭირს იმის ფასი, რომ ვიღაცის დავალებით ასე უსირცხვილოდ იტყუება? ელემენტარული კაცობა ხომ უნდა ჰქონდეს ადამიანს? იმდენი კაცობა მაინც ეყოს, გამოვიდეს და ბოდიში მოიხადოს. სხვათა შორის, ჩამორთმეული 6 ჯიპიდან, დღემდე არცერთი არ დაგვბრუნებია. როცა გამოვედი, მთავარ პროკურატურაში საჩივარი შევიტანე და ჯერაც არავინ შემხმიანებია. რა ხდება? ივანიშვილი გვეუბნება დამნაშავეებს ვაპატიოთო. თვითონ აპატია? _ მან წართმეული ქონება დაიბრუნა და ჩემი ქონება არ ექვემდებარება დაბრუნებას? ციხის ამბებთან დაკავშირებით, როგორც პატიმარი, პროკურატურაში დამიბარეს. ჩემი პროკურორი, რომელმაც დამიჭირა და რომლის ბრალდებითაც 12 წელი მომისაჯეს, ისევ თავის ადგილზეა. სადმე რომ შემხვდეს, გარანტიას ვერავის ვერ მივცემ, რომ არ ვაგინებ, არ ვცემ და საერთოდ ცოცხალს დავტოვებ თუ არა.
რაც შეეხება მოსამართლე ესებუას, რომელმაც 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მომისაჯა, ის დღესაც მოსამართლეა. რამე შეიცვალა? ნახეთ, 2004 წლის კადრები, რას ამბობს კალაძე: _ უშუქობიდან, სიბნელიდან მოვედით და მიშამ გაგვანათა, აგვაშენაო. ეგ ნაცების კაცი იყო და ვისზე ლაპარაკობს? ვითომ კორიდორი რომ გაგვიკეთეს და გაგვატარეს, ეს `სამშვიდობოს~ გასული ხალხი აბსოლუტურად ყველა ციხეში ვისხედით და თავისუფლების აღკვეთა ზოგს - 3, ზოგს - 4, ზოგს - 8 და ზოგს - 12 წლით გვქონდა მისჯილი. პირადად მე, როგორც აღვნიშნე, 12 წელი მომცეს. ყველა სასტიკად ნაცემები ვიყავით. კარგით, ვთქვათ ერთმანეთს ჩვენ ვცემეთ, მანქანებიც დავამტვრიეთ, ციხეში ვინ ჩაგვსვა? _ ჩვენით ჩავჯექით? რომელ `ნაციონალებთან~ თანამშრომლობაზე ლაპარაკობს კალაძე?

იცით, რა გვითხრეს აყვანისთანავე? _ როგორ მოახერხეთ ან რატომ გახვედით, იქვე უნდა ჩაგვეხოცეთო. მეხუთე განყოფილებაშიც და სამმართველოშიც, პირველ რიგში ამას გვეუბნებოდნენ, როგორ გაბედეთ ალყის გარღვევა, ნინო ბურჯანაძე რუსთაველზე უნდა დაინვალიდებულიყო და თქვენც იქ უნდა ჩახოცილიყავითო.

newspress.ws.com.ge


ზურა ქიტიაშვილი, დაცვის წევრი: 2011 წლის 26 მაისს, დარბევის დაწყების შემდეგ, სადაც დაცვამ ქალბატონი ნინო ჩასვა, იმ მანქანაში, წინა სავარძელზე ვიჯექი. ფაქტობრივად, სპეცრაზმის მთელი იერიში ამ მანქანაზე გადმოვიდა. ძირითადად რეზინის ტყვიებს გვესროდნენ და წყლის ჭავლს გვასხამდნენ. წინა, მხედველობის შუშაც გაბზარული იყო. ნელი სვლით მივდიოდით, რადგან მომიტინგეებს და სპეცრაზმის წარმომადგენლებს ვერიდებოდით, რადგან ეს უკანასკნელნი წინ გვეღობებოდნენ და ცდილობდნენ მანქანა გაეჩერებინათ ან მწყობრიდან გამოეყვანათ. საინტერესოა, როგორც კალაძე ამბობს, თუ კორიდორი გაკეთდა, რამდენიმე წუთის შემდეგ, ჩუბინიშვილის ქუჩაზე თავშეფარებულებს, ნიღბებით შებურული, კბილებამდე შეიარაღებულები სპეცრაზმი რატომღა დაგვესხა თავს.

