კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის ყოფილმა თანამშრომელმა ოლეგ მელნიკოვმა გამოძიებასთან ითანამშრომლა.
როგორც „საღამოს გაზეთის“ წყარო ამბობს, მან ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე დათა ახალაიას წინააღმდეგ მისცა ჩვენება.
აღნიშნული საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების შემდეგ, პროკურატურას ერთით ნაკლები პირდაპირი მოწმე დარჩა, ამიტომ ამ დანაკლისის შევსება მელნიკოვს გარკვეული პირობის სანაცვლოდ სთხოვეს. კერძოდ, ამბობენ, რომ ახალაიას მამხილებელი ჩვენების სანაცვლოდ მელნიკოვს გირგვლიანის საქმეში ბრალის შემსუბუქებას დაჰპირდნენ.
ახალაიები კი, მელნიკოვზე განხორციელებულ ზეწოლაზე ისაუბრებენ. მათ სურთ საზოგადოება დაარწმუნონ, რომ თუ მელნიკოვი დათა ახალაიას წინააღმდეგ მისცემს ჩვენებას, ეს მხოლოდ მასზე და მის ოჯახზე განხორციელებული ზეწოლის შედეგი იქნება.
რამდენიმე დღის წინ ოლეგ მელნიკოვმა აცილება მისცა სამივე ადვოკატს, მათ შორის მალხაზ ველიჯანაშვილსაც, რომელიც ბაჩო ახალაიას ადვოკატიცაა. ახალაიები მომხდარსაც პროკურატურის მხრიდან პატიმარზე განხორციელებული ზეწოლით ხსნიან, თუმცა უფრო დამაჯერებელია რომ მელნიკოვმა ახალაიებთან დაახლოებული ადვოკატი მის მიერ მიცემული ჩვენების გამო ჩამოიცილა.
ცოტა ხნის წინ პრობლემა შეექმნა მელნიკოვის 80 წლის დედას მაგდანა ბერაძეს, რომელმაც შვილს ციხეში ამანათი მიუტანა. მას ასაკის გამო რიგში დგომა გაუჭირდა და მისთვის უცნობი ადამიანის რჩევას დაჰყვა: ამანათის ურიგოდ ჩაბარების სანაცვლოდ, კონტროლიორს 10 ლარი შესთავაზა და პატიმრობას მხოლოდ ასაკის გამო გადაურჩა.
სხვათაშორის, მელნიკოვის დედა ერთ დროს იარაღით მოვაჭრე ფირმის მეწილეც იყო, თუმცა ამას ფორმალური ხასიათი ჰქონდა და რეალურად წილი მის შვილს ეკუთვნოდა.
შპს „კავკასიონი“ პირველი ქართული ფირმა იყო, რომელსაც 90-იან წლებში საქართველოში ცეცხლსასროლი იარაღის ლეგალურად შემოტანა დაიწყო. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ფირმის მეპატრონემ ევგენი ხარბედიამ საქმიანობა გააჩერა. 2006 წელს კი, ბიზნესის განახლება სცადა, თუმცა ლიცენზიის მიღებაზე პრობლემები შეექმნა. ხარბედიას პირდაპირ მოთხოვეს ოლეგ მელნიკოვის წილში ჩასმა, რომელიც გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ სამსახურში ვეღარ ცხადდებოდა და დასაქმების პრობლემა ჰქონდა. ხარბედია იძულებული გახდა 25% წილი მელნიკოვის დედის მაგდანა ბერაძის სახელზე გაეფორმებინა, შპს „არსენალი +“-ს კი, რეალურად მელნიკოვი განაგებდა. ის მთელი დღის განმავლობაში ყველაფერს აკონტროლებდა. მიუხედავად იმისა, რომ სოდ-ში აღარ ცხადდებოდა, მისთვის ხელფასი ყოველთვე მიჰქონდათ.
მელნიკოვმა იმდენი მოახერხა, რომ „არსენალი +“-ის დირექტორს ვიქტორ სურგულაძეს, მისთვის მენეჯერის სტატუსი მიანიჭებინა, რაც შპს-ს სახელით სხვა ფირმებთან კონტრაქტის დადების უფლებას აძლევდა. იარაღის მწარმოებელ კომპანიებთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი ხარბედია იყო, რეალიზაცია კი, მელნიკოვს ევალებოდა.
შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროები „არსენალი +“ ის მსხვილი შემკვეთები გახდნენ, ამასობაში მელნიკოვმა ბიზნესის კეთება ისწავლა და 2008 წელს საკუთარი შპს "თრეიდ ალიანს გრუპი" დააარსა. მან კომპანიის მართვა "არსენალი+"-ის დირექტორ ვიქტორ სურგულაძეს ჩააბარა და 50% წილიც დაუთმო. სოდ-ის ყოფილმა თანამშრომელმა კონკურენტი ფირმის ბუღალტერი და მძღოლიც კი გადაიბირა და მათ საკუთარი ინტერესებისთვის იყენებდა. მოგვიანებით საკუთარი ფირმის დირექტორად მძღოლი დანიშნა, 100% წილი კი, მძღოლის ცოლზე ნინო ხარაძეზე გააფორმა. ევგენი ხარბედიამ და მისმა მეუღლემ 2009 წელს მელნიკოვის დედისთვის იძულებით დათმობილი წილი დაიბრუნეს, თუმცა საქმიანობის გაგრძელება ვეღარ შეძლეს, რადგან სოდ-ის ყოფილმა თანამშრომელმა „არსენალი +“ ფაქტობრივად გააკოტრა.
მელნიკოვისა და მისი თანამოაზრეების ფირმიდან გაშვების შემდეგ, ხარბედიამ აუდიტი მოიწვია, რომელმაც 868 000 ლარის ზარალი დაითვალა. როგორც არსებული დოკუმენტაციდან გაირკვა „არსენალი+“-ის დირექტორი მუდმივად გასცემდა ფირმის კუთვნილ თანხებს ვინმე „მასტერაზე“ იგივე გია დგებუაძეზე, რომელიც ფირმაში არ მუშაობდა და არც ხელფასი ეკუთვნოდა.
ფირმას საგადასახადო დავალიანებაც აღმოაჩნდა, დაახლოებით 400 ათასი ლარი, აღმოჩნდა, რომ ბუღალტერი წლების განმავლობაში გადასახადს არ იხდიდა. საგადასახადო სამსახურმა კი, ეს დანაკლისი მხოლოდ ფირმიდან მელნიკოვის წასვლის შემდეგ „აღმოაჩინა“.
„არსენალი+“-ის მეპატრონე სამი წლის განმავლობაში პროკურატურას ყოფილი დირექტორის ვიქტორ სურგულაძის მიმართ საქმის აღძვრას სთხოვდა, თუმცა მის დაკითხვასაც ვერ მიაღწია. გაჩნდა ეჭვი, რომ სურგულაძეს მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა მფარველობდა. დაზარალებულებმა 2012 წლის იანვარში მთავარი პროკურორისადმი მიწერილ წერილში, მელნიკოვის გვარი პირველად ახსენეს, ზოდელავა კი, მის მფარველობაში დაადანაშაულეს. წერილის გაგზავნიდან მოკლე ხანში ხარბედია მეუღლესთან ერთად დააპატიმრეს.
ოლეგ მელნიკოვი 2012 წლის დეკემბრამდე უკრაინაში ცხოვრობდა და საქართველოში თითქმის არ ჩამოდიოდა. მისი მეუღლე სვეტლანა ოვჩარენკო კი, თბილისში რამდენჯერმე იმყოფებოდა. როგორც ამბობენ, მის ინტერესს თბილისში უძრავი ქონების შეძენა წარმოადგენდა.
2013 წლის სექტემბერში უკრაინაში დაკავებული მელნიკოვი საქართველოში დააბრუნეს. ის თავიდანვე ზეწოლაზე ალაპარაკდა, თითქოს მის ცოლს, დედას და შვილს ემუქრებოდნენ. 14 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ რესტორან „ძველ სახლში“ მომხდარი ინცინდენტისთვის მელნიკოვს 3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა მას წინ აქვს ყველაზე მძიმე - გირგვლიანის პროცესი, რომლის განხილვაც ერთი თვის წინ დაიწყო. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, მელნიკოვი ამ საქმეს თავს მინიმალური სასჯელით დააღწევს, რადგან დათა ახალაიას მამხილებელი ჩვენებით პროკურატურას მან ფასდაუდებელი სამსახური გაუწია.
ირაკლი მურუსიძე