2010 წელს კლინიკა „ნარკოლოგიურ ციტოში”, გარდაცვლილი გლდანი- ნაძალადევის პროკურორის ოჯახი, მთავარ პროკურორ გიორგი ბადაშვილს,
ხელახალი გამოძიების დაწყებას და საქმეში არსებული საეჭვო მოწმეების დაკითხვას სთხოვს.
გლდანი-ნაძალადევის მთავარი პროკურორი პაატა ტყეშელაშვილი, ნევროზის დიაგნოზით, 2010 წლის ივნისში, საეჭვო ვითარებაში, ნარკოლოგიურ კლინიკაში აღმოჩნდა, სადაც, გარდაცვლილის ოჯახის წევრთა განცხადებით, ექიმებმა მისი მკურნალობა უმძიმესი მეთოდით გადაწყვიტეს.
კერძოდ, ექიმებმა ავთანდილ გულიაშვილმა და გიორგი ჭეიშვილმა, პაციენტი ღრმა ნარკოზულ ძილში შეიყვანეს, რაც ტყეშელაშვილის გარდაცვალებით დასრულდა.
კრიტიკული მედიცინის დასკვნაში წერია, რომ პაატა ტყეშელაშვილს შეუსვენებლად გადაუსხეს 34 ლიტრი სითხე და ასევე, მის ორგანიზმში 18 ამპულა პრეპარატი „გომკი“ და ფლაკონი „თეოფენტალი“ შეიყვანეს. გარდაცვლილის ოჯახი დარწმუნებულია, რომ ტყეშელაშვილის მკვლელობა დაგეგმილი იყო და მისმა მკურნალმა ექიმა, სხვა ექიმების დახმარებით, ის სასიკვდილო მდგომარეობამდე მიიყვანა.
ის, რომ ტყეშელაშვილს კრიტიკულ მომენტში კვალიფიციური დახმარება არ გაეწია, ეს სამედიცინო ექსპერტებმაც დაადგინეს. ამის მიუხედავად, პროკურატურას დაგეგმილი მკვლელობის ვერსია არ განუხილავს. ოჯახი დანაშაულის გადაკვალიფიცირებას ითხოვს:
„ნიუსპრესი“ გარდაცვლილი პაატა ტყეშელაშვილის დედას ესაუბრა,რომელიც აცხადებს, რომ პროკურატურა შეგნებულად არ ახორციელებს იმ მოწმეების დაკითხვას, რომლებმაც ზუსტად იციან, თუ როგორ მოხდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის გაყალბება და სიკვდილის რეალური მიზეზის დამალვა.
გარდაცვლილის დედა თამარ ტყეშელაშვილი, „ნიუსპრესთან“ საუბარში დასაკითხ პირთა ვინაობას ასახელებს, რომელთა შორისაც, კარდიოლოგიური კლინიკა „გულის“ მფლობელი, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დედაქალაქის მერობის კანდიდატის ნიკა მელიას მამა, პროფესორი ანზორ მელიაც არის.
გარდაცვლილის ოჯახის მტკიცებით, სწორედ მელიამ გაამყარა ყალბი სამედიცინო დასკვნა, რომელიც სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტებმა - ზ. გრიგოლაშვილმა, კ. ახალაკაციშვილმა და ზ. ხელაძემ მოამზადეს.
– ქალბატონო თამარ, კონკრეტულად რაში ადანაშაულებთ სასამართლო სამედიცინო ექსპერტებს?
– სასამართლო-სამედიცინო ექსპერტებმა დასკვნა გააყალბეს და იქ ჩაწერეს ის, რაც ბუნებაში არ არსებობდა. ჩემი შვილი სრულიად ჯანმრთელი იყო, დასკვნაში კი წერია, რომ თითქოს მას 2 ინფარქტი ჰქონდა გადატანილი. როგორ შეიძლებოდა ადამიანს 2 ინფარქტი გადაეტანა და ეს ელემენტარულად არც კი სცოდნოდა. ამასთან, ისეთ მძიმე და დაძაბული რეჟიმის მქონე თანამდებობაზეც ემუშავა, როგორიც გლდანი-ნაძალადევის რაიონის პროკურორობა. ჩემდა სამწუხაროდ, სწორედ ასეთ დასკვნაზე, ხელი ანზორ მელიამ მოაწერა. ხომ იცით ეგ ვინც არის... მერობის კანდიდატის მამაა. ანზორ მელია ჩემს შვილს ძალიან კარგად იცნობდა, მეტიც, მასთან მეგობრობდა და რატომ გააყალბა დასკვნა, - ვერ ვხვდები.
–თავად ანზორ მელიასთვის არ გიკითხავთ ეს?
