logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
არმანის ტრუსებიდან პოლიტიკაში
არმანის ტრუსებიდან პოლიტიკაში
13:57 12.06.2014
საქართველო პარადოქსების ქვეყანაა, სადაც ყველა გზა პოლიტიკამდე მიდის. თუ ცნობილი გამოთქმის თანახმად, ყველა გზა რომში მიდის, საქართველოში ეს ასე არაა.
როგორც აღვნიშნეთ, საქართველოში ყველა გზა პოლიტიკაში მიდის და საკმარისია იყო ცნობილი მომღერალი, მსახიობი ან თუნდაც სპორტსმენი, რომ პოლიტიკური მომავალი გარანტირებული გაქვს და თანაც, ისე, რომ სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, ამისთვის ჭკუის მარაგის ქონაც კი არაა აუცილებელი.
როგორც წესი, ჭკუის მარაგის არქონა ოდნავ მოგვიანებით იჩენს ხოლმე თავს და ხალხიც, გზას, გადაბრუნებული ურმიდან ხედავს.
ჩვენი პოზიციის ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო მაგალითი, საქართველოს ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძეა, რომელიც პოლიტიკაში ფეხბურთიდან მოვიდა.
კახა კალაძემ, 26 მაისთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ გაუკეთა ის, რასაც მას თვით მოსისხლე მტერიც ვერ გაუკეთებდა.
კალაძემ შეძლო და კიდევ ერთხელ დააყარა მარილი იმ ხალხის ჯერ კიდევ ღია ჭრილობებს, რომლებიც მიხელ სააკაშვილის რეჟიმმა სასტიკად აწამა, დაასახიჩრა, ციხეში გამოამწყვდია და სიკვდილი არაერთხელ ანატრებინა.
კახა კალაძემ შეძლო და კიდევ ერთხელ გაამწარა ის ხალხი, ვინც ახალ ხელისუფლებას იმედიანი თვალით შეჰყურებდა და მისგან უმთავრესი დანაპირების ასრულებას - საკუთარი ღირსების აღდგენას ელოდა.
კახა კალაძემ შეძლო და ფასდაუდებელი დახმარება გაუწია საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ გამორჩეულ ჯალათსა და დოქსოპულოს ვანო მერაბიშვილს, როდესაც განაცხადა, რომ 2011 წლის 26 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცრაზმელებმა კორიდორი გააკეთესო.
კახა კალაძემ შეძლო და თავისი, რბილად რომ ვთქვათ, გაუაზრებელი განცხადებით შეურაცხყოფა მიაყენა ათასობით ადამიანს და მათ შორის ამ სტრიქონების ავტორსაც.
კახა კალაძემ შეძლო და კიდევ ერთი, შეიძლება გადამწყვეტი ავტოგოლი გაიტანა საკუთარი კოალიციის კარში, რისთვისაც კოალიციას თავის მართლება აუცილებლად მოუწევს.
მანამ კი, ვინ არის კახა კალაძე, რას წარმოადგენს ის, საიდან მოდის და რა უნდა.....
კახა კალაძე, ერთი ჩვეულებრივი და არაფრით გამორჩეული ბიჭი, - სამტრედიაში დაიბადა. გადმოცემის თანახმად, კალაძეს ფეხბურთი უყვარდა, თუმცა სუსტი მონაცემების გამო, ის პრესტიჟულმა კლუბებმა დაიწუნეს, თუმცა მან ფარ-ხმალი არ დაყარა, ივარჯიშა და იმდენს მიაღწია, რომ ჯერ კიევის „დინამოში,“ შემდეგ კი „მილანში“ მოხვდა.
„მილანი,“ მოგეხსენებათ, იტალიის მაშინდელი პრემიერის სილვიო ბერლუსკონის გუნდი იყო და კახა კალაძესაც მასთან გარკვეული ურთიერთობა ჰქონდა. როგორც ჩანს, სწორედ ამ პოლიტიკოსთან ურთიერთობამ გაუჩინა ერთ ჩვეულებრივ სამტრედიელ ბიჭს ჩინოვნიკური ამბიცია, რომელიც საკმაოდ მალე გამოამჟღავნა.