ჩუბინიშვილის ქუჩაზე, ჩვენ მათ ეზოში ხელაწეულები დავხვდით. ძალიან სწრაფად მოვიდნენ. სპეცრაზმის შემოსვლა და ჩვენი უმოწყალო ცემის დაწყება ერთი იყო. ჩვენ ხომ გავეცალეთ და დავიშალეთ, გამოგვეკიდნენ და სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარეს. ჯერ ადგილზევე, ეზოში გვცემეს და გვაწამეს, მერე სამმართველოში წაგვიყვანეს, სადაც წამება გაგრძელდა. ვისაც არ ეზარებოდა სუყველა გვცემდა, განურჩევლად ჩინისა. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, შემთხვევით გადავრჩით. იმავე დილით 10 საათზე ჩემი სასამართლო პროცესი გაიმართა, ვერ დავდიოდი და სასამართლო დარბაზში ორმა ბადრაგმა მიმიყვანა. მხედველობა ფაქტიურად დაკარგული მქონდა, სახე და თავი დასიებული. მოსამართლე მეკითხება რა მოხდა, პრეტენზია ხომ არ გაქვთო? ეს მასხრად აგდება არაა? რა უნდა მეთქვა? წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით პატიმრობა მომესაჯა და საპატიმრო პერიოდი, რუსთავის იზოლატორში გავატარე. იქაც გვამცირებდნენ, ყოველ დღე, დილის 8 საათზე `მიშა მაგარიას~ გვასმენინებდნენ. სიტყვიერი შეურაცხყოფაც კი არ მიგვიყენებია პოლიციელებისთვის და გაუგებარია რას თვლიდნენ წინააღმდეგობის გაწევად? სრული ჯოჯოხეთი გამოვიარეთ. ეს იყო უფლის წყალობა, რომ ცოცხლები გადავრჩით, რადგან სასიკვდილოდ ვიყავით განწირულნი. ასე, რომ სანამ ვინმე იმაზე დაიწყებს ლაპარაკს, მერაბიშვილმა ნინო ბურჯანაძეს გზა გაუხსნაო, მანამ ამბავი მაინც იკითხოს რა მოხდა სინამდვილეში. მითუმეტეს, რომ ამ განცხადებას მაღალი ჩინის სახელმწიფო მოხელე აკეთებს.

newspress.ws.com.ge


ირაკლი ჯანიაშვილი, დაცვის ოფიცერი: დაცვის პოლიციის დეპარტამენტში ოფიციალურად ვიყავი გაფორმებული და იარაღის ტარების უფლებაც მქონდა. სპეცრაზმის მობილიზება რომ დაიწყო, მივხვდი, რომ ყველა გზა ჩაკეტილი იყო. დაცვის ჯგუფმა გადაწყვეტილება მივიღეთ, მობილიზება მოგვეხდინა და ქალბატონი ნინო გაგვეყვანა. მისგან წინააღმდეგობას წავაწყდით, გვითხრა ჯერ ყველა გავიდესო. ამ დროს დაგვცხეს რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი. ასეთი რამ ომშიც კი შეშურდებათ. საშინელებაა, რთულია ამ ყველაფრის გახსენება, როცა ქართველი ასე გექცევა, ძალიან მიძნელდება ამაზე საუბარი. მანქანიდან ჩამოვვარდი და ადგილზე დავრჩი. საკუთარი თვალით ვნახე როგორ ურტყამდნენ ქალებს, ასხამდნენ წყლის ჭავლს და ისინი წყლის გუბეებში ცვიოდნენ. მინდოდა მათთვის მეშველა. კოჭლობით თავისუფლების მოედნამდე მივედი. ვსვამ კითხვას - თუ კორიდორი გაკეთდა და გაგვიშვეს, მაშინ რატომ დამიჭირეს? რომ დამაკავეს, ოთხმა ადამიანმა კინოთეატრ "რუსთაველის" მიმდებარე ტერიტორიამდე ხელით ამიტანა იმიტომ, რომ მიღებული ტრამვების გამო, ფიზიკურად ვერ დავდიოდი. ხელბორკილები დამადეს და სამარშრუტო ტაქსში როგორც გვამი ისე შემაგდეს. შემდეგ მთელი ორი საათი მაყურყუტეს, ეტყობა კიდევ უნდოდათ სხვების აყვანაც და ამის გამო იცდიდნენ. ამის მერე ქალაქის სამმართველოში გადამიყვანეს. იქ სისხლის გუბეები და სისხლის სუნი იდგა. მამცირებდნენ. მედავებოდნენ ბურჯანაძე როგორ გაიყვანეთ, რატომ არ მიატოვეთო. არადა ჩვენ, ჩვენზე დაკისრებულ მოვალეობას ვასრულებდით. გვეუბნებოდნენ, აღიარეთ, რომ საჭესთან ნინო ბურჯანაძის შვილი ანზორ ბიწაძე იჯდაო. ზნეობა ხომ არსებობს, როგორ უნდა დაადო უდანაშაულო ადამიანს ხელი, თუნდაც წამების ფასად. ფსიქოლოგიური ზეწოლები ყველა ჩვენგანზე იყო. გამთენიისას გვეუბნებოდნენ, თქვენ ადამიანები მოკალითო. მოსამართლეც ცდილობდა ზეწოლას, აღიარე დანაშაულიო, მეუბნებოდა. მე ჩემი მოვალეობა შევასრულე. შემდეგ, ორი თვე მცხეთის იზოლატორში მოგვათავსეს. იზოლატორიდან რომ გამოვედი ისევ ზეწოლა გაგრძელდა და ორი წელი საქართველოში აღარ ვცხოვრობდი, ქვეყანა დავტოვე. ძალიან რთულია, მას შემდეგ რაც გადავიტანეთ, უყურო, თუ როგორ იწერენ ამით პოლიტიკურ ქულებს და ურცხვად აცხადებენ თითქოს გზა დაგვითმეს.