–როგორ არა, ვკითხე და გაგიჟდა, გადაირია, თავში სულ ხელი იშინა, ეს როგორ დაწერეს დასკვნაშიო. არადა, დასკვნაზე თავად ჰქონდა ხელი მოწერილი. ჩემთან კიდევ იძახდა, პაატას ეს როგორ გაუბედესო.მერე ვკითხე, დასკვნას თქვენც ხომ მოაწერეთ ხელი მეთქი.
-რა გიპასუხათ?
- მითხრა, მე რომ ეს მცოდნოდა, ხელს არ მოვაწერდიო. დასკვნა არც წამიკითხავს ხელი ისე მოვაწერეო.
–რას ნიშნავს „ისე მოაწერა ხელი“?
–არ ვიცი. მელიამ განმიცხადა, მე სამედიცინო დასკვნა მომიტანეს და ხელი მოვაწერე, იქ რა ეწერა არ წამიკითხავსო. ეს არ არის გულგრილობა? ეს არა არის დანაშული? გამოძიებამ არ უნდა დაკითხოს ანზორ მელია და სხვა დანარჩენი ექსპერტები? მაგრამ არ აწყობთ და თავსაც არ იწუხებენ. რამდენჯერ მივმართე პროკურატურას, თუმცა შედეგი არა და არ დადგა.
ინტერვიუს მსვლელობის დროს, საუბარში გარდაცვლილის მამა ელგუჯა ტყეშელაშვილი ჩაერთო, რომელიც 44 წლის განმავლობაში ძალოვან უწყებაში მუშაობდა და როგორც სახელმწიფო ბრალმდებელი, ოქროს სამკერდე ნიშნითაა დაჯილდოებული.
–პროკურატურის სასწავლო ცენტრში ლექციებს ვკითხულობდი. ამდენი ხნის პროკურორი ვარ და ჩემი შვილის მკვლელობის საქმე თაროზე შემომიდეს. საქმეში უამრავი საეჭვო გარემოება და სიყალბე დევს, მაგრამ, სამწუხაროდ, არ არსებობს ნება, რომ პაატას საქმე გადაიხედოს. კაცს სასიკვდილო დოზა წამალი გაუკეთეს და რაც მთავარია, ისეთი პრეპარატი, რომელიც ხმარებიდან ამოღებული იყო. წარმოიდგინეთ 18 ამპულა წამალი გაუკეთეს. ეს არ იყო დაგეგმილი მკვლელობა? გამცეს ამაზე ვინმემ პასუხი. 18 ამპულა წამალს კამეჩსაც კი არ უკეთებენ. დასკვნაში კი წერენ, რომ თურმე ჩემ შვილს ინფარქტი ქონია გადატანილი. რა, ანზორ მელიამ არ იცოდა, რომ პაატა სრულიად ჯანმრთელი იყო და გულზე პრობლემები არ ჰქონდა? მაგრამ, მიუხედავად ამისა, დასკვნა გამიზნულად, კვალის ასარევად დაწერეს.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი,“ „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას მამას, კლინიკა „გულის“ ხელმძღვანელ პროფესორ ანზორ მელიასაც დაუკავშირდა:
–პაატა ტყეშელაშვილთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ მე რა დოკუმენტაციაც მომაწოდა ექსპერტიზის ბიურომ, პასუხიც იმაზე გავეცი. კერძოდ, მწერდნენ, რომ იმ დროს, როცა სიკვდილი განვითარდა, შესაძლოა ამის მიზეზი ინფარქტი ყოფილიყო და ასეთ დროს მის გადასარჩენად რა უნდა გაკეთებულიყოო. თუმცა მე ვაცხადებ, რომ კლინიკაში არსებული იმ ტექნიკური მოწყობილობით და ვადაგასული მედიკამენტებით, პაციენტის საშუალო დონის დახმარებაც კი შეუძლებელი იყო, არა თუ კვალიფიციური დახმარება.
–თუ გქონდათ ამ საკითხზე შეხვედრა და საუბარი გარდაცვლილის დედასთან?
–კი, პანაშვიდზე ვნახე. პაატა ჩემი პაციენტი იყო და კარგად ვიცნობდი. მან გამოკვლევები ჩაიტარა, რის შემდეგაც დადგინდა, რომ მწვავედ გამოხატული ნევროზი აწუხებდა. რაც შეეხება ინფარქტს, მისი განვითარებაც შესაძლებელია, რადგან ძალიან მძიმე სამუშაო ჰქონდა და შესაძლოა ამდენ რაღაცას ვერ გაუძლო. პაატა ძალიან პატიოსანი და წესიერი ადამიანი იყო.
p.s. ინფარქტის ვერსიას გარდაცვლილი პროკურორის ოჯახი არ იზიარებს და საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს.
რაც შეეხება პროკურატურის საგამოძიებო უწყებას, მას საქმის გადასინჯვა და ოჯახის მიერ მიწოდებული ახალი ფაქტების შესწავლა, ამ დრომდე არ დაუწყია.
ირაკლი ხომერიკი