ვიცე-პრემიერსა და ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძეს, საზოგადოება შეიძლება კარგ ენერგეტიკოსად არა, მაგრამ კარგ ფეხბურთელად და კარგ ქველმოქმედად ნამდვილად იცნობს.
უფრო მეტიც, ქვეყანაში ხელისუფლების ცვლის შემდეგ, რასაც, როგორც მოგეხსენებათ, კალაძის ჯერ გაენერგეტიკისმინისტრება, ხოლო შემდეგ გავიცეპრემიერება მოჰყვა, მილანის ყოფილმა ოთხმა ნომერმა განაცხადა, რომ მე ფინანსურად არ მიჭირს, ჩემს სამშობლოს უანგაროდ უნდა ვემსახურო და ხელფასს არ ავიღებო.
მაშინ, სხვათა შორის, საკუთარ ხელფასზე უარი თქვა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმაც.
მოგვიანებით კი, უფრო ზუსტად მიმდინარე წლის იანვრის თვეში, კახა კალაძემ ერთ-ერი ტელეკომპანიის ეთერით განაცხადა, რომ ის ხელფასს არ იღებს და ენერგეტიკის მინისტრის შრომის ანაზღაურება მთლიანად ქველმოქმედებას ხმარდება. ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებულს არც საკუთარ თავსა და ბიძინა ივანიშვილს შორის პარალელის გავლება დავიწყებია და აღნიშნა, რომ, სხვათა შორის, ზუსტად ასე იქცეოდა ბიძინა ივანიშვილიცო.
სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ კალაძეს, საქველმოქმედო აქტივობები ნამდვილად ახასიათებს და ინფორმაციაც იმის შესახებ, რომ ის ხელფასაც კი არ იღებს, დღემდე ნამდვილად სარწმუნო იყო, უფრო სწორად მანამ, სანამ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, მინისტრების მიერ აღებული პრემიების რაოდენობის შესახებ ინფორმაციას გამოაქვეყნებდა.
ამ ინფორმაციის თანახმად კი, კახა კალაძეს, მხოლოდ გასულ წელს, პრემიის სახით 47 685 ლარი აქვს აღებული.
საინტერესოა, რაში სჭირდებოდა ენერგეტიკის მინისტრს საკუთარი თავისთვის პრემიის გამოწერა იმ შემთხვევაში, როცა ის ხელფასსაც კი არ იღებს და აცხადებს, რომ ჩემს სამშობლოს უანგაროდ უნდა ვემსახუროო?
აქ ორი ვერსია შეიძლება წარმოიშვას: პირველის მიხედვით, კახა კალაძე საკუთარ თავს პრემიებს ისევ საქველმოქმედო მიზნით უწერდა და მეორე, - საქმე ელემენტარულ სიყალბესთან და უნიჭოდ გათვლილ პიართან გვაქვს.
თუ ვიცე-პრემიერი 48 ათასიან პრემიას საკურა თავს მხოლოდ იმის გამო უწერდა, რომ შემდეგ ეს თანხა საქველმოქმედო მიზნებისთვის დაეხარჯა და გაჭირვებულებისთვის დაერიგებინა, მაშინ ამ ფაქტს ოდნავი მორალური გამართლება მაინც აქვს, მაგრამ არსებობს სამართლებრივი მხარეც, რომელიც ცოტა არ იყოს ეჭვს ბადებს. ანუ ამ შემთხვევაში გამოდის, რომ კალაძემ საკუთარი თანამდებობით ისარგებლა. მარტივი მაგალითი წარმოვიდგინოთ: კახა კალაძეს მიაკითხა გაჭირვებულმა მოქალაქემ, რომელსაც მკურნალობა ესაჭიროება. ჩვენმა მინისტრმაც შეამოწმა თავისი სახელფასო ბარათის ბალანსი და აღმოაჩინა, რომ მიმდინარე თვის ხელფასი საქველმოქმედო მიზნებისთვის უკვე გაუხარჯავს, მაგრამ მანვე გამოსავალი უცებ იპოვნა, თავის თავს პრემია გამოუწერა და გაჭირვებულ მოქალაქეს გადასცა.
ყველანაირი დახმარება, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, მაგრამ ამ შემთხვევაში გამოდის, რომ კალაძე საქველმოქმედო საქმიანობას, საკუთარი თანამდებობის გამოყენებით, ბიუჯეტის ხარჯზე ეწევა.
საერთოდ კი, თუ საქველმოქმედო საქმიანობის გაწევა უნდა, მას ამის შესაძლებლობა ნამდვილად აქვს, თანაც ისე, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან პრემიები არ გამოიწეროს, რადგან მისმა შემოსავალმა მხოლოდ გასულ წელს, 2 762 000 ევრო შეადგინა. ასევე, მის საკუთრებაშია 4 ბინა, 3 საცხოვრებელი სახლი, 8 მიწის ნაკვეთი, ორი არასაცხოვრებელი ფართი, 15 ავტომობილი და 2 მოტო სატრანსპორტო საშუალება.
დამეთანხმებით, თუ ამ ქონების პატრონს, (რომელიც მან, სხვათა შორის, ნამდვილად საკუთარი შრომით შექმნა) ქველმოქმედების გაწევა სურს, საკუთარი თავისთვის ბიუჯეტიდან პრემიების გამოწერაზე აღარ უნდა დაწვრილმანდეს, რადგან სახელმწიფოს ხარჯზე ქველმოქმედება, ეს ყველაზე მარტივი მეთოდია და ეს მეთოდი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ უკვე აპრობირებული და გაცვეთილია.
