რა ხდება უწყებაში, რომელიც ბოლო დროს საკმაოდ სკანდალურია? როგორ ექცევიან სად–ის თანამშრომლებს და რა რეჟიმში მუშაობენ ისინი?
საინფორმაციო სააგენტო ,,ნიუსპრესს“ ანონიმური წყარო ესაუბრა, რომელიც თავის ვინაობას მხოლოდ იმიტომ მალავს, რომ დღესაც ამავე უწყებაში მუშაობს.
- რა ხდება სად–ში, როდის აპირებენ ახალი თავმჯდომარის დანიშვნას?
-დავიწყოთ იმით, რომ პრემიებზე ატეხილი სკანდალის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც მოროშკინამ ყველაფერს, რაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტში ხდებოდა ფარდა ახადა, დარბაისელს ღამის სამ საათზე დაურეკეს და უთხრეს, ჯობია შენით წახვიდე აქ ვერავინ ვერ გიშველისო. ამიტომაც გამოაცხო მაგარი წერილი, ვითომდა გმირი ვარ და მივდივარო. სინამდვილეში კი მოსთხოვეს, გმირად გაგიშვებთ მაგრამ შენით წადიო. მერე შემცველის ძებნა დაიწყეს, მაგრამ მისი პოვნა ასე ადვილი არ აღმოჩნდა. ეს თანამდებობა ორ ადამიანს შესთავაზეს, მათ შორის დარბაისელის ყოფილ მოადგილეებს, რომელთაც უარი თქვეს. სულელები ხომ არ არიან, რეალურად, ისინი ამ სისტემაში ერთი თვით ინიშნებოდნენ და მერე დისკრედიტირებულები იქნებოდნენ. ახლა სხვა სიტუაციაა. ერთადერთი, ვისზეც ამჟამად მუშაობენ, გოგი გახარიაა. გახარია ახლა დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელია, თუმცა სამსახურში სხვა მოადგილეების მსგავსად იშვიათად ჩნდება და თითქმის არ დადის.
ეს ადამიანი სუსიდან გადმოიყვანეს, სამი კვირის დანიშნული იყო სად–ის უფროსის მოადგილედ, 38 000 ლარის ოდენობით პრემია რომ აიღო, ისევე, როგორც ირინა იმერლიშვილის დამ სოფომ, რომელიც საერთოდ თუ მუშაობდა ამ დეპარტამენტში, არავინ იცოდა.
- ეგ როგორ?
- ეს ყველაფერი მარტივად ხდება. ყველას, ვინც ინფორმაციის მატარებელი იყო, უთხრეს სახლში წადით, ხელფასებს ისე ჩაგირიცხავთო, ან უბრალოდ გაფორმებულები ჰყავთ თანამდებობებზე და საერთოდ არაფერს არ აკეთებენ. აქ ისეთი განუკითხაობაა, ვერც კი წარმოდიგენთ. რაც შეეხება გახარიას, ის ხმას არ იღებს. საეჭვო სიჩუმეა. გგონიათ ისე კარგად არის ყველაფერი, რომ პრეტენზიებით არავინ მოდის? მე მგონი მსჯავრდებულთა ახლობლებიც ვეღარ ბედავენ ხმის ამოღებას. უფრო მეტიც, სადში ახლა ე.წ. „შემაკავებელი ხალხი“ არიან მობილიზებულები.
- „შემაკავებელი ხალხი“ რას ნიშნავს, რაიმე ახალი კატეგორიაა?
-რას და ვინც მოდის, ყველას ლამაზად, ტკბილად ეუბნებიან, არჩევნების მერე მობრძანდით და გაგცემთ პასუხსო. სურთ, რომ არჩევნებამდე მშვიდად მივიდნენ. ჟანდარმერია გვადგას თავზე, თითოეულ თანამშრომელს ეუბნებიან, ხმა არ ამოიღოო, თანამშრომელს ვერ გადაულაპარაკებ და ვერ ჰკითხავ რამეს ისე, რომ მესამემ არ გკითხოს რა გინდაო. რამეს იტყვი და სამსახურს დაკარგავ. მეტსაც გეტყვით, როცა ლალი მოროშკინა წავიდა, გლოვა გვქონდა გამოცხადებული, ეგ იყო ყველას პატრონი იქ. ახლა კიდე ყველას უხარია, რომ ლალი წავიდა, მაგრამ მისი თან ეშინიათ. გვინდოდა სახალხო დამცველის სახელზე კოლექტიური განცხადება დაგვეწერა, მაგრამ იმათაც კი ეშინიათ სამსახურის დაკარგვის, მართლა რომ არსად დაიკარგებიან. ახლა არც დამცველი გვყავს და არც პატრონი. ამ საშინელი, ცივი სახეების ყურება გვიწევს და ვართ შიშში, რამე არ წამოგვცდეს, რომ სამსახურიდან არ გაგვყარონ. თავს არ ვზოგავთ, ადრე მივდივართ და გვიან ვბრუნდებით სამსახურიდან, რომ არავის სალაპარაკო არ მივცეთ, მაგრამ როგორც ზომბები, ისე ვმუშაობთ. სულ თვალებში გვიყურებენ, ტელეფონზე რომ ვლაპარაკობთ, იმაზეც აქვთ რეაქცია, ვის ველაპარაკებით და რა თემაზე. გარდა ამისა, ყველა დაწესებულებას ჰყავს საჯარო მონაცემებზე პასუხისმგებელი პირი, მაგრამ სასჯელაღსრულებას არ ჰყავს, რადგან სისტემა მთლიანად ჩაკეტილია, ასე უნდოდა სუბარს და დარბაისელს და მიაღწიეს კიდეც.
რეკავენ, ითხოვენ საჯარო ინფორმაციას, მაგრამ აქედან არაფერი არ გადის. კანონის დარღვევაა ეს და მეტი რაღა გითხრათ? ებღაუჭებიან პოსტებს, რომ როგორმე შეინარჩუნონ და ამის გამო ყველას და ყველაფერს კადრულობენ. ამიტომ ყველა თანამშრომელი ჩურჩულით ლაპარაკობს, ერთმანეთს არ ენდობიან, ამასთანავე 70 % მაგათი მოყვანილია. ზოგი ისე იღებს ხელფასს და თან იმხელას, სამსახურში გავლით რომ არიან. ყველაფერი დაბალ რგოლზე გადადის.
- რას აპირებენ თანამშრომლები?
- არ ვიცი. მოროშკინამაც თქვა, ევროკავშირს თავშესაფარს ვთხოვო. ეგ თუ მართლა წავიდა, ეს ხალხი უარესად დაგვაჯდება თავზე. სისტემა დაიხურა, მალე აქედან ჩიტიც კი ვერ გამოფრინდება, აღარც პატიმრების მშობლებს ექნებათ ინფორმაცია, მეტი რა არის რეჟიმი და დიქტატურა?
მარი კახიაშვილი