ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა დავით დარახველიძემ სამინისტრო ნეპოტიზმის ბუდედ აქცია.
როგორც ,,ნიუსპრესს“ სამინისტროს შიდა სტრუქტურაში ჩახედულმა წყარომ განუცხადა, მინისტრმა უწყებაში საკვანძო თანამდებობებზე მთლიანად თავისი კადრები მოიყვანა, რომლებთანაც ზოგთან ნათესაური, ზოგთან კი მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს.
წყარომ მოგვაწოდა აგრეთვე სია, თუ ვინ, სად და როდის დაასაქმა დარახველიძემ საკუთარ უწყებაში და ვისთან რა ნათესაური თუ მეგობრული დამოკიდებულება აქვს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანი, საკუთარი პოზიციების მნიშვნელობიდან გამომდინარე საკმაოდ სოლიდურ ანაზღაურებას იღებენ.
მაშ ასე, დარახველიძის „ოქროს სია“:
დავით დარახველიძის მეჯვარე და მეგობარი გედევან ლომიძე, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა.
ლომიძის მოადგილედ დარახველიძემ მისი მეგობარი კახა უშიკიშვილი დანიშნა, რომელიც კონტროლის პალატაში მასთან ერთად მუშაობდა. ამავე დეპარტამენტში მინისტრმა კონტროლის პალატიდან თავისი მეგობრები და ახლობლები მიიყვანა, იგივე დეპარტამენტში დაასაქმა ზურა იმერლიშვილი (მისი ძმაკაცი). იმერლიშვილის შვილი კი სამინისტროში დაასაქმა. აქვე დასაქმდა კონტროლის პალატიდან წამოყვანილი დარახველიძის მეგობარი და ძმაკაცი გიორგი გვალია.
გია კვანჭილაშვილი, ასევე დარახველიძის მეგობარი, შესყიდვების სამმართველოს უფროსად დანიშნა, თუმცა დაშვებული შეცდომების გამო დარახველიძე იძულებული გახდა ჩამოელაბორანტებინა. მინისტრმა არც კვანჭილაშვილის ოჯახის წევრები დატოვა უყურადღებოდ. მისი ძმიშვილი დევნილთა დეპარტამენტში დაასაქმა (დევნილთა რეგისტრაციაში), ხოლო თავად კვანჭილაშვილის ადგილი ასევე დარახველიძის კიდევ ერთმა მეგობარმა - გვარად გრიგალაშვილმა დაიკავა.
დარახველიძის მრჩევლად და მარჯვენა ხელად მისი ოჯახის ახლობელი თენგიზ გეწაძე დაინიშნა, რომელიც, როგორც ჩვენი წყარო ამბობს, სამსახურში მთვრალ მდგომარეობაშიც ხშირად უნახავთ. გეწაძეს კონფლიქტი მოუვიდა დარახველიძის მეგობრებთან კონტროლის პალატიდან, რომლებიც ამავე სამინისტროში მუშაობენ (უშიკიშვილი, გვალია, ლომიძე) და ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ გვალიას კაბინეტში საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე მივიდა, რის შემდეგაც გეწაძე სამსახურიდან გაუშვეს.
დარახველიძემ სამინისტროში დაასაქმა ასევე თავისი შვილის ძმაკაცი, ოჯახის ახლობელი ირაკლი სიჭინავა. მანვე სამინისტროში მოაწყო მისი ახლო ნათესავი სოფიო კერესელიძე, რომელიც რაჭიდან ჩამოიყვანა. გარდა ამისა, სამინისტროში დასაქმდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილის, მამუკა ცოტნიაშვილის მეუღლე მარეხ მთვარელიძე. მინისტრის მოადგილემ ნინო ჭავჭავაძემ კი, დევნილთა დეპარტამენტში თავისი შვილი დავით ჟღენტი დაასაქმა.
წყაროს ინფორმაციითვე, ჩამოთვლილის გარდა დარახველიძემ სამინისტროში დაბალ თანამდებობებზე თავისი არაერთი ნათესავი და ახლობელი დაასაქმა.
ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ დარახველიძემ უწყების საფინანსო დეპარტამენტი ასევე თავის მეგობარ -ამირან გოგიძეს ჩააბარა, რომელიც სახელმწიფო თანხების დატაცებისთვის არის გასამართლებული. მან კი სახელმწიფო თანხების დამტაცებელს ისევ სახელმწიფო თანხები - სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტი ჩააბარა.
მარი კახიაშვილი