ალექსანდრე გურასპაშვილი, დაცვის ოფიცერი: სამსახურეობრივ მოვალეობას ვასრულებდი, როცა დარბევა დაიწყო. ქალბატონ ნინოზე შეტევა წამოვიდა, მე მანქანის ჩამტვრეული შუშა ტანით გადავფარე. როდესაც დაინახეს, რომ იმ ადგილს ვფარავდი, რომლის იქეთაც ნინო ბურჯანაძე იჯდა, ჩემს მიმართ დარტყმები წამოვიდა. ჩემი მოხსნა უნდოდათ იქედან. დუბინკებს, ხელკეტებს მირტყამდნენ. პოლიციის მანქანებით მოგვდევდნენ. ცეცხლსასროლი იარაღიც გამოიყენეს. როცა ჩუბინიშვილის ქუჩაზე თავის შესაფარებლად მივედით, მარცხენა ხელი დაზიანებული მქონდა. მძღოლი, შაქრია ზურაშვილი ჭრილობას მიხვევდა. უცებ, შენიშნა, რომ ჯავშან-ჟილეტზე, ზურგის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან ნასროლი ტყვიის კვალი მქონდა. როცა სამმართველოში გადაგვიყვანეს, ჟილეტები რა თქმა უნდა ჩამოგვართვეს და ისინი სხვა ჩამორთმეულ ნივთებთან ერთად აღწერეს, თუმცა ჩემი ჟილეტი, რომელზეც ცეცხლსასროლი იარაღიდან ნასროლი ნატყვიარი იყო დარჩენილი, საერთოდ გაქრა. მითხრეს დაგიბრუნდებათო, მაგრამ ასე არ მოხდა.
ისეთი დღეები გადავიტანეთ, გახსენებაც კი მიმძიმს და თურმე, ამ დროს, კალაძეს რომ კითხოთ, ''ნაციონალებს'' მშვიდად გავუცილებივართ. მაშინ რატომ დაგვსაჯეს. ყველაფერს თავი დავანებოთ, პოლიციის თანამშრომლებს რას გვერჩოდნენ? ნაღდად ვერ წარმოვიდგენდი თუ ასე დაგვსჯიდნენ.

- იარაღი თუ დააბრუნეს?


ირაკლი ჯანიაშვილი: ჩემი იარაღი არ დაუბრუნებიათ. დაკავების დროს მითხრეს იარაღის საბუთი არ გაქვსო, არადა საბუთიც ვაჩვენე და არც ის დამიმალავს, რომ ტაბელური იარაღი მქონდა.

- აცხადებთ, რომ ერთ-ერთ დაცვის ოფიცერს რომელიც ნინო ბურჯანაძეს კორპუსით იცავდა, ჟილეტზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ნასროლი ტყვია მოხვდა. გამოდის, რომ ნინო ბურჯანაძისს ლიკვიდაცია იგეგმებოდა?

შაქრია ზურაშვილი:
დიახ, სწორედ ასეა. გურასპაშვილი არავის არ აინტერესებდა და პირადად მასზე შურისძიების გამო, მისთვის არავის უსვრია. უბრალოდ, ქალბატონ ნინოს ვერ მისწვდნენ და გურასპაშვილს ესროლეს. რაც შეეხება ჩვენს მიერ თითქოსდა პოლიციელებზე გადავლას: დაიდო ექსპერტიზის დასკვნა, რომ კორტეჟის მანქანები არავის შეხებია.
არადა, სწორედ ამის გამო მაწამეს, ორი თვე გაშავებული ვიყავი, არცერთი კბილი აღარ მქონდა, ტვინის შერყევა და ამნეზია დამემართა. მეხუთე მალა დაზიანებული მაქვს, დღესაც საოპერაციო ვარ, ციხიდან კოჭლობით გამოვედი. თუ რუსთაველიდან ნებით გაგვიშვეს, ვიღამ დაგვიჭირა? სწორედ ''ნაციონალებმა'' ჩაგვაგდეს ამ დღეში. ტყუილი რომ ვერ მათქმევინეს და ანზორ ბიწაძეზე ცრუ ჩვენება რომ ვერ მიმაცემინეს, მერე შვილებს დაგიჭერთო დამემუქრნენ. ორი კვირის განმავლობაში, საკანში მყოფს მესმოდა ზურაშვილი გამოიყვანეთო და ასე შემდეგ, სპეციალურად მასმენინებდნენ, რომ მეფიქრა, რომ ჩემი შვილებიც იქ ისხდნენ. ამის მერე მეუბნებიან ''ნაციონალებთან'' ხარ გარიგებულიო. ისეთი ზეწოლები იყო, "კონცლაგერშიც" არ დაგესიზმრებოდათ.

''ნიუსპრესი'' ჩუბინიშვილის ქუჩაზე მდებარე იმ ეზოსაც ესტუმრა, სადაც ჩვენი რესპონდენტები 26 მაისის ავბედით ღამეს დააკავეს და აწამეს.

ნათელა ჩაჩიბაია; ადგილობრივი მაცხოვრებელი: ის ღამე არასდროს დამავიწყდება. ლოცვებს ვკითხულობდი, როცა ბარბაროსებმა არნახული სისასტიკე ჩაიდინეს. ხმაური და გინება გავიგონე, სამჯერ შევწყვიტე ლოცვა. საძინებლის ფანჯარა ეზოში გადის და დავინახე, რომ უცებ ამღვრეული თვალებით, პოლიციის მანქანებიდან ჩასუქებული ტიპები გადმოცვივდნენ და ჭიშკარი შემოანგრიეს. ამ დროს უკვე გარეთ გამოვედი, ირგვლივ ხმაური და გინება იყო. სახლში შემოვვარდი და ვთქვი, ვიღაცები არიან, სპეცრაზმს ჰგვანან-მეთქი.

ეზოს ჭიშკრის შემონგრევის შემდეგ სარდაფებში შეცვივდნენ და ყველაფერი დაანგრიეს. ძალიან აგრესიულები იყვნენ. მერე სახლში შევიკეტეთ, რადგან შეგვეშინდა და სათითაოდ ოჯახებშიც შემოგვიცვივდნენ, ყველაფერს ჩხრეკდნენ, საწოლებიც კი აყარეს.

- რა თქვეს, რას ეძებდნენ საწოლებში?

- ხუმრობით ვუთხარი, ნარკოტიკები არ ჩამიდოთ-მეთქი. მითხრეს, ნარკოტიკებს კი არა, ადამიანებს ვეძებთო.

- ვის ეძებდნენ თუ გითხრეს?

- ასე მითხრეს, ქალბატონო ადამიანებს ვეძებთ, ნინო ბურჯანაძის ხალხსო. გამიკვირდა, აქ რა უნდათ-მეთქი. ერთი ბლანჟიანი, ძალიან სიმპატიური პიროვნება, სასტიკად სცემეს. ის როგორ გადარჩა არ ვიცი, თუ გადარჩა საერთოდ.

ლუიზა კიურეგიანი; ადგილობრივი მოსახლე: 62 წლის ქალი ვარ და ასეთი რამ ჯერ არ მინახავს, ფანჯრიდან ვუყურებდი როგორ სასტიკად უსწორდებოდნენ ბიჭებს. ვაიმე, ვაიმე, იმ მაღალ კაცს ისე სცემდნენ (ქიტიაშვილი ზურა), რომ წარმოვიდგენ, ახლაც ცუდად ვარ.

- სახლში თქვენთანაც შემოვიდნენ?

- აბა რა ქნეს, იარაღით დაგვადგნენ, სადარბაზოდანაც და ეზოდანაც, ბავშვები დაგვიწიოკეს.

- რა უნდოდათ?

- ეზოში შემოვარდნის და სარდაფების შენგრევის შემდეგ წასვლას აპირებდნენო, მაგრამ ვიღაცამ დააბეზღა, სახლებში დამალეს ხალხიო და ამის შემდეგ შემოგვიცვივდნენ სახლებში და იარაღებით თავზე დაგვადგნენ. ეს სრული კოშმარი იყო.


თათული ლორთქიფანიძე


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა