საქართველოს ბაზარზე არსებულ საკვებ პროდუქტთაგან, დიდი ნაწილი მინიმუმ იმ პროდუქტს არ შეიცავს რასაც უნდა შეიცავდეს,
მაქსიმუმ კი ის შეიძლება ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშიც კი აღმოჩნდეს.
რას უნდა დააკვირდეს მომხმარებელი, როცა პროდუქტს ყიდულობს? რატომ არ იღებს პარლამენტი კანონს, რომლის მიხედვითაც კუსტარული ნაწარმი გაკონტროლდება? რა საფრთხეს შეიცავს სახლში გაკეთებული პროდუქტები?
ამასთან დაკავშირებით მომხმარებელთა უფლების დაცვის კოორდინატორი ლია თოდუა „ნიუსპრესს“ ესაუბრა.
- ქალბატონო ლია, ძალიან ბევრი პასკა და კვერცხი შემოდის საზღვარგარეთიდან ამ პერიოდში, თუ გაქვთ შესწავლილი ბაზარი ამ თვალსაზისით?
-პასკები შემოწმებული არ გვაქვს, რადგან მზა ფორმით შემოდის და იმდენად რთული შესამოწმებელია, რომ არცერთი ლაბორატორია ამას არ მიიღებს. თუ პასკა უცხოეთიდან არის შემოტანილი, მას გამოშვების თარიღი უნდა ეწეროს და მომხმარებელმა თავად უნდა გააკეთოს არჩევანი როდინდელი პროდუქტი უნდა რომ შეიძინოს. თარიღი უნდა ეწეროს ყველა პროდუქტზე, მათ შორის საქართველოში დამზადებულზეც, რადგან აქაც შეიძლება შეინახონ პროდუქტი ორი და სამი თვე. შეფუთულ უცხოურ პასკებს, როგორც წესი აუცილებლად აწერია გამოშვების თარიღი და თუ არ აწერია, მას ან მალავენ, ან სპეციალურად ფუთავენ, ეს უკვე ფალსიფიკაციაა.
-ვადაგასული პასკის მიღების შემთხვევაში რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს ადამიანის ჯანმრთელობას?
-პროდუქტი ძველდება და ცხიმები დამჟავებას იწყებს. შესაძლებელია, რომ ორი და სამი თვე უსაფრთხოდ შეინახო პასკა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ მომხმარებელმა იცოდეს პროდუქტის ვადა. ეს მომხმარებლის უფლებაა და ეს უზრუნველყოფილი უნდა იქნას.
- რაც შეეხება კვერცხს, ბაზარზე რამდენიმე სახეობის კვერცხია წარმოდგენილი და ხშირად ის დაძველებით იყიდება ხოლმე, ამ შემთხვევაში რით ვზარალდებით?
-ამ შემთხვევაშიც მთავარი მოთხოვნაა, რომ თითოეულ კვერცხზე ვადა ეწეროს. საქართველოში კვერცხი ინახება 30 დღის განმავლობაში, ისიც მაშინ, თუ მაცივარშია მოთავსებული. მოვუწოდებ მომხმარებლებს, რომ ყველა კვერცხზე შეხედონ ვადას, რადგან სააღდგომოდ დიდია იმის შანსი, რომ კვერცხი ძველი იყოს. მე ექიმი არ ვარ და კონკრეტულად ვერ გეტყვით რას იწვევს დაძველებული კვერცხი, თუმცა ჯანმრთელობისთვის რომ საშიშია ცხადია.
- თქვენ ცოტა ხნის წინ მწვავედ ისაუბრეთ ხორცეულთან დაკავშირებით, თუ შეგიძლიათ დაგვისახელოთ რომელი სახის პროდუქციას გულისხმობთ და რამდენად საშიშია ჯანმრთელობისთვის?
_ ახალი ხორცი ძეხვს ყოველთვის ჯობია. ძეხვში ყოველთვის რაღაც კონსერვანტი ურევია, ისე ძეხვი არ შეინახება. მოხარშული ძეხვები უფრო დიდი საშიშროებაა, რადგან ხშირად მას მაღაზიები აფასოებენ და ძალიან მალე ფუჭდება. ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი საჩივარი იყო, რადგან მაღაზიის ძეხვი გადაფასოებული იყო და მათში მიკრობიოლოგიური დაბინძურებაც კი აღმოუჩენიათ. ფასიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, როცა ძეხვი ძალიან იაფი ღირს არ უნდა ველოდოთ რომ მასში კარგი ხორცი იქნება, მასში იქნება ბევრი კრახმალი, ხორცის ნარჩენები, სოიო და ა.შ. სამწუხაროდ ძეხვის სიძვირე არ მეტყველებს მის სიკარგეზე, მაგრამ სიიაფე ცუდის გარანტია ნამდვილად არის.
-მართალია, რომ ამბობენ, რომ ტუალეტის ქაღალდიც ურევიაო?
_ არა, ალბათ გულისხმობენ ცელულოზას, ეს შეიძლება ემატებოდეს და არა ტუალეტის ქაღალდი.
- რას იწვევს ადამიანის ორგანიზმში ასეთი არასრულფასოვანი ძეხვის მიღება?
- მიკრობიოლოგიურად დაბინძურებული ნებისმიერი პროდუქტი იწვევს სხვადასხვა დაავადებებს. ეს შეიძლება იყოს გულისრევა და ფაღარათი, დაბინძურებული პროდუქტით შეიძლება ინფექციური დაავადებიც გადავიდეს. ძეხვზე მეტად საფრთხილო არის ფარში და ნახევარფაბრიკატები, რომლებიც თუ არასათანადო ტემპერატურაზე ორ დღეზე მეტხანს ინახება, უკვე საშიშია. თუ გაყინულია და არც ერთხელ არ გამდნარა, იმათ აწერიათ შენახვის ვადა, რომელიც მაქსიმუმ ერთი კვირა შეიძლება იყოს. სამწუხაროდ ხშირად ასეთი პროდუქტების შესაბამის პირობებში შენახვა არ ხდება. ფარშის შეზავებაც ასევე სოიოთი და სახამებლით ხდება. მომხმარებელს შეიძლება ვურჩიოთ, რომ ფარშის ყიდვას ურჩევნია ხორცი იყიდოს და იქვე გაატარებინოს, ან სახლში გაატაროს და თვითონ გარეცხოს.
-ადამიანი, რომელიც ასეთ პროდუქციას უშვებს გაყიდვაში, რა მოტივაცია აქვს, რატომ წამლავს ხალხს?
_ სახამებელი საწამლავი არ არის, მაგრამ ეს არის ტყუილი, როცა ხორცის მაგივრად მომხმარებელს სახამებელს აწვდი. ფაქტობრივად კისელს აჭმევ. ეს არის ჩვეულებრივი მოგების სურვილი, შეიძლება ამის მიღმა ბოროტი განძრახვა არც იყოს. ეს იაფიანი საქონელიც დაიშვას, რადგან ბევრ ადამიანს უჭირს და ყიდულობენ, მაგრამ მომხმარებელს არჩევანის უფლება უნდა ჰქონდეს, რომ რომელიც უნდა ის შეარჩიოს.
-კუსტარული და სახლში დამზადებული პროდუქტების გაყიდვაში ჩაშვების შესახებ კანონმა 2020 წლამდე გადაიწია. რა მიზეზი აქვს ამას?
-მიზეზი სოციალური ფონია. ამავე დროს ამბობენ, როგორ უნდა შემოწმდესო, ეს შეუძლებელიაო. ჩვენ უბრალოდ ელემენტარულ ჰიგიენის დაცვაზე გვქონდა საუბარი, რომ იცოდნენ რა ევალებათ. ძალიან საშიშია, განსაკუთრებით იმერული ყველი, ქვეყანაში ბრუცელოზია გავრცელებული და არ არის გამორიცხული ყველი ბრუცელოზით დაავადებული ძროხის რძისგან იყოს დამზადებული, ხშირად კი ბრუცელოზი ყველით გადადის. ახლა ცდილობენ, რომ მთლიანად საქონელი აცრან და მოაშორონ ქვეყანას ეს დაავადება, იმედია გამოვა, თუმცა სხვა დაავადებები კვლავ დარჩება. ელემენტარულად ჰიგიენის პრობლემები რჩება. ჩვენ გვახსოვს, რომ ბავშვები ყველისგან დეზინტერიით დაავადდნენ. ამ ყველის გამკეთებელს ან თვითონ სჭირდა დეზინტერია ან იმ წყლებს იყენებდა, რომელიც მიწისქვეშაა და რომელშიც შეიძლება დეზინტერიის ჩხირი იყოს. საშიშროება ძალიან დიდია, სამწუხაროდ ვერ დავარწმუნეთ პარლამენტი და ვცდილობთ ჩვენი გზებით გავაძლიეროთ კონტროლი, რადგან მთავრობა ამ სეგმენტის კონტროლს არ აპირებს. ამას ჩვენს თავზე ვიღებთ, რა თქმა უნდა, ყველას ვერ გავაკონტროლებთ, მაგრამ ცოტას მაინც მოვახერხებთ, რომ ჰიგიენა დაცული იყოს.
მარი კახიაშვილი
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“