გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ საქართველოსა და მოლდოვას შესახებ ანალიტიკურ მასალას აქვეყნებს და ამ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებს აფასებს:
უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთი პოზიტიური შედეგი გახდა ევროკავშირის გაძლიერებული და დაჩქარებული მცდელობა გააღრმავოს ურთიერთობები სხვა ორ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკასთან: საქართველოსა და მოლდოვასთან. „ასოცირების ხელშეკრულების“ ხელმოწერა, რომლის ფარგლებში მოლდოვასა და საქართველოს ეხსნება სავაჭრო ბარიერები და სამოგზაურო შეზღუდვები, დაჩქარდა და ის ივნისში მოხდება. წესით, ეს კარგად აისახება ამ ქვეყნების ხელისუფლებების პოლიტიკურ მხარდაჭერაზე იმ მოქალაქეთა მხრიდან, ვისაც მოგზაურობა დასავლეთში ან მასთან ვაჭრობა სურს.
მოლდოვას და საქართველოს თითქმის ისევე სჭირდება ევროკავშირის დახმარება, როგორც უკრაინას. ორივე განიცდის მზარდ ზეწოლას მოსკოვიდან, რომელსაც სურს ჩაშალოს შეთანხმებები ევროკავშირთან და აიძულოს ეს ორი ქვეყანა მიუერთდნენ კრემლის მიერ კონტროლირებად „ევრაზიულ კავშირს“. საქართველოში რუსული ჯარები, რომლებიც ამ ქვეყნის 20 პროცენტის ოკუპაციას ახორციელებენ 2008 წლის თავდასხმის შემდეგ, აფართოებენ თავის პოზიციებს. დასავლელი ოფიციალური პირები შიშობენ, რომ ვლდიმირ პუტინმა შეიძლება ასევე გაგზავნოს ჯარები დნესტრისპირეთში - მოლდოვის სეპარატისტულ რეგიონში რომელიც ესაზღვრება უკრაინას, ან მოახდინოს ამ რეგიონის ანექსირება ყირიმის სტილში.
დასავლელმა მთავრობებმა კიდევ უფრო მეტი უნდა გააკეთონ ამ ქვეყნების დასახმარებლად. უფრო ძლიერი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ შეაკავებდა პუტინს დამატებითი აგრესიული ქმედებების განხორციელებისგან. მართალია ნატო-ს არ შეუძლია მათი დაცვა რუსეთის თავდასხმებისგან, მის ლიდერებს ის მაინც ძალუძთ, რომ თავი შეიკავონ უადგილო რიტორიკისაგან. პრეზიდენტ ობამას განცხადება წინა თვეს ბრიუსელში ვიზიტის დროს, რომ არ არსებობს „უშუალო გეგმები“ უკრაინის ან საქართველოს ნატო-ში მიღებასთან დაკავშირებით ალბათ მიზნად ისახავდა პუტინის დამშვიდებას, მაგრამ პრო-რუსულმა პოლიტიკოსებმა საქართველოში გამოიყენეს ეს, როგორც იმის მტკიცებულება, რომ ამ ქვეყანას დასავლეთის იმედი არ უნდა ჰქონდეს.
საბოლოო ჯამში, ქვეყნების ბედი დამოკიდებულია იმაზე, როგორ მოქმედებს მათივე ხელისუფლება. შედეგები ამ კუთხით შერეულია. მოლდოვას აქვს უმნიშვნელოვანესი არჩევნები შემოდგომაზე და პროდასავლური ხელისუფლება გამოკითხვების შედეგებით ჩამორჩება პრორუსულ კომუნისტურ პარტიას, რაც ნაწილობრივ გამოწვეულია იმ მძიმე რეფორმებით, რომლებიც მან განახორციელა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მისაღწევად. პროდასავლურმა ლიდერებმა მომდევნო თვეების განმავლობაში უნდა აუხსნან ამომრჩეველს, რომ მათ მიერ გაღებული მსხვერპლი საბოლოო ჯამში მათ მეტ კეთილდღეობას მოუტანს.
უფრო რთული პრობლემებია საქართველოში, სადაც 2012 წლის თავისუფალ არჩევნებზე არჩეული ხელისუფლება აგრძელებს კონტრპროდუქტიულ ომს მის წინამორბედთან. თებერვალში, ვაშინგტონში ვიზიტის დროს, პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ჰქონდა შეხვედრა პრეზიდენტ ობამასთან. მან მიიღო გაფრთხილება აღარ განახორციელოს მიხეილ სააკაშვილის ყოფილი ხელისუფლების პოლიტიკური დევნა. ამის მიუხედავად, 22 მარტს სააკაშვილი გამოძახებული იყო დაკითხვისთვის პროკურორის მიერ, რაც სისხლის სამართლებრივი დევნის ჩვეული პრელუდიაა. ამას წინ უძღოდა მისი ყოფილი პრემიერ-მინისტრის სისხლის სამართლებრივი დევნა და თბილისის მერის თანამდებობიდან გადაყენება.
სააკაშვილი, რომელიც შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, არ დაემორჩილა ამ გამოძახებას, ხოლო ობამას ადმინისტრაციამ მალევე გამოაქვეყნა განცხადება, რომელიც მოუწოდებს „საქართველოს ლიდერებს მიმართონ ქვეყნის ენერგია მომავლისაკენ“. თუ საქართველო აპირებს სვლას დასავლეთისკენ და არა მოსკოვისადმი დამორჩილებას, ხელისუფლებას მოუწევს ამ რჩევის მიღება.