დემაგოგია - [ბერძ.demagogia] არაკეთილსინდისიერი საშუალებებით (მოტყუებით, ცრუ დაპირებებით...) გავლენის მოხდენა მასებზე ნდობის მოსაპოვებლად.
2. გადატ. - შეგნებულად საკითხის არამართებული გაშუქება, ფაქტების დამახინჯება. (უცხო სიტყვათა განმარტებითი ლექსიკონი;)
ის, რომ ბევრ საკითხში „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ ტრადიციები „ღირსეულად გააგრძელა“ და არა მარტო გააგრძელა, მათი ზოგიერთი მეთოდი დახვეწა კიდეც, - ახალი ამბავი არ არის და ამაზე ბევრიც თქმულა.
ერთ-ერთი ასეთი სფერო, სადაც ახალი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი ნაციონალთა ტრადიციას აგრძელებს, ეს დემაგოგიაა და ამ საქმეში, სამწუხაროდ, ბოლო დროს, ახალი ხელისუფლების მიერ დასახელებული დედაქალაქის მერობის კანდიდატი დავით ნარმანიაც ჩაერთო.
კონკრეტულად კი, მერობის კანდიდატისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის დემაგოგიის კლასიკური ნიმუში, მერობის სხვა პრეტენდენტებთან, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გამართული დებატები იყო.
როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, ნარმანიას, მისი მინისტრობის დროინდელ აუთვისებელ ხარჯებთან დაკავშირებით დაუსვა შეკითხვა, „ოცნების“ მერობის კანდიდატმა მას კონტრშეკითხვა შეაგება და დაინტერესდა, თუ სად გაქრა ევროობლიგაციის შედეგად მიღებული ის ნახევარი მილიარდი დოლარი, რომელიც სააკაშვილის რეჟიმმა 2008 წელს აიღო.
დებატებში ნარმანიამ კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია გააჟღერა, რომლის თანახმადაც, „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ ნახევარი მილიარდის დაბრუნება 10 წლით გადაუვადებია, რის გამოც, ქვეყანამ ამ პერიოდის გასვლის შემდეგ, თითქმის ამდენივე, დამატებით უნდა გადაიხადოს.
ნარმანია პირდაპირ ეთერში დაინტერესდა, თუ სად წაიღო წინა ხელისუფლებამ ეს თანხა, რომელიც ფაქტიურად გამქრალია და ამ კითხვაზე პასუხი მან ნიკა მელიასგან მოითხოვა.
გასაგებია, რომ ნარმანიას ეს განცხადება მიზნად, საზოგადოებაში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა მიმართ ნეგატიური განწყობის გაზრდას ისახავდა, მაგრამ, გამომდინარე იქედან, რომ ეს განცხადება მხოლოდ პოპულისტურ და დემაგოგიურ ხასიათს ატარებდა, შეიძლება ითქვას, რომ კანდიდატმა ამით უკუშედეგი მიიღო.
ჯერ ერთი, როდესაც ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი „ნაციონალების“ ახლადშექმნილ სახეს ეკითხება, რა უყავით 2008 წელს აღებული ფული და სად გააქრეთო, ეს წმინდა წყლის პოპულიზმია, რადგან ნიკა მელიას ამ ნახევარი მილიარდის შესახებ ინფორმაცია ყველაზე ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს, ხოლო თუ ახალ ხელისუფლებას ნამდვილად აინტერესებს მოცემული 500 მილიონი დოლარის ბედი, მას ამის გამოსაძიებლად საკმაო დრო ჰქონდა და ამხელა თანხის გაუჩინარებასთან დაკავშირებით, საქმეების რკვევა, თითქმის 2 წლის შემდეგ, პირდაპირ ეთერში არ უნდა დაეწყო, მითუმეტეს, რომ ამას ნარმანია ისეთ პირთან არკვევდა, რომელსაც, როგორც აღვნიშნეთ, ამ თანხასთან სავარაუდოდ, არანაირი შეხება არ ექნებოდა.
თუ ხელისუფლებას ნამდვილად აინტერესებდა ზემოთხსენებული ნახევარი მილიარდის ბედი, მაშინ ის კოჰაბიტაციურ ტკბობას კი არ უნდა მისცემოდა, რეალური გამოძიება და სამართლიანობის რეალურად აღდგენა უნდა დაეწყო.
თუ ხელისუფლებას ნამდვილად აინტერესებდა ამ თანხის ბედი, მაშინ უნდა დაებარებინა და დაეკითხა ის ხალხი, ვისაც ამ თანხასთან უშუალო შეხება ჰქონდა და ვისაც სავარაუდოდ, აქვს ინფორმაცია, თუ სად გაქრა ამ რაოდენობის ფული.
არავინ არაა ისეთი გულუბრყვილო, დაიჯეროს, რომ ნახევარი მილიარდი თითქოს ისე აორთქლდა, ამაში ქვეყნის მაშინდელი პირველი პირის, მიხეილ სააკაშვილის ხელი არ ერიოს. რა თქმა უნდა, ამ თანხის გაქრობა სწორედ მისი და „ნაცმოძრაობის“ სხვა, რამდენიმე გავლენიანი პირის ხელდასმით მოხდებოდა, ხოლო ნიკა მელიას, მითუმეტეს 2008 წელს, ამ თანხამდე არავინ მიუშვებდა და არც ამის შესახებ ინფორმაციას მისცემდა ვინმე.
გამოდის, რომ წინა ხელისუფლებას ნახევარი მილიარდის გაქრობა შერჩა და დედაქალაქის მერობის სახელისუფლებო კანდიდატი, თავის კონკურენტს ამ თანხის შესახებ მხოლოდ იმიტომ ეკითხება, რომ პოლიტიკური ქულები ჩაიწეროს?
ან, ახლა გაიგო „ქართულმა ოცნებამ,“ რომ მიხეილ სააკაშვილის დროს ნახევარი მილიარდი გაქრა?
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ახალ ხელისუფლებას ამ ნახევარი მილიარდის ბედის გარკვევა რეალურად უნდოდა, მაშინ მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ კი არ უნდა გაესტუმრებინა, არამედ მისთვის ყურში ხელი უნდა მოეკიდა და პროკურატურის დაკითხვის ოთახში შეებუნძულებინა. დამერწმუნეთ, სააკაშვილის დონის „ვაჟკაცი“, რომელმაც მთავარსარდლის რანგში, თვითმფრინავის ხმის გაგონებაზე ცხვირით მიწა ხნა, ამ ფულის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას უცებ დაყაჭავდა და შესაძლოა, ზედ ბევრი სხვა ღირებული ინფორმაციებიც მიეყოლებინა.
თუ ხელისუფლებას ამ უზარმაზარი თანხის ბედის გარკვევა უნდა, მაშინ დღესვე დაიბაროს ის ხალხი მაინც, ვინც ჯერ საქართველოდან გაქცეული არ არის და ვისაც თანამდებობრივი ან სხვა რაიმე სახის შეხება ჰქონდა ამ ფულთან.
ბატონებო, ნიკა მელიასთვის პირდაპირ ეთერში დასმული კითხვით, ამ თემას ნათელს ნამდვილად ვერ მოფენთ, ხოლო თუ მისი გამოყენება მხოლოდ წინასაარჩევნო პიარისთვის სამანიპულაციოდ გჭირდებათ, ხალხი ამას აღარ ჭამს.
ასე, რომ ბატონებო, „ნაციონალური მოძრაობის“ ტრადიციების გაგრძელება კარგს არაფერს მოგიტანთ, ისევე, როგორც არაფერი მოუტანა კარგი თავად ნაციონალებს, რომელთა საკმაოდ დიდი ნაწილი, სამართლიანი სახელმწიფოს არსებობის შემთხვევაში, ამავე სახელმწიფოს გაძლიერებული დაცვის ქვეშ, იზოლირებულ და სქელკედლებიან შენობაში უნდა იმყოფებოდეს ნაცვლად იმისა, რომ 9 წლის მანძილზე მათგანვე გამწარებულ საზოგადოებას, ყოველ საღამოს ტელევიზორიდან ნერვები უშალოს.
გიორგი აბრამიშვილი