მანამ კი იყო საფეხბურთო კლუბი „მილანი,“ „არმანის“ ბრენდის ტრუსიკების ფოტოდემონსტრირება, სადაც ერთი ჩვეულებრივი სამტრედიელი ბიჭი, რომელიც, სავარაუდოდ, ქუთაისის გაერთიანება „გელათის“ მიერ შეკერილ საცვლებში გაიზარდა, დემონტრირებას უკვე არმანის ტრუსებს უკეთებდა.
პარალელურ რეჟიმში, მან ბედი ბიზნესშიც სცადა. ბიზნესის კეთებისთვის კი, მსოფლიოში საუკეთესო ადგილი, როგორც მიხეილ სააკაშვილი გვეუბნებოდა, საქართველო ყოფილა, მითუმეტეს, თუ ისეთი მფარველი გყავდა, როგორიც „ნაციონალური მოძრაობა“ იყო.
კახა კალაძემაც, მაშინდელ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელთან შეხმატკბილებულად,საქართველოში ბიზნესის წარმოება დაიწყო და თავიდან საქმეს მართლაც რომ ძალიან კარგი პირი უჩანდა.
კარგი პირი კი მხოლოდ იმიტომ უჩანდა, რომ „მილანში“ მოთამაშე ჩვენი თანამემამულე და არმანის ტრუსეული ნაწარმის სახე, აქტიურად უჭერდა მხარს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მიხეილ სააკაშვილს.
თუ ვინმეს ამაში ეჭვი ეპარება, არსებობს უტყუარი ვიდეომტკიცებულებები იმის შესახებ, თუ როგორ გულმხურვალედ უჭერს მხარს ერთი ჩვეულებრივი, მაგრამ უკვე ცნობილი სამტრედიელი ბიჭი გიული ალასანიას მხოლოდშობილ ძეს.
მოგვიანებით კი, როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილმა თავის სტილს არ უღალატა და ეგზეკუცია კალაძის ბიზნესსაც დაუპირა, რის შემდეგაც ერთი ჩვეულებრივი სამტრედიელი ბიჭი, რომელიც მანამ, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი ერთი ჩვეულებრივი სამტრედიელი ბიჭი იყო, მყისიერად გადაიქცა ერთ ჩვეულებრივ სამტრედიელ ბიჭად, რომელიც მიხეილ სააკაშვილს მხარს აღარ უჭერდა.
ამის შემდეგ კახა კალაძემ გარკვეულწილად „ფსკერზე დაწოლა“ ამჯობინა და მთელი ახოვანებით სწორედ მაშინ ამოცურდა, როდესაც ქვეყნის პოლიტიკურ არენაზე ბიძინა ივანიშვილის ფიგურა გამოჩნდა.
ჰქონდა რა საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის ცნობადობა, კახა კალაძეს ივანიშვილის გუნდში ადგილის დაკავება არ გასჭირვებია, თუმცა საკუთარი ამბიციები საკმაოდ მალე, მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტების დროს გამოავლინა. როგორც ცნობილია, მას თავიდან რეგიონული განვითარებისა და ინფარასტრუქტურის მინისტრის პოსტს სთავაზობდნენ, თუმცა ამ თანამდებობაზე უარი თქვა, რადგან, მანამ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის რეგიონული განვითარების სამინისტროს ფუნქციებს ვერ ხედავდა.
ანუ, სავარაუდოდ, კალაძემ იფიქრა, ერთ მშვენიერ დღეს სამინისტრო არ გამიუქმონო და რეგიონული განვითარების მინისტრის პორტფელზე უარი თქვა. სამაგიეროდ დათანხმდა ენერგეტიკის მინისტრის პორტფელს, რისი მიზეზიც ვფიქრობ ისაა, რომ ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმება დღის წესრიგში დიდი ხნის განმავლობაში არ დადგება.
საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, კახა კალაძემ საზოგადოებას თავისი სამეგობრო წრის ნაწილიც წარუდგინა. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული, დიზაინერი ბიჭოლა იყო, რომელთან ერთად გადაღებული ფოტოებიც საზოგადოებას საკმაოდ უნახავს.
newspress.ws.com.ge



ენერგეტიკის მინისტრობასთან ერთად, კახა კალაძე ვიცე-პრემიერადაც მოგვევლინა, მოგვიანებით კი, სულ ორიოდე თვის წინ, კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის მეთაურიც გახდა.
newspress.ws.com.ge




დღიდან თანამდებობის დაკავებისა, კახა კალაძე არაერთგზის გამხდარა სკანდალის ობიექტი. ჯერ იყო და იმ არასამთავრობოებს, რომლებიც საქართველოში გიგანტური ჰესების მშენებლობას აპროტესტებდნენ, „მოყიყინეები“ უწოდა, მანამ კი, დემოკრატიის დაპირებით მომავალი ხელისუფლების ერთ-ერთმა სახემ, მედიასაშუალებას, რომელიც შესაძლოა მათ პოზიციას არ უჭერდა მხარს, მიკროფონზე ხელი აუკრა და „იქით გადაშენებისკენ“ მოუწოდა.
მოგვიანებით კი, როგორც ცნობილია, ის პარტია „ქართულ ოცნებაში“ მეორე პირიც გახდა. ამ ამბავს დაემთხვა აჭარის ერთ-ერთი „ვიპ-მაღალჩინოსნის“ „პრადოს “ ჯიპებით გატაცების ისტორიაც, რა დროსაც კახა კალაძემ თავი უფლებამოსილად ჩათვალა, რომ საკუთარი სახელით განცხადება გაეკეთებინა და ავტონომიური რესპუბლიკის აღნიშნული მაღალჩინოსანი „მიეჯირყნა.“ მოგვიანებით კი, როგორც ჩანს, კალაძეს თვითნებობისთვის ან საერთო პოზიციის მხოლოდ საკუთარ თავზე მიწერისთვის პასუხი მოეთხოვა და სულ რაღაც 15 წუთში, მისმა უწყებამ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, სადაც კალაძის მიერ საკუთარ თავზე მიწერილი პოზიცია, უკვე პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილზე იყო გადაწერილი.
თანაც, კალაძის პრესსამსახური ვედრებით ითხოვდა, რომ განცხადების წინა ვერსია ოპერატიულად შეცვლილიყო.
გარე თვალისთვისაც კი აშკარაა, რომ დიდი ალბათობით, იმ დროს კალაძე გუნდის წინ კუნტრუშისთვის მიიჯირყნა.
რბილად რომ ვთქვათ, უხერხულ მგდომარეობაში ჩააყენა საკუთარი თავი კალაძემ ასევე, როდესაც ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ანგარიში გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც, კახა კალაძემ, პრემიებისა და სახელფასო დანამატების სახით 2013 წელს 48 ათასი ლარი მიიღო.
საზოგადოებაში გავრცელდა ხმა, რომ მინისტრებმა და მათ შორის კალაძემაც, ძალიან დიდი რაოდენობით პრემია მიიღეს, თუმცა მოგვიანებით კალაძისსავე პრესსამსახურმა განცხადება გაავრცელა და ენერგეტიკის მინისტრის მიერ პრემიების მიღების ფაქტი უარყო, თუმცა „დაავიწყდა“ აღენიშნა, რომ კახა კალაძემ აღნიშნული თანხა არა პრემიის, არამედ „სახელფასო დანამატის“ სახით აიღო.
ბოლო სკანდალი კი, რაც კახა კალაძის სახელს უკავშირდება და რაც მას სავარაუდოდ ძვირად დაუჯდება, - ეს 2011 წლის 26 მაისთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებაა, როდესაც მან განაცხადა, რომ ვანო მერაბიშვილმა ნინო ბურჯანაძის კორტეჟს გზა გაუხსნაო. მოედანზე, სადაც 26 მაისის სისხლიანი ტრაგედია დატრიალდა და სადაც საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ავბედითი და სამარცხვინო ფურცელი დაიწერა, იმ საღამოს რამდენიმე ათასი ადამიანი იმყოფებოდა. საინტერესოა, როგორ მოხდა, რომ ვანო მერაბიშვილმა გზა გაუხსნა 5 მანქანისგან შემდგარ კორტეჟს ისე, რომ იქედან აქციის ერთმა მონაწილემაც კი ვერ გააღწია?