რაც შეეხება მეორე ვარიანტს, რომ კალაძე საკუთარი ქველმოქმედების შესახებ მხოლოდ ლეგენდებს თხზავს და სინამდვილეში ის ისევე იღებს ხელფასებსა და პრემიებს ბიუჯეტიდან, როგორც სხვა ჩინოვნიკები, როგორც აღვნიშნეთ ეს სიყალბეა და სრული სიცხადით თავს ის საზოგადოების წინაშე ძალიან მალე იჩენს.
შეიძლება არსებობდეს მესამე ვარიანტიც და პრემია ვიცე-პრემიერის ინდივიდუალური სისუსტე იყოს, მაგრამ ამ ვერსიას არსებობის მცირე უფლება თუ გააჩნია.
მართალია, კახა კალაძე პრემირებულ მინისტრთა რეიტინგში მკვეთრად ჩამორჩება სიის სათავეში მყოფ ალასანიას, რომელმაც ამ გზით, მხოლოდ გასულ წელს 85 ათას ლარამდე მიიღო, მაგრამ ალასანიას არასდროს არ უთქვამს, რომ მის ჩინოვნიკურ შემოსავლებს ქველმოქმედებას მოახმარდა.
ზოგადად კი, პრემიები ნებისმიერ ცივილიზებულ და ნორმალურ ქვეყანაში დამსახურების მიხედვით გაიცემა, ხოლო რამდენად დაიმსახურა კახა კალაძემ ენერგეტიკის სექტორში მოღვაწეობით წელიწადში 48 ათასიანი წახალისება, ეს საზოგადოებამ განსაჯოს.
საზოგადოება განსჯის ასევე მის მიერ წამოწყებული დიდი ჰესების მშენებლობის ავკარგიანობასაც, რომელმაც თავისი გამაფრთხილებელი ნიშანი გასულ კვირაში უკვე მოგვცა.
დარიალის ხეობაში ჩამოწოლილი მეწყერი საზოგადოების დიდმა ნაწილმა იქ მიმდინარე ჰესის მშენებლობას დაუკავშირა, რომელსაც თავის დროზე გარემოს დამცველები მკვეთრად აპროტესტებდნენ.
ენერგეტიკის სამინისტრომ, ვარაუდი იმის შესახებ, რომ სტიქია ჰესის სამშენებლო სამუშაოებმა გამოიწვია, - ოპერატიულად უარყო და განაცხადა, რომ ეს მყინვარისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი მოვლენაა და მას ნაშალი მასა დაბლა პერიოდულად ჩამოაქვსო.
მოგეხსენებათ, დარიალის ხეობაში ჩამოწოლილი მეწყერის შემდეგ, მხოლოდ ბედნიერი შემთხვევის წყალობით გადარჩა ხეობაც და რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ქალაქი ვლადიკავკაზიც.
როცა სამინისტრო ჰესის მშენებლობასთან მეწყრული პროცესების კავშირს უარყოფს, ისმის ერთი კითხვა: მაშ რამ გამოიწვია მეწყერი, მაშინ როცა იმ დღეებში არც წვიმას და არც სეისმურ აქტივობებს ადგილი არ ჰქონია? ხომ არ გამოიწვია მთის მოწყვეტა იმ აფეთქებითმა სამუშაოებმა, რაც ადგილობრივი რელიეფიდან და გრუნტიდან გამომდინარე, იქ ჰესის მშენებლობის დროს აუცილებლად ექნებოდა ადგილი?
ერთი წუთითაც რომ წარმოვიდგინოთ, რომ მეწყრულ მოვლენებთან ჰესის სამშენებლო სამუშაოებს არავითარი კავშირი არ აქვს, რატომ არ იყო ჰესის დაპროექტებისას გათვალისწინებული ის ფაქტორი, რომ მყინვარს გარკვეული პერიოდულობით ნაშალი მასა დაბლა ჩამოაქვს? დღეს ამის შესახებ ენერგეტიკის სამინისტრო აქტიურად აცხადებს, მაგრამ საინტერესოა თუ იყო ეს რისკი გათვალისწინებული იმ პროექტში, რასაც დარიალჰესის პროექტი ჰქვია და თუ იყო, რატომ არ გატარდა ამ კუთხით პრევენციული ღონისძიებები ადგილზე მანამ, სანამ იქ სამშენებლო სამუშაოები მთელი ძალით გაიშლებოდა? ან არსებობს თუ არა გარანტია იმისა, რომ ჰესის აშენების შემდეგ, სტიქია ისევ არ განმეორდება და ობიექტზე დასაქმებულ ხალხს სიცოცხლეს წამებში არ მოუსწრაფებს?
ერთი წუთითაც რომ წარმოვიდგინოთ რა მოხდებოდა იქ ჰესი და წყალსაცავი რომ აშენებული ყოფილიყო, ალბათ წარმოსახვაშიც კი უმძიმეს სურათს დავხატავთ.
კახა კალაძემ კი, იმ არასამთავრობოებს, რომლებიც გიგანტური ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, თავის დროზე მოყიყინეები უწოდა. მთავარი კი ისაა, აიღებს თუ არა კახა კალაძე ან სახელმწიფო პასუხისმგებლობას იმ ჰესების უსაფრთხოებაზე, რომლებსაც ის აშენებს.
ასე, რომ ქვეყნის დღევანდელ რეალობაში და ამ შემთხვევაში, კონკრეტულად ენერგეტიკის სექტორში, სამწუხაროდ, სახეზეა იმ სენის სიმპტომები, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას ქრონიკულად სჭირდა, რასაც იაფფასიანი პიარი და დაუგეგმავ-გაუთვლელად დაწყებული მშენებლობები ერქვა.
გიორგი აბრამიშვილი