თავად მაქვს ნანახი ის საშინელება, რაც მაშინ რუსთაველის გამზირზე დატრიალდა, თავად მაქვს გამოცდილი მხუთავი აირის, რეზინის ტყვიების, ხელკეტებისა და სხვა ფსიქოლოგიური თუ მექანიკური იარაღის ძალა და ჩემი გადმოსახედიდან, კიდევ უფრო ძნელია შევინარჩუნო ჟურნალისტური სტანდარტები ამ ყოვლად უპასუხისმგებლო და გაუაზრებელი განცხადების შემდეგ, ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრისა და ვიცე-პრემიერის მიმართ.
ერთი ჩვეულებრივი სამტრედიელი ბიჭის ლოგიკით, გამოდის, რომ თავადაც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების ნაწილი ყოფილა 2012 წელს, როდესაც ნაციონალების სამარცხვინო რეჟიმის მანქურთებმა, „ქართული ოცნების“ აქტივისტებს, სოფელ კარალეთში ქვები დაუშინეს. აი მაშინ კი, კახა კალაძეს გასაქცევად, კორიდორი თუ გზა ნამდვილად მისცეს. მოგვიანებით კი, კარალეთის ინცინდენტი ძალადობის უმაღლეს გამოვლინებად შეფასდა.
ბატონო ვიცე-პრემიერო, თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ რა ხდებოდა 2011 წლის 26 მაისს რუსთაველის გამზირზე, სადაც არათუ ვინმესთვის კორიდორის გაკეთება, ავადმყოფი სააკაშვილის ზონდერები მზად იყვნენ საკუთარი ოჯახის წევრებისთვისაც კი ყელი კბილებით გამოეჭამათ.
მაგრამ თქვენ ამის შესახებ საქმის კურსში ნამდვილად ნაკლებად იქნებით, რადგან სწორედ მაშინ, როდესაც უიმედობაში მყოფ საქართველოს მოსახლეობას იმედად „სახალხო კრება“ მოევლინა, რომლის წევრებსაც, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ეყოთ ვაჟკაცობა, რომ ტერორის პირობებშიც კი, ქვეყნის თვალნათელი დაღუპვის წინააღმდეგ ხმა ამოეღოთ, სწორედ მაშინ, თქვენ „არმანის“ ტრუსებში გამოკვართული მილანის სოლარიუმებში „ზაგარს“ იღებდით. მოგვიანებით კი, როგორც ბიძინა ივანიშვილმა თავის მეორე წერილში განაცხადა, სწორედ 26 მაისი აღმოჩნდა ის ბოლო წვეთი, რამაც მას პოლიტიკაში მოსვლა და სააკაშვილის რეჟიმის დამარცხება გადააწყვეტინა.
ბატონო ერთო ჩვეულებრივო სამტრედიელო ბიჭო, ის, რომ თქვენ დღეს ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრისა და ვიცე-პრემიერის პოსტი გიკავიათ, ერთის მხრივ ქვეყნის პრობლემაა, მაგრამ მეორეს მხრივ, სწორედ იმ 26 მაისის დამსახურებაა და 26 მაისს დაღვრილი იმ სისხლის საფასურია, რომელსაც თქვენ არ ან ვერ ხედავთ.
საკუთარი ყურით მაქვს მოსმენილი ერთ-ერთი პოლიციელის სიტყვები 26 მაისს, კიდევ კარგი წვიმს, თორემ ამათ სისხლს აქედან რა გადარეცხავდაო.
სწორედ იმ სისხლის დამსახურებაა, რომ დღეს თქვენ საქართველოს მთავრობის წევრი გქვიათ და არანაირი უფლება არ გაქვთ, იმ ხალხს შეურაცხყოფა მიაყენოთ, ვინც იმ ღამეს იქ იდგა და თავი სასიკვდილოდ ჰქონდა გამეტებული.
საერთოდ კი, კახა კალაძის განცხადებები, ძირითადად იმ გაბოროტებული ადამიანის მიერ გაკეთებული განცხადებების შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელსაც, მიუხედავად სტატუსისა, საკუთარი ადგილი ჯერ კიდევ ვერ უპოვნია და ფონს გასვლასა და თავის დამკვიდრებას აგრესიით ცდილობს, თუმცა ეს აგრესია და მისი შედეგების განეიტრალება, ხშირად მისი პოლიტიკური გუნდის თავშისაცემი შეიძლება გახდეს.
რაც შეეხება იმ პოლიტიკურ გუნდს, რომლის საარჩევნო შტაბსაც კალაძე ხელმძღვანელობს: უნდა ითქვას, რომ ეს გუნდი კალაძემ თავისი ბოლო განცხადებით ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩააყენა, თუმცა კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩაიყენა საკუთარი თავი.
ანუ, კალაძის ლოგიკით, გამოდის, რომ ვანო მერაბიშვილი უდანაშაულო ყოფილა და მისთვის, ახალი ხელისუფლების პირობებში, სასამართლოს 4,5 წელი ტყუილუბრალოდ მიუსჯია. ასევე, გამოდის, რომ „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ ოპონენტებზე პირდაპირ და აშკარა ზეწოლას ახორციელებს, რაც მათი „უკანონო დაპატიმრებით“ გამოიხატება. ასევე, კახა კალაძის ლოგიკით გამოდის, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე იდგა, „ნაციონალური მოძრაობის“ თამაშს თამაშობდა. გამოდის, რომ ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები ხელისუფლების სხვადასხვა შტოებიდან , - გოგი ქავთარაძე, სოსო ჯაჭვლიანი, ლუკა კურტანიძე და სხვები, „ნაციონალური მოძრაობის“ დაკრულზე თამაშობდნენ, დღეს კი ისინი „ქართული ოცნების“ თვალსაჩინო სახეებს წარმოადგენენ. თავისი განცხადებით, კახა კალაძემ შეურაცხყოფა ამ ადამიანებსაც მიაყენა.
და ბოლოს, კახა კალაძემ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩააგდო საკუთარი გუნდი, როდესაც მას, ჩემი რწმენით, ამომრჩევლების საკმაოდ სერიოზული რაოდენობის ხმა დაუკარგა.
როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, სააკაშვილის რეჟიმისგან გატანჯული საზოგადოების იმ მცირედ ნაწილსაც კი, რომელსაც ახალი ხელისუფლებისგან სამართლიანობის აღდგენის რწმენა ჯერ კიდევ შერჩენოდათ, ეს რწმენაც მოუკვდათ, ვინაიდან იმ ადამიანებს, ვინც სააკაშვილის რეჟიმს საკუთარი სიცოცხლის ფასად ებრძოდა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსმა პირდაპირი შეურაცხყოფა მიაყენა, „ნაციონალური მოძრაობის“ მესვეურებს კი საშუალება მისცა ამტკიცონ, რომ ვანო მერაბიშვილი ფრთიანი ანგელოზია.
სამწუხაროდ, როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ჩვენს კურთხეულ ქვეყანაში, პოლიტიკისკენ მიმავალ გზაზე დიდი ინტელექტი საჭირო არ არის, რომ აღარაფერი ვთქვათ პროფესიონალიზმზე, თუმცა საქმისადმი ასეთმა მიდგომამ მიიყვანა წინა ხელისუფლება იმ მდგომარეობამდე, რა მდგომარეობაშიც დღეს არიან. ისტორია კი, პრაქტიკულად მუდმივად მეორდება.
რაც შეეხება ჩვენი მასალის სათაურს, ის პერიფრაზია ერთი ყველასათვის საყვარელი ქართული ფილმის მონაკვეთისა - „სკოლის მერხიდან წარმოებაში.“
საკითხავი მხოლოდ ისაა, რა უფრო გამართლებულია, სკოლის მერხიდან წარმოებაში მისვლა, თუ არმანის ტრუსებიდან პოლიტიკაში მოსვლა, მაშინ, როცა საამისო არც გამოცდილება და არც სხვა რესურსი არ გაქვს. მერწმუნეთ, პირველი ვარიანტი სჯობს.
რაც შეეხება კახა კალაძის განცხადებას, ვფიქრობ მას აუცილებლად მოუწევს გასცეს პასუხი იმ ბრალდებას და უფრო მეტიც, დაამტკიცოს, რომ „სახალხო კრების“ ლიდერები და შესაბამისად, ქუჩაში გამოსული 40 ათასამდე ადამიანი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეთანხმებით მოქმედებდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას, როგორც მინიმუმ, საზოგადოების მხრიდან, უმძიმესი მორალური პასუხისმგებლობა დაეკისრება.

ალეკო ჩუბინიძე